1787323680
თბილისი, საქართველო — თბილისის არქიტექტურის ფორუმი (TAF) 2026 გაიმართება 2026 წლის 18–20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებს, დიზაინერებს, ურბანისტებს, მკვლევრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
წლევანდელი თემა — Places in Transition (გარდამავალი სივრცეები) — იკვლევს, თუ როგორ გარდაიქმნება ჩვენი ქალაქები, ლანდშაფტები და საზოგადოებები. სივრცეები არასოდეს არის სტატიკური. ისინი მუდმივად იცვლება სოციალური პროცესების, ტექნოლოგიური პროგრესის, კლიმატური გამოწვევების, იდენტობის ტრანსფორმაციის, კონფლიქტების, განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის გადააზრების შედეგად.
ფორუმი გვთავაზობს არქიტექტურაზე ფიქრს არა მხოლოდ ახალი სივრცეების შექმნის, არამედ უკვე არსებულის ადაპტაციის, შენარჩუნების, აღდგენისა და ახალი მნიშვნელობებით გამდიდრების კონტექსტში. TAF 2026 ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტორებს, დიზაინერებს, ურბანისტებს, მკვლევრებს, კულტურის ინსტიტუტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ იცვლება ჩვენი აშენებული გარემო და როგორ შეიძლება ამ ცვლილებების პასუხისმგებლიანად მართვა.

წლევანდელი ფორუმის საერთაშორისო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორებსა და კრეატიულ მოაზროვნეებს გააერთიანებს. მათ შორის არიან: ბობ ალისი (Allies and Morrison, დიდი ბრიტანეთი), კევეჰ დაბირი (OMA, როტერდამი/ლონდონი), ვალენტინა ჩიუფი (Alcova, იტალია), ჯოზეფ გრიმა (Alcova, იტალია), ლუკა ბუსოლინო (Carlo Ratti Associati, იტალია), ამინ ტაჰა (Groupwork, დიდი ბრიტანეთი), ვეი იაპი (Wei Yap Architects, ავსტრალია/საქართველო), მაიკლ გრეფი (LAND srl, ავსტრია/იტალია), ბორხა ფერატერი (OAB–ELIA, ესპანეთი), ადა ივარს ბრავო (MYAA, ესპანეთი/დიდი ბრიტანეთი), ევგენია პოზიგუნი (MYAA, ესპანეთი), მარსელინა ჟელინსკა (Chapman Taylor, დიდი ბრიტანეთი), ჯეკ ტეილორი (A for Architecture, დიდი ბრიტანეთი), დარენ კომბერი (ScotBrownrigg / Rooms Hotels, დიდი ბრიტანეთი), ჟოან ჟენერ გონსალესი (H3O, ესპანეთი), პაბლო სენატი (Bofill, ესპანეთი), ჰაიკ შაჰინიანი და აშოტ სნხჩიანი (LFA, სომხეთი). სპიკერების სია ეტაპობრივად კიდევ შეივსება.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს:
18 სექტემბერი — გახსნის დღე, რომლის მასპინძლები იქნებიან Rooms Hotel Tbilisi და Stamba Hotel. დღე დაეთმობა გაცნობით ღონისძიებებს, ინტერაქციულ შეხვედრებს, ვორქშოფებსა და პროფესიულ ქსელურ ურთიერთობებს.
19 სექტემბერი — ფორუმის მთავარი საკონფერენციო დღე გაიმართება Expo Georgia-ში, სადაც ჩატარდება მთავარი მოხსენებები, პანელური დისკუსიები და თემატური საუბრები Places in Transition-ის ირგვლივ.
20 სექტემბერი — მონაწილეები სპეციალურად ორგანიზებული არქიტექტურული ტურებისა და ექსკლუზიური ვიზიტების ფარგლებში აღმოაჩენენ თბილისისა და საქართველოს არქიტექტურულ და ურბანულ მემკვიდრეობას.
ფორუმის პარალელურად, Georgian Objects-თან კოლაბორაციით, Expo Georgia-ის პავილიონში სამი დღის განმავლობაში გაიმართება ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი დიზაინერების უნიკალური ავეჯი, განათება და დიზაინერული პროდუქცია. გამოფენა ღია და უფასო იქნება ფართო საზოგადოებისთვის.
როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არქიტექტურული პლატფორმა, თბილისის არქიტექტურის ფორუმი აგრძელებს პროფესიული დიალოგის, ცოდნის გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, რითაც თბილისს მსოფლიო არქიტექტურული დისკუსიის მნიშვნელოვან ცენტრად ამკვიდრებს.
დამფუძნებელი პარტნიორი: Cityzen
ოქროს პარტნიორები: დიდი ბრიტანეთის საელჩო |LAKE | Domus
ვერცხლის პარტნიორები: Building Solutions | Hanivel | Anagi | Adjaragroup
სტუდიო პარტნიორები: Render.ge | Studio9
Early Bird ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, სრული პროგრამისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ TAF-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://taf.com.ge/.
1786037882
1784988799
1785169059
1787323680