1778328747
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მოგზაურობისას სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული ღირებულებებით გვხიბლავს. ზოგ ქალაქს ცათამბჯენებით ვიმახსოვრებთ, ზოგს ძველი ქუჩებითა და არქიტექტურით, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც ქალაქის ენერგია ყველაზე მეტად სტადიონზე იგრძნობა.
თანამედროვე სამყაროში სტადიონი მხოლოდ სპორტული არენა აღარ არის, ის არქიტექტურის, ემოციისა და ურბანული იდენტობის ნაწილია. მაშინაც კი, როცა ფეხბურთი შენი ინტერესის სფერო არ არის, რთულია გულგრილი დარჩე იმ სივრცის მიმართ, რომელიც ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და საკუთარ ქალაქს მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.

მადრიდში სტუმრობისას, თუნდაც ფეხბურთის გულშემატკივარი არ იყოთ, Santiago Bernabéu-ს მონახულებას ტურისტული გიდებიც კი აუცილებლად გირჩევენ. ის მხოლოდ საფეხბურთო არენა არ არის, უკვე კარგა ხანია მიიჩნევა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად და მისი ნახვა თითქმის ისეთივე აუცილებელია, როგორც მუზეუმის ან ისტორიული მოედნის მონახულება.
მადრიდის ღირებულებას ზრდის მეორე უდიდესი სტადიონი Metropolitano. როგორც ბევრგან მოიხსენიება, ის თანამედროვე საფეხბურთო სტადიონების სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის მაგალითია. მიიჩნევა ტექნოლოგიურად გამართულ და კომფორტზე გათვლილ სივრცედ. მეტროპოლიტანოს დამატებით ღირებულებად მიიჩნევა მოედანთან ახლოს დაგეგმილი ტრიბუნები და ის აკუსტიკა, რომელიც გულშემატკივართა ხმას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.

სულ სხვაა ლივერპულში არსებული Anfield-ის სტადიონი. თუ თანამედროვე სტადიონები ხშირად ტექნოლოგიით, გიგანტური ეკრანებითა და არქიტექტურით ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას, ენფილდის გული და ძალა ატმოსფეროა ანუ ის ემოცია, რომელიც ტრიბუნებიდან მოდის და ფეხბურთს თითქმის რელიგიად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, სტადიონმა მაინც შეძლო თავისი ისტორიული ხასიათის შენარჩუნება აგურის სტრუქტურებით, ვიწრო გასასვლელებით, ტრიბუნებთან ახლოს მდებარე მოედნითა და ძველი, ინგლისური საფეხბურთო ატმოსფეროთი.

ბუენოს აირესის ლეგენდარული სტადიონი La Bombonera ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურ, ემოციურად დატვირთულ სტადიონად მიიჩნევა. სახელწოდება „შოკოლადის ყუთი“ თავისი უჩვეულო, მართკუთხა ფორმის და მჭიდროდ განლაგებული ტრიბუნების გამო მიიღო. მდებარეობს ძველ, მუშათა კლასის უბანში და ესეც მისი იდენტობის ნაწილად მიიჩნევა. ეს არის სტადიონი, სადაც ფეხბურთი უფრო თეატრს და რიტუალს ჰგავს, ვიდრე უბრალოდ სპორტულ მატჩს.
მსგავსი აღწერილობით სტადიონებს მსოფლიოს უამრავ ქალაქში იპოვით და ეს არენები, დიდი ფეხბურთის გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობები, საკულტო შენობები, ისტორიული მოედნები და დაუვიწყარი ემოციებია.
ისტორია საქართველოშიც გვაქვს. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ქართული ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ადგილი, სადაც საბჭოთა ეპოქის „დინამო“ თამაშობდა და ხშირად მთელი ერის იდენტობასა და თავისუფლების განცდას გამოხატავდა. ეს ის სტადიონია, სადაც მიხეილ მესხი და დავით ყიფიანი თამაშობდნენ, სადაც დიეგო მარადონას უთამაშია და სადაც უეფას სუპერთასის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა (ბარსელონა-სევილია) გაიმართა.
მოკლედ, სხვადასხვა ეპოქაში ამ სტადიონზე ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი ისტორია დაწერა. თუმცა დღეს „დინამო არენა“ მხოლოდ დიდ მოგონებებს აღარ უკავშირდება, ის გვახსენებს მოძველებულ ინფრასტრუქტურას, დისკომფორტს და გვიქმნის განცდას, რომ ეს ისტორია უკეთეს სივრცეს იმსახურებს.
ქვეყნის მთავარი სტადიონი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზეა, მაგრამ თავად ქალაქის ცხოვრებიდან ნაწილობრივ ამოვარდნილია. მაღალი ღობეებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წესით უნდა იყოს ენერგიის, მოძრაობისა და შეხვედრების ადგილი, უფრო იზოლირებულ კუნძულს ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ურბანულ ცენტრს. სულ რამდენიმე დღის წინ არქიტექტურულმა სტუდია „დინასტიამ“ „დინამო არენას“ რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია შეიმუშავა და დეტალებიც გამოაქვეყნა.

არსებული რეალობის გამოსწორებას ცდილობს „დინასტიას“ მიერ წარმოდგენილი ახალი კონცეფცია და ის სტადიონს მხოლოდ საფეხბურთო არენად აღარ განიხილავს. ის უნდა იქცეს მრავალფუნქციურ ურბანულ ჰაბად და არა ხმაურიან ადგილად მხოლოდ საფეხბურთო მატჩის დროს.
როგორც „დინასტიის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დღეს სტადიონი უწყვეტი ღობით არის შემოსაზღვრული, რის გამოც იგი ქალაქის ურბანული ქსოვილისგან იზოლირებულ ობიექტად იქცა. ამგვარი გამიჯვნა უარყოფითად აისახება როგორც თავად სტადიონზე, ისე მის გარშემო არსებულ გარემოზე და ქალაქისთვის დაკარგულ შესაძლებლობად რჩება... სივრცედ, რომელიც ყოველდღიურ ურბანულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ვერ ერთვება.
ჩვენი რეალობისგან განსხვავებით, მსოფლიოში თანამედროვე სტადიონები დიდი ხანია გასცდნენ მხოლოდ სპორტული ფუნქციის ჩარჩოებს. ისინი ქალაქის ეკონომიკის, ტურიზმის, ურბანული განვითარების და საერთაშორისო იმიჯის ნაწილად იქცა. ისინი მთელი წლის განმავლობაში მოქმედი კომერციული, კულტურული და საზოგადოებრივი სივრცეებია და ერთი შეხედვით, სწორედ ამ ტენდენციას ეხმიანება „დინამო არენას“ ახალი ხედვაც.
კონცეფციის მთავარი იდეა სტადიონის „გახსნაა“ როგორც ფიზიკურად, ისე ფუნქციურად. არსებული ღობეების დემონტაჟი და ტერიტორიის საფეხმავლო მოძრაობისთვის გახსნა ნიშნავს, რომ სტადიონი აღარ იქნება მხოლოდ ღონისძიებების დროს გაცოცხლებული სივრცე. ის ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირდება. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა პარკინგს დაახლოებით 800 ავტომობილზე, ზედა დონეზე კი საზოგადოებრივ და კომერციულ სივრცეებს: მუზეუმს, მაღაზიებს, კლუბურ სივრცეებს, კინოთეატრსა და სხვა ფუნქციებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაყურებელთა რაოდენობის 70 000-ზე მეტად გაზრდის გეგმაა. თუ ეს გეგმა რეალობად იქცევა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის, რადგან თანამედროვეობაში სტადიონის ტევადობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა შეუძლია ქვეყანას. UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებთან შესაბამისი დიდი არენა ნიშნავს უფრო რეალურ შესაძლებლობას, საქართველომ უმასპინძლოს ევროპული თუ მსოფლიო დონის მატჩებს, ფინალებს, საკვალიფიკაციო ტურნირებსა და დიდ კონცერტებს.
ამავე დროს, პროექტში გათვალისწინებულია უსაფრთხოების სტანდარტები, ევაკუაციის თანამედროვე სისტემები, სრული გადახურვა. პროექტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ადამიანების ნაკადების მართვაზე, აუცილებლობად განიხილება ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც სრულად გადადის მიწისქვეშ.
საინტერესოა, რომ „დინამო არენას“ ტრანსფორმაცია ოთხი თაობის განმავლობაში ქურდიანების არქიტექტურულ დინასტიას უკავშირდება. 1936 წლიდან დღემდე სტადიონი მუდმივად იცვლებოდა, იზრდებოდა და ახალ მოთხოვნებს ერგებოდა. ეს თავისთავად იშვიათი მაგალითია, როცა ერთი ურბანული და სპორტული სიმბოლოს განვითარება ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად ერთი არქიტექტურული ოჯახის ხელში რჩება.
თუმცა, ამ კონცეფციას აუცილებლად ექნება დისკუსიის ნაწილიც. მსგავსი მასშტაბის რეკონსტრუქცია დიდ ფინანსურ რესურსს, რთულ საინჟინრო სამუშაოებს და ურბანულ ბალანსს მოითხოვს. კითხვები გაჩნდება იმაზეც, რამდენად შეძლებს ქალაქი დამატებითი სატრანსპორტო დატვირთვის მართვას, რა გავლენა ექნება პროექტს მიმდებარე უბნებზე და რამდენად ხელმისაწვდომი დარჩება ეს სივრცე საზოგადოებისთვის რეალურად და არა მხოლოდ კონცეფციის დონეზე.