1769609622
ავტორი
ნინი მეტრეველი
როგორც წესი, ბაზარი ევროპულ ქალაქებში მხოლოდ პროდუქტების შეძენას არ უკავშირდება. უმეტესად განთავსებულია ცენტრალურ უბანში და ადგილობრივებისთვის კულტურულ, არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებასაც წარმოადგენს ხოლმე. ასეთი ბაზრები ერთნაირად იზიდავს ტურისტებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. მიზეზი კი მარტივია — ევროპულ ქალაქებში არსებულ ისტორიულ ბაზრებში შეხვდებით ხორცეულის, თევზეულისა თუ ხილ-ბოსტნეულის დახლებს, ყვავილებს, ყავას, რძის პროდუქტებს, სუვენირებს და, რა თქმა უნდა, კაფეებს, სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. ეს ყველაფერი კი პრაქტიკულ სივრცესთან ერთად საინტერესო გამოცდილებაცაა.

ლონდონი - Borough Market
ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ლონდონის ბაზარი, დაახლოებით 1000 წლისაა. თუმცა 1850 წელს შენობა განაახლეს და ვიზუალურად მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1930-იან წლებში კი საბოლოო სახე მიიღო. მას შემდეგ, ძველ შენობას რესტავრაცია მხოლოდ არსებული ფასადის შესანარჩუნებლად უტარდება. მაგრამ ბაზარი წლების განმავლობაში ფართოვდებოდა და მიმდებარე ტერიტორიებსაც ითვისებდა. Borough Market მოქმედი სავაჭრო ობიექტია, უმეტესად, სურსათის მიმართულებით. როგორც ცნობილია, მკაცრად იცავენ სანიტარიულ ნორმებს, რაც ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია. ტურისტებისთვის კი ეს ობიექტი ისტორიული ფაქტორიდან გამომდინარეც საინტერესოა.


ბარსელონა - La Boqueria
ლონდონის ბაზარს სიძველით არც ბარსელონას ისტორიული ბაზარი ჩამოუვარდება. აქაურობა მე-13 საუკუნით თარიღდება და მიიჩნევა, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესია. როგორც ბევრი სხვა, La Boqueria-ც კულტურულ ცენტრადაა მიჩნეული და ეს ვიზუალურადაც თვალსაჩინოა. ფერადი სანელებლები, ზღვის პროდუქტები და ყვავილები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან არტ-ნუვოს სტილის რკინისა და შუშის კონსტრუქციაშია განლაგებული. სივრცეში ყოველთვის ხალხმრავლობაა და ადგილობრივების გარდა, იქაურობას ტურისტები გიდების თანხლებითაც სტუმრობენ.


ვენა - Naschmarkt
ქალაქის ცენტრში, თითქმის 2 კილომეტრზე გადაჭიმული ვენის ბაზარი, ანუ Naschmarkt მე-16 საუკუნიდან მოქმედებს. ავსტრიელებისთვის დამახასიათებელი მოწესრიგებული დახლები და ადგილობრივი პროდუქცია ყურადღებას ნამდვილად იქცევს. სურსათის გარდა, აქ შეხვდებით კაფეებს, ყვავილების დახლებს და კერძების მრავალფეროვან არჩევანს — შნიცელიდან სუშიმდე. საინტერესოა ისიც, რომ შაბათობით ამ სივრცეში ე. წ. Flea Market ეწყობა.

როტერდამი - Markthal
ძველი ბაზრებისგან განსხვავებით, როტერდამის ბაზარი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ევროპული სავაჭრო სივრცეების მოდერნიზება კულტურული დატვირთვის შენარჩუნებით. ნალის ფორმის თანამედროვე დიზაინის შენობა 2014 წელს გაიხსნა და 100-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. ამავე სივრცეში ტრადიციული ბაზრისა და დახლების ზემოთ ოფისები, ქვემოთ კი არქეოლოგიური მუზეუმია.


მადრიდი - Mercado de San Miguel
სან მიგელი ბაზრის კონცეფციას სრულად არ ასახავს, თუმცა ამ ფუნქციასაც ითავსებს. მადრიდში მდებარე ეს ისტორიული ობიექტი განსაკუთრებით გურმანებს იზიდავს, რადგან სწორედ აქ შეძლებთ ტრადიციული, ავთენტიკური ღვინისა და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. ნაგებობა 1916 წელს აშენდა და მისი არქიტექტურა ისეთივე გამორჩეულია, როგორც ამ ბაზრის ატმოსფერო.


ასეთი კონცეფციის სივრცეს ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეხვდებით და ამ მაგალითის გადმოტანა არც თბილისში იქნებოდა ურიგო. მით უმეტეს მაშინ, როცა აქ არსებულ ბაზრებში წასვლას აუცილებლობის შემთხვევაშიც კი თავს არიდებენ ადგილობრივები, ტურისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
საქართველოში ბაზრობის კულტურა არსებობს, მაგრამ აკლია ესთეტიკური, ჰიგიენური და კულტურული სტანდარტები, რომლებიც ევროპულ ბაზრებს გამორჩეულ ადგილად აქცევს. მცდელობა, რომ კონცეფცია აქაც განეხორციელებინათ, იყო, თუმცა შედეგი უფრო ე. წ. ფუდ-კორტს, ანუ კაფეების გაერთიანებას ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ბაზარს.
ევროპაში ბაზრებს ისტორიულ მემკვიდრეობად და ტურისტულ ობიექტებად წარმოაჩენენ. თბილისმა კი ეს პოტენციალი ჯერ ვერ გააცნობიერა. თუმცა სწორი ხედვითა და ინვესტიციებით, ამის შეცვლა შესაძლებელია.
1769176380
1767715389
1768409940
1768579265