1775320837
თბილისის ნებისმიერ უბანში სეირნობისას ერთი და იგივე სურათი გვხვდება: იაფფასიანი პლასტმასა, რკინის ცივი კონსტრუქციები და ამორტიზებული რეზინის საფარი, რომელიც ხშირად იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე გართობას. ერთი შეხედვით, ქალაქი შენდება, იხსნება მოენდნებიც, თუმცა, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს სივრცეები არა ბავშვებისთვის, არამედ ფორმალური ანგარიშებისთვის იქმნება.
დღეს თბილისში ბავშვის სათამაშო სივრცე ხშირად „მოპარული სივრცეა“, რადგანაც სტანდარტების არარსებობის გამო ატრაქციონები ერთ წელიწადში „მკვდარ ინვესტიციად“ იქცევა. მოედნები ხშირად პირდაპირ სამანქანო მაგისტრალების პირას, გამონაბოლქვშია მოქცეული.

ამ პრობლემის გამოსაკვლევად ინტერვიუ ჩავწერეთ არქიტექტორთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან, რომლებიც საკითხს სხვადასხვა რაკურსით დაგვანახებენ:
UM: თბილისის თითქმის ყველა სათამაშო მოედანი იდენტურია, მიუხედავად იმისა, თუ სად ვაშენებთ მას. რატომ დამკვიდრდა დაპროექტებისას ე. წ. „Copy paste“ და რატომ არ ითვალისწინებს არქიტექტურა კონკრეტული უბნის ლანდშაფტს, რელიეფს ან ისტორიულ კონტექსტს?
ირაკლი ზურაშვილი: თბილისში სათამაშო მოედნების „Copy-Paste“ მშენებლობას არსებული სატენდერო სისტემა განაპირობებს, რომელიც მხოლოდ პრინციპით — „ვინ გააკეთებს უფრო იაფად“— ხელმძღვანელობს. ამ დროს კრეატიული ჯგუფები კონკურენციას ვერ უწევენ მათ, ვისაც ჩინეთიდან მასობრივი და დაბალხარისხიანი პროდუქცია ჩამოაქვს, რაც სრულიად ამოვარდნილია ჩვენი ურბანული კონტექსტიდან. გამოსავალი მარტივია: სახელმწიფომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს არა შესყიდვაზე, არამედ დიზაინზე. გამარჯვებული პროექტის შესრულება კი ადგილობრივ ან მაღალი ხარისხის უცხოურ მწარმოებლებს უნდა დაუკვეთონ. სანამ პრიორიტეტი დაბალი ფასი იქნება და არა ხარისხი, კვლავ ერთჯერად და უფუნქციო სივრცეებს მივიღებთ.

UM: მოედნების უმეტესობა აწყობილია იაფფასიანი პლასტმასითა და ლითონით. არქიტექტურული თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია ეს მასალები თბილისის კლიმატში, სადაც ზაფხულში ზედაპირი სახიფათოდ ხურდება, ხდება ტოქსიკური და პრაქტიკულად გამოუყენებელი დღის განმავლობაში?
ირაკლი ზურაშვილი: ეს ორი საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ვინაიდან არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მოედნები საერთოდ არ არის ადაპტირებული ჩვენს გარემოსთან, არქიტექტურაში კი უპირველესი სწორედ კონტექსტია. ზოგადად იაფფასიანი პლასტმასა და ლითონის გამოყენება გაუმართლებელია, რადგანაც მასალა, რომელიც საქართველოში ჩამოდის, სავარაუდოდ, არ მოწმდება. მზის ზემოქმედებით შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები გამოყოს. რაც შეეხება ლითონს, კონსტრუქციები ჩვენს კლიმატზე მორგებული არ არის. ზაფხულში ზედაპირი სახიფათოდ ცხელდება და მოედანი პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება. გამოსავალი კი არის ის, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა მიუდგეს არა როგორც კონკურსს, არამედ — ტენდერს. სანამ პრიორიტეტი მხოლოდ „დაბალი ფასი“ იქნება, პრობლემა პრობლემად დარჩება.

UM: ხშირად მოედანი ვიზუალურად მხოლოდ გახსნის დღეს გამოიყურება კარგად. რატომ არ არის მოვლის კულტურა დაპროექტების ეტაპზევე გათვალისწინებული? რამდენად უსაფრთხოა ეს სივრცეები ექსპლუატაციაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, როცა საფარი აყრილია, ხოლო კონსტრუქციები — მორყეული?
ირაკლი ზურაშვილი: აქ ისევ უხარისხო მასალებთან მივდივართ. როდესაც ინფრასტრუქტურა დაბალი ხარისხისაა, ის თავიდანვე განწირულია მალე გაფუჭებისთვის, თუმცა პრობლემა მხოლოდ სისტემური არ არის — პასუხისმგებლობა ორმხრივია. ერთის მხრივ, გვაქვს სახელმწიფოს დაუდევრობა: სათამაშო სივრცე თავიდანვე ბავშვზე უნდა იყოს მორგებული. ბავშვმა შეიძლება დახატოს, რაღაც დააზიანოს ან აქტიურად გამოცადოს კონსტრუქციის გამძლეობა. შესაბამისად, დიზაინი და კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ დატვირთვას გაუძლებს. მეორეს მხრივ, გვაქვს საზოგადოების დამოკიდებულება: ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო სივრცეების მოვლის კულტურა, რადგან მოქალაქე ამ სივრცის მშენებლობაში საკუთარ ფინანსურ წვლილს ვერ ხედავს, მას „სხვისად“ აღიქვამს და ნაკლებად უფრთხილდება.

UM: თბილისში სათამაშო მოედნები ხშირად მაღალი მეტალის ბადეებითაა შემოღობილი, რაც მათ საჯარო სივრცისგან იზოლირებულად აქცევს. რატომ არ ვიყენებთ ლანდშაფტურ დიზაინს ბუნებრივი ბარიერების შესაქმნელად და რატომ ვამსგავსებთ ბავშვის სათამაშო გარემოს გალიას?
ირაკლი ზურაშვილი: დღევანდელი ურბანული ქაოსი და „ბეტონის ჯუნგლები“ 90-იანი წლების მძიმე მემკვიდრეობაა. საბჭოთა კავშირში კერძო საკუთრების ცნება არ არსებობდა, სისტემის დაშლის შემდეგ კი, გამოუცდელობის გამო, საკუთრების თავისუფლება ქაოსურ განაშენიანებაში გადაიზარდა. ამ პერიოდში განხორციელებულმა გაუაზრებელმა პროექტებმა სრულად დაამახინჯა ქალაქის ქსოვილი: მწვანე სივრცეები ბეტონმა ჩაანაცვლა, რეკრეაციული ზონები კი კერძო ინტერესებს შეეწირა. დღეს ჩვენ სწორედ იმ ეპოქის ნაყოფს ვიმკით — ქალაქი ისეა გადატვირთული, რომ ბავშვებისთვის ჯანსაღი სათამაშო სივრცის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

არქიტექტურული დიაგნოზი ნათელია: ჩვენ ვაშენებთ იაფფასიან, არაკონტექსტურ და ხშირად სახიფათო კონსტრუქციებს. თუმცა ფიზიკური დაზიანებების მიღმა არსებობს კიდევ ერთი, უფრო უხილავი და გრძელვადიანი საფრთხე, ეს არის მენტალური კვალი. ამ საკითხებზე ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკა ნინოშვილი გვესაუბრება:
UM: თბილისური მოედნები ბავშვს სთავაზობს მხოლოდ ორ-სამ მექანიკურ მოქმედებას: ჩამოსრიალება, ქანაობა და დატრიალება. როგორ მოქმედებს ეს „ფუნქციური სიღარიბე“ ბავშვის ფანტაზიასა და კოგნიტიურ განვითარებაზე, როცა მას არ აქვს საშუალება თავად შექმნას თამაშის წესები?
ეკა ნინოშვილი: სათამაშო მოედანი ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. თამაში არის ბავშვის პირველადი კონტაქტის ფორმა გარემოსთან. როდესაც ბავშვებს მოედანი სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც მხოლოდ ჩამოსრიალება, ქანაობა და დატრიალებაა შესაძლებელი, ასეთი აქტივობებით ვითარდება მოტორული უნარები, მაგრამ მისი სხვა საჭიროებები: შემოქმედება, კვლევა, გამოგონება დაუკმაყოფილებელი რჩება. მცირე ზომის სტრუქტურირებული სივრცე ბავშვის მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს, რადგან ბავშვი ვერ ახდენს საკუთარი ფანტაზიის პროექციას გარემოზე, ხდება შემოქმედებითობის დათრგუნვა. ის იძულებულია მოერგოს სტრუქტურას და არა პირიქით. ამ დროს შემეცნების ინტერესი, „რა მოხდება თუ...“ ტიპის კითხვები, უპასუხოდ რჩება და ყალიბდება „პატერნი“ სადაც ბავშვი ეგუება გარემოს მოთხოვნებს საკუთარი საჭიროებების ხარჯზე. მართალია, სტანდარტული სათამაშო მოწყობილობები — სასრიალო და საქანელა — ბავშვის ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფენ განვითარების სრულ სპექტრს. კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვის შემეცნებითი, შემოქმედებითი და სოციალურ-ემოციური განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ე. წ. „ღია მასალებს“ უსტრუქტურო, ბუნებრივ ელემენტებს, რომლებიც ბავშვს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად განსაზღვროს მათი ფუნქცია და სიმბოლური მნიშვნელობა. ასეთ გარემოს წარმოადგენს, მაგალითად, ქვიშის თავისუფალი სივრცეები, მიწის დაუმუშავებელი ფართობები, ქვები, ტოტები და სხვა ბუნებრივი მასალები. ამ ტიპის გარემოსთან ურთიერთობისას ბავშვი გვევლინება არა პასიურ მომხმარებლად, არამედ აქტიურ შემქმნელად, რაც ხელს უწყობს მის სუბიექტურობისა და ინიციატიურობის ჩამოყალიბებას.

UM: ხშირად მთელი უბნის ბავშვები ერთ პატარა, რკინის ბადით შემოზღუდულ კუნძულზე არიან თავმოყრილნი. იწვევს თუ არა ეს „ტერიტორიული სივიწროვე“ არაცნობიერ აგრესიას და კონფლიქტებს ბავშვებს შორის, რადგან ისინი გრძნობენ, რომ მათთვის ადგილი არ არის?
ეკა ნინოშვილი: მოედანი არის სივრცე, სადაც ბავშვებს უწევთ ერთმანეთთან ყოფნა, ჯგუფური თამაში და სირბილი. როდესაც სივრცე შეზღუდულია, აგრესია, რომელიც ფსიქოლოგიაში ჯანსაღ ძალად განიხილება, ვეღარ პოულობს ადაპტურ გამოხატვას და გადადის ან პროექციაში, ანუ სხვა ბავშვებზე მიიმართება, ან შიგნით, საკუთარ თავში. არასაკმარისი სივრცის შემთხვევაში, შესაძლოა, კონფლიქტი გაჩნდეს, რადგან ამ დროს ყველას საჭიროება ერთად იწყებს „ლაპარაკს“ და საზღვრები ერთმანეთს ეჯახება. მაგალითად, „ჩვენ დაჭერობანას თამაში გვინდა“, მაგრამ „ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ“, „მე კი მინდა, აქ სახლობანა ვითამაშო“. ჩნდება კითხვა: რა სჭირდება თითოეულ ბავშვს ამ მომენტში? — და როგორ შეიძლება მოედანი ისე მოეწყოს, რომ მრავალი საჭიროება ერთდროულად დაკმაყოფილდეს. კონფლიქტი ხშირად გადამფარავი საჭიროებების შედეგია. გამოსავალი კი სივრცის დიფერენცირებაა:
UM: როცა ბავშვი ყოველდღე ხედავს დანგრეულ საქანელას, აყრილ საფარს და ნაგავს სათამაშო ზონაში, რა სახის თვითაღქმა უყალიბდება მას? ხომ არ არის ეს პირდაპირი გზავნილი, რომ „შენ არ იმსახურებ უკეთესს“ ან „ეს გარემო შენი არ არის”?
ეკა ნინოშვილი: ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან ბავშვი აყალიბებს თავის იდენტობას გარემოსთან კონტაქტის გზით. თუ გარემო სათამაშოდ სთავაზობს გატეხილ, მოუვლელ, „დანაგვიანებულ“ სივრცეს, ბავშვის ფსიქიკისთვის ეს აღიქმება როგორც გზავნილი: „ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ვართ. ეს არის ის ღირებულება, რაც ჩვენ გვაქვს“. ამ გზით ბავშვი ჩამოაყალიბებს საკუთარ ღირებულებაზე წარმოდგენას არა ვერბალური გზავნილებიდან, არამედ გარემოს არავერბალური „შეტყობინებიდან“. ბავშვებს სჭირდებათ თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება უნდა იყოს ცოცხალ, მოვლილ, უსაფრთხო სივრცეში. ზრუნვა ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეზე ნიშნავს ზრუნვას ბავშვზე.

UM: თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც საჯარო სივრცე „მოპარულია“ ან უხარისხოა, როგორი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ექნება მას ზრდასრულობაში?
ეკა ნინოშვილი: ინდივიდი და გარემო განუყოფელია. ბავშვი, რომელიც იზრდება სივრცეში სადაც: საჯარო სივრცე „არავისია“, რომელზედაც არავინ ზრუნავს, ანუ კოლექტიური ზრუნვა არ არსებობს, ვითარდება სპეციფიკური კონტაქტის სტილი სოციალურ ველთან: „ეს ჩემი საქმე არ არის“, „მე ვერაფერს შევცვლი“, „ყველა ასე იქცევა“ და ა. შ. თუ ბავშვს ჰყავს თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი უფროსი, რომელიც აქტიურად ზრუნავს საჯარო სივრცეზე — აგროვებს ნაგავს, შეაკეთებს გაუმართავ საქანელას — ბავშვი ახდენს ამ ქცევის ინტეგრაციას და ვითარდება პასუხისმგებლიან მოქალაქედ.
სათამაშო მოედანი არ არის „ბავშვების კუთხე“, ის ქალაქის სოციალური ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. ადგილი, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს საზოგადოებაში ყოფნას, საკუთარი ადგილის პოვნას, კონფლიქტის მოგვარებას, გარემოზე ზრუნვას. ასე რომ, მოვლილი,კარგად მოწყობილი სათამაშო სივრცე ბავშვს გადასცემს ყველაზე ძლიერ არავერბალურ შეტყობინებას: „ეს სივრცე შენთვისაა და შენ ღირებული ხარ“.
ავტორი: გვანცა ტაბაღუა