1783014333

თემურ უგულავას ურბანული მემკვიდრეობა

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ყველა ქალაქშია ისეთი ადგილები, რომლებიც დროთა განმავლობაში მის სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე. გარკვეული პერიოდულობით გაჩენილ ახალ სივრცეებში ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, მუშაობენ, ერთობიან, ქმნიან ღირებულებებს…

თბილისში ასეთ ადგილებს შორის უკვე წლებია ხვდება „ფაბრიკა“, „რუმსი“, „სტამბა“, „ლოლიტა“, „რადიოქალაქი“... ეს პროექტები თანამედროვე თბილისის იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ყველა მათგანი ერთმა ადამიანმა შექმნა, ადამიანმა, რომლის სახელიც გასულ კვირას ყველაზე ხშირად ისმოდა.

„აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი, თემურ უგულავა 56 წლის ასაკში მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა დატოვა თბილისისთვის და ადამიანებისთვის ღირებული მემკვიდრეობა. მასზე ბევრი ითქვა, მეგობრებსა და ახლობლებზე რომ არაფერი ვთქვათ, თითო ისტორია ისეთ ადამიანებსაც კი აქვთ, ვისაც ბიზნესმენთან დიდი კავშირი სულ არ ჰქონიათ. ჩვენ მასზე ამბებს არ მოგიყვებით, იმდენი ითქვა, საამისოდ ჩვენთვის სივრცეც კი აღარ დარჩა, მაგრამ შევეცდებით, ის მაინც დაგანახოთ რა დაუტოვა თბილისს…

„აჭარა ჯგუფის“ პორტფოლიოში შემავალი თითოეული შენობა განსაკუთრებულია, რაღაცნაირად გამორჩეული და „სხვანაირი“. ყველა პროექტი წლების განმავლობაში მიტოვებული ქარხნები, საწარმოები და შენობები იყო ქალაქის ინდუსტრიული წარსულის მძიმე ნაიარევით, დიდი ხნის წინ ფუნქციადაკარგული და გამოშიგნული. ზუსტად ამ ერთი შეხედვით უიმედო ადგილებში დაინახა თემურ უგულავამ შესაძლებლობა და ქალაქში ბრაუნფილდები (მაშინ როცა ეს სიტყვა უმრავლესობამ არც კი იცოდა) თბილისის ახალი ურბანული სიცოცხლის რესურსად აქცია. მან აჩვენა, რომ მიტოვებულ სივრცეებსაც შეუძლიათ ქალაქის განვითარება და მიზიდულობის ცენტრად ქცევა, მთავარია იდეა და ამ იდეის რეალობად ქცევა.

გაუგებარი რომ არ დარჩეს მაინც ავხსნით, რომ ბრაუნფილდებს უწოდებენ იმ მიტოვებულ ან არასრულად გამოყენებულ ინდუსტრიულ თუ კომერციულ ტერიტორიებს, რომლებმაც თავდაპირველი ფუნქცია დაკარგეს, თუმცა აქვთ განვითარებისა და ახალი სიცოცხლის შესაძლებლობა. ასეთი სივრცეები ურბანული განახლების მთავარ რესურსად მსოფლიოს არაერთ ქალაქში აღიარეს. მათი დემონტაჟისა და თავიდან აშენების ნაცვლად, სულ უფრო ხშირად ადაპტაციურ რეაბილიტაციას ირჩევენ ანუ მიდგომას, როდესაც ისტორიულ არქიტექტურას ინარჩუნებენ და შენობებს სრულიად ახალ ფუნქციას ანიჭებენ.

თემურ უგულავამ თავის ჯგუფთან ერთად ზუსტად დაინახა პოტენციალი რომელ შენობებს ჰქონდა და ამ შენობებზე ისტორიული მეხსიერება ისე შეინარჩუნეს, რომ არცერთი ამ პროექტის განახლებას არც საზოგადოების კრიტიკა მოჰყოლია და არც პროტესტი. გარდა ამისა, თითოეული პროექტი მდგრადი განვითარების ღირებულებასაც ატარებს, რადგან ასეთ დროს სამშენებლო ნარჩენები შემცირებულია, დაზოგილია რესურსები, გამორჩეული დიზიანით კი იქმნება ადგილები, სადაც სტუმრობა ყველას უხარია და სადაც ნებისმიერ სტუმარს სიამაყით ეპატიჟები.

თემურ უგულავასა და „აჭარა ჯგუფის“ ურბანული პროექტები

„აჭარა ჯგუფის“ პირველი პროექტი თბილისში Holiday Inn იყო. 2010 წელს კომპანიამ მუშაობა საერთაშორისო ფრანშიზის მართვით დაიწყო. პირველი პროექტიც ძველის განახლება იყო და განხორციელებულ პროექტებს თუ გადავხედავთ ამ გზისთვის მას არც არასოდეს გადაუხვევია, ეს დარჩა ბრენდის იდენტობის ნაწილად.

1970-იან წლებში აშენებული სასტუმრო „აჭარას“ შემთხვევაში შენობის ორიგინალური სტრუქტურის დიდი ნაწილი შენარჩუნდა, თუმცა თანამედროვე სივრცედ იქცა და საერთაშორისო ბრენდისთვის დიზაინისა და კონცეფციის მანამდე არსებული ჩარჩოები შეცვალა. აქ მოსულ სტუმარს ვიტრაჟული ფანჯრები, უხვი ბუნებრივი განათება და უმაღლესი კლასის სერვისები (მათ შორის სპა, სპორტული დარბაზი და ღია აუზი) ხვდება. 270 ნომერიან სასტუმროში სტანდარტული, ბიზნეს და ბიზნეს-ლუქსის კატეგორიის ნომრებია და უკვე 16 წელია უცვლელად რჩება ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციების რჩეულ ადგილად.

მოგვიანებით, 2012 წელს, როცა ჯერ კიდევ ბევრი ვერ ხედავდა რეგიონების პოტენციალს, „აჭარა ჯგუფმა“ ბრაუნფილდების განახლების ისტორია ყაზბეგში დაიწყო და გაჩნდა Rooms Kazbegi. შენობა, რომელიც კონკრეტული ლოკაციისთვის შესაფერისი ექსტერიერით და ინტერიერით არის უბრალოც და გრანდიოზულიც, რომელმაც ყაზბეგის ბუნებას, სუნთქვისშემკვრელ მთებს არა თუ დაუკარგა ავთენტიკურობა, არამედ საოცრად შეერწყა და და იქცა განსაკუთრებულ ადგილად ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც.

ამ პირველი პროექტით იქცა ROOMS-ი ქართული „ლაიფსტაილ-სასტუმროების“ ნოვატორ ბრენდად. ის ქვეყნის ოთხ გამორჩეულ ლოკაციას აერთიანებს — დინამიკური თბილისიდან ბათუმის თვალწარმტაც ზღვისპირეთამდე. თითოეული სასტუმრო უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს სტუმარს. ბრენდის ყველა სასტუმრო წარმოაჩენს ეროვნულ ისტორიას, კულინარიულ ტრადიციებს და საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტსა და უცხოელ სტუმრებს ქართულ კულტურას აცნობს.

მე-20 საუკუნის ყოფილი საგამომცემლო სახლის კომპლექსში 2014 წელს გახსნილმა „რუმსმა“ ახალი სიცოცხლე შთაბერა ვერის ბოჰემურ უბანს და თავისი უნიკალური, დიზაინზე ორიენტირებული კონცეფციით, უამრავი ადამიანი მიიზიდა. 122 ელეგანტური ნომერი თავისი სხვა ინფრასტრუქტურით ხუთ სართულზე, ცხრა სხვადასხვა კატეგორიადაა გადანაწილებული. ცალკე ფილოსოფიაა შიდა ეზო თავისი უამრავი შეთავაზებებით მყუდრო ყავის კუთხით დაწყებული, კოქტეილების ხმაურიანი სივრცეებით დამთავრებული. ამ პროექტმა აჩვენა, რომ ნიუ-იორკული „ლოფტის“ სტილისა და ქართული ხასიათის სინთეზმა გაამართლა.

იქვე, სასტუმროს მოპირდაპირედ, თბილისის ისტორიულ უბანში, მე-19 საუკუნის მომაჯადოებელ შენობაში 2016 წელს განთავსებული Lolita თანამედროვე საერთაშორისო სამზარეულოს ეპიცენტრად იქცა. ღია სამზარეულოთი მოწყობილი ურბანული გარე სივრცე ცოცხალ სოციალურ გარემოს ქმნის, ზამთრის ცივ დღეებში კი მყუდრო და მიმზიდველი ინტერიერი ბევრისთვის იქცევა ხოლმე თბილ თავშესაფრად.

ცოცხალი ეკოსისტემის შექმნა გაგრძელდა იქვე, „რუმსის“ მომიჯნავედ. საბჭოთა ეპოქის ყოფილ, რეაბილიტირებულ საგამომცემლო სახლში განთავსებული „სტამბა“ აერთიანებს ისტორიასაც და თანამედროვეობასაც. Stamba Hotel სპეციალურად ისე დაპროექტდა, რომ ხაზი გაესვა მე-20 საუკუნის საგამომცემლო სახლის ინდუსტრიული დიდებულებისთვის და ხელოვნებად ექცია ეს მემკვიდრეობა. მისი ბრუტალისტური სტრუქტურა ნოსტალგიურ დეტალებთანაა შეხამებული, თანამედროვე ელემენტებს კი სივრცეში დახვეწილი შტრიხები შეაქვს. სასტუმროში უამრავი საზოგადოებრივი სივრცეა, სადაც ხშირი მწვანე მცენარეები, ნატურალური ხის თბილი ელემენტები და წითელი თუ ვარდისფერი ფერების მდიდარი აქცენტებია.

2023 წელს აქვე გაიხსნა D Block — საერთო სამუშაო სივრცეების ქსელი, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ხელი შეუწყოს სინერგიას შემოქმედებით ინდუსტრიებს, სტარტაპებსა და ნოვატორებს შორის, რისთვისაც მათ ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებულ, კომფორტულ და მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს. D Block დაპროექტებულია სამუშაო ზონებით და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ „ნეთვორქინგისთვის“ საოცარი ლოკაციებით. აქვეა ბიბლიოთეკა 20 000-ზე მეტი წიგნით. ქსელში არის ხმის იზოლაცია, უახლესი ტექნოლოგიური სისტემები, კომფორტული და მიმზიდველი ავეჯი და საგანგებოდ შერჩეული განათება.

ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ 2016 წლიდან დინამიკურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. „ფაბრიკა“ ის ადგილია, სადაც ტურიზმმა და ადგილობრივმა მცირე ბიზნესმა ერთად იპოვა ადგილი და გამოაცოცხლა მთელი უბანი. სივრცე აერთიანებს ურბანული სტილის კაფეებსა და ბარებს, არტ-სტუდიებსა და მაღაზიებს, საგანმანათლებლო სივრცეებს, აქტიურ საერთო სამუშაო პლატფორმას და რეგიონში ყველაზე დიდ ჰოსტელს მრავალფეროვანი არჩევანით.

2024 წელი. თბილისის გარეუბანში, გლდანისა და მუხიანის დასახლებების გასაყარზე მდებარე „რადიოქალაქი“ (Radio City) გაიხსნა. ის მიზნად ისახავდა და შეძლო კიდეც შემოქმედებითი ადამიანების, ინოვატორებისა და ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის უნიკალურ ცენტრად ჩამოყალიბება ქალაქის გარეუბანში. აქვეა Diner at Radio City, რომელიც ახალგაზდებისთვის და ოჯახებისთვის სწრაფად იქცა თბილისის გლდანი-მუხიანის რაიონის ახალ, პოპულარულ თავშეყრის ადგილად, რომელიც მათ ცოცხალ და ენერგიულ სივრცეს სთავაზობს.

აუცილებლად უნდა ითქვას კიდევ ერთ პროექტზე. 2012 წელს შავი ზღვის სანაპიროზე, ციხისძირის სუბტროპიკულ ტყეში ჩაფლული „შუქურა“ ხელუხლებელ ბუნებაში მოგზაურობას ჰგავს. ამ პროექტზე ბევრი არც თავად მსმენია რამე, თუმცა ბრენდის პორტფოლიოში ნათქვამია, რომ ტროპიკულ ფერებსა და უსასრულო ხედებში ჩაფლული მე-19 საუკუნის სანატორიუმის ნაშთებს „აჭარა ჯგუფმა“ ერთდროულად პირველყოფილი სახეც შეუნარჩუნა და დახვეწილი თანამედროვე იერიც შემატა. „შუქურა“ აერთიანებს რესტორანს, ბარს, საცურაო აუზსა და საზოგადოებრივ დასასვენებელ ზონას, საიდანაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელია მოწყობილი. სანაპირო ზოლზე, სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით კი „შუქურას ბარი“ იშლება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ზღვასა და გარემომცველ ბუნებას.

ჯანსაღი ცხოვრების კონცეფცია

ჯგუფს ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც სპორტული ცხოვრება. Gym Breeze-ს თავად „აჭარა ჯგუფის“ შეფასებით არის ექსპერიმენტული ბრენდი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დასვენების კონცეფციებს აერთიანებს. მისი მიზანია შექმნას სივრცე აქტიური რელაქსაციისთვის, ხელი შეუწყოს ჯანსაღ, გასართობ აქტივობებს. Gym Breeze-ი ახალგაზრდებისთვის საყვარელ პადელის კორტებს თბილისის ორ ლოკაციაზე სთავაზობს. სამომავლოდ ბრენდი გეგმავს სპორტული მიმართულებების გაფართოებას, ღია სავარჯიშო დარბაზისა და პარკის დამატებას, რაც სტუმრებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, დარჩნენ აქტიურები ამ ცოცხალ, საზოგადოებრივ ენერგიით სავსე გარემოში.

„უდაბნოს“ რეგენერაციული ინიციატივა

ჯგუფის და არა მხოლოდ მათი საამაყო პროექტია 2016 წელს კახეთის ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე ათიათასობით ნუშის ხის ახალ სახლად ქცევა. ხეების ზრდასთან ერთად, როდესაც გამოფიტული ნიადაგი აყვავებულ ბაღებად გარდაიქმნა, ნათელი გახდა, რომ რეგიონში აგროკულტურული პროგრესის სრულიად ახალი ფურცელი იწერებოდა. ამ ტრანსფორმაციამ დასაბამი მისცა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან რეგენერაციულ 20 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე გადაჭიმულ „უდაბნოს“ პროექტს.

„აჭარა ჯგუფი“ ამბობს, რომ ეს არის ევროპაში ყველაზე მასშტაბური რეგენერაციული ინიციატივა. აქ არის ნუშის უსასრულო ბაღები, ვენახები, ზეთისხილის წრიული პლანტაციები, ქათმების მობილური ფერმები და თავისუფლად მობალახე პირუტყვი. ფერმის ცხოველები მთელი წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებიან ნუშის ბაღებში, იკვებებიან ნატურალური საკვებით, ანოყიერებენ ნიადაგს და აუმჯობესებენ მიწის საერთო მდგომარეობას. ამ ეკოსისტემას აგვირგვინებს რეგიონში პირველი ნუშის გადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფს სრულ ციკლს ნუშის გარჩევის პროცესიდან დაწყებული, ზეთისა და ფქვილის გამოხდით დასრულებული.

უდაბნოს პროექტის გაგრძელებაა „უდაბნოს ქარავანი“, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მათ, ვინც სიმარტივესა და ბუნებასთან პირისპირ დარჩენას ეძებს. „უდაბნოს“ ვრცელ, იდუმალ ლანდშაფტში განთავსებული ქარავნები სტუმრებს ეპატიჟება თავშესაფარში. ეს არის მინიმალისტური დიზაინის თავშესაფარი და გარემოსთან კავშირი.

თემურ უგულავას საქმიანობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებითა და შენობების განახლებით არასდროს შემოიფარგლებოდა. თუ მის ხედვას და პროექტებს დავაკვირდებით, თანამედროვე ქალაქი მხოლოდ გრანდიოზული პროექტები და ნაგებობებიც კი არ არის. მისი აღქმით, ურბანულ გარემოს ხარისხს განსაზღვრავს გარემოც და ნოვაციაც, მრავალფეროვნებაც და სერვისებზე ხელმისაწვდომობაც. ამ მიდგომას უკავშირდება ქვეყანაში სკუტერების გაქირავების პოპულარული აპლიკაციის დანერგვა. კომპანია „სქროლი“ 2020 წელს დაფუძნდა და მომხმარებლებს შესთავაზა ურბანული მობილობის, ტრანსპორტირების ალტერნატიული და ეკოლოგიურად სუფთა საშუალება, რომელიც, ფაქტია, ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თემურ უგულავასა და „აჭარა ჯგუფის“ მთელი ეს ისტორია არ არის მხოლოდ წარმატებული ბიზნესპროექტები. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხედვამ შეცვალოს ქალაქის ურბანული განვითარება. ძველი საგამომცემლო სახლების, მიტოვებული სამკერვალო ფაბრიკებისა და უდაბნოდ ქცეული მიწების გაცოცხლებით, მან დაამტკიცა, რომ განვითარება წარსულის ნგრევას კი არა, მის ხელახლა აღმოჩენას ეფუძნება. თემურ უგულავა აღარ არის, თუმცა მის მიერ შექმნილი სივრცეები თანამედროვე თბილისის ისტორიას მომავალშიც დაწერს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები