1789578786

რას შეცვლის თბილისის ახალი შემოვლითი გზა

თბილისის შემოვლითი გზა

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისი წლიდან წლამდე უფრო და უფრო ფართოვდება. იმატებს საცხოვრებელი უბნები, ბიზნესცენტრები თუ სხვა დანიშნულების ობიექტები. იზრდება მოსახლეობა, ტურისტული ნაკადები, ავტომობილების რაოდენობა. ეს ფაქტორები ზრდის დატვირთვას საგზაო ინფრასტრუქტურაზე და ერთი წერტილიდან მეორემდე მისვლა, საცობებისა და ხანგრძლივი დროის გამო, მყარ ნერვებს მოითხოვს.

ამ ყველაფერთან ერთად, დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად ათასობით მძიმეწონიანი სატვირთო მოძრაობს. თბილისი, ფაქტობრივად, სატრანზიტო „მძევლის“ როლშია, რისი შედეგიც დაზიანებული ქუჩები, დაბინძურებული ჰაერი და შეწუხებული მოსახლეობაა.

სატრანზიტო ნაკადების ნაწილის ქალაქის შემოვლით გზაზე გატანის აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, პრიორიტეტულ მიმართულებად საკითხი ხელისუფლებასაც არაერთხელ დაუსახელებია.

დღეს უკვე თბილისს პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა აქვს. დედაქალაქის შემოვლითი გზისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 250 მილიონი დოლარის სესხი უკვე დაამტკიცა. როგორც საფინანსო ინსტიტუტის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი „გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის როლს”.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი 18.9-კილომეტრიანია და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს შექმნის. ახალი გზა ორი მონაკვეთისგან შედგება: ლოტი 4 მოიცავს თბილისის აეროპორტიდან ლოჭინამდე მონაკვეთს, ლოტი 5 კი ლოჭინიდან რუსთავამდე გაგრძელდება. პროექტი მხოლოდ ძირითადი მაგისტრალის მოწყობით არ შემოიფარგლება, ის მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობა-განახლებასაც გულისხმობს.

„თბილისის შემოსასვლელში რა ხდება, ყველამ ვიცით. შესაბამისად, დადგა აუცილებლობა, შემოვლითი გზის მშენებლობა განხორციელდეს. ორ კომპონენტად დაიყო თბილისის შემოვლითი გზა. ერთი, რომელიც არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული – პირველი სამი ლოტი. ხუთ ლოტადაა დაყოფილი თბილისის შემოვლითი გზა. პირველ სამ ლოტზე ბიუჯეტიდან დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები და წლევანდელ ბიუჯეტში ეს უკვე გათვალისწინებული გვაქვს. შესაბამისად, ამას ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ. მეოთხე, მეხუთე ლოტი დაფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ, 250 მილიონი დოლარია ამ შემთხვევაში გამოყოფილი აზიის განვითარების ბანკიდან. ეს არის 23-წლიანი სესხი, რვა წელი გვაქვს შეღავათიანი პერიოდი. პროექტის განხორციელების ვადა 2031 წლის 31 დეკემბრამდეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სასესხო ხელშეკრულების საპარლამენტო კომიტეტებში განხილვისას.

ამ გზამ უნდა შექმნას აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით მოძრავი, მათ შორის სატრანზიტო მანქანებისგან ქალაქის შიდა გზების გათავისუფლების შესაძლებლობა.

თუმცა, შემოვლითი გზის ხეირი მხოლოდ საცობების შემცირებით არ გამოიხატება. როდესაც სატვირთო ავტომობილებს ქალაქის ქუჩებში საათობით დგომა აღარ მოუწევთ, დაზოგილი დრო პირდაპირ აისახება ბიზნესის ხარჯებზეც და სატრანზიტო ფუნქციაზეც მოახდენს გავლენას.

ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, პროექტს ეკოლოგიური ეფექტიც უნდა ჰქონდეს. სატრანზიტო ნაკადების ქალაქგარეთ გატანა პირდაპირ ნიშნავს ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის შემცირებას მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. მძიმეწონიანი ავტომობილების ჩამოშორება ასევე დაიცავს შიდა ქუჩების საგზაო საფარს, რაც მუნიციპალიტეტს სარემონტო ხარჯებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

არანაკლებ პრიორიტეტულია საგზაო უსაფრთხოება. ქალაქის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილებისა და მძიმეწონიანი ტრაილერების თანაარსებობა ყოველდღიურად ქმნის საავარიო რისკებს. ახალი მაგისტრალი შიდაქალაქებრივი გადაადგილებისთვის მეტ სივრცესა და უსაფრთხო გარემოს შექმნის.

„ახალი გზა შეკვეცავს მგზავრობის დროს, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული მოძრაობისთვის, შეამცირებს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებსა და გამონაბოლქვს. პროექტი გაზრდის გადაზიდვების, ექსპორტისა და ტურისტული სექტორის საქმიანობის საიმედოობას, ამასთან, შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობას“, — წერია ADB-ის განცხადებაში.

ამავდროულად თბილისის შემოვლითი გზა არ არის მხოლოდ ლოკალური პროექტი. ის საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მთავარია, პროექტი სწორად, დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს.

თავად აზიის განვითარების ბანკიც აღნიშნავს, რომ თბილისის შემოვლითი გზა CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა) მეორე დერეფნის ნაწილია, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. სწორედ ამ გლობალურ კონტექსტში იძენს პროექტი განსაკუთრებულ წონას.

ახალი ინფრასტრუქტურის საბოლოო ღირებულება მხოლოდ აშენებული კილომეტრებით არ იზომება. მთავარი ის ეკონომიკური შესაძლებლობებია, რომელიც ამ გზამ უნდა შექმნას, ეს წესით არის შემცირებული ხარჯები და ქვეყნის უფრო ეფექტიანი ინტეგრაცია რეგიონულ ბაზრებთან, თუმცა, ამის მიღმა თითოეული თეთრი და გლობალური პროექტი იმისთვისაა, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ სასურველ ლოკაციაზე გადაადგილება ნერვების მოშლის გარეშე შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები