1777304974

ყველაზე მეგობრული ქალაქები ფეხით მოსიარულეთათვის

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

მსოფლიოში იდეალური ქალაქი არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შედარებითია. დღეს ურბანული გარემოს ფასი აღარც ცათამბჯენების სიმაღლით იზომება და არც ფართო მაგისტრალებით, მას გარემოს ინკლუზიურობა და ფეხით გადაადგილების სიმარტივე განსაზღვრავს. იმ ეპოქაში, როცა უდიდესი მეგაპოლისები ავტომობილების დომინაციას ემშვიდობებიან, ჩნდება კითხვა: რატომ იქცა ფეხით კომფორტულად გადაადგილება თანამედროვეობის ფუფუნებად და სად გადის ზღვარი ფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ქალაქის ნამდვილ სიცოცხლისუნარიანობას შორის?

Time Out-მა ფეხით მოსიარულეთათვის ყველაზე მოხერხებული მეტროპოლიების ჩამონათვალი შეადგინა. რეიტინგი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზეა შედგენილი.

სეული

ფეხით მოსიარულეთათვის ყველაზე მეგობრული ქალაქების სათავეში სეული მოხვდა. სეული ამსხვრევს მითს, თითქოს ფეხით გადაადგილების კომფორტი მხოლოდ მცირე ზომის დასახლებების პრივილეგიაა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეის დედაქალაქი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მასშტაბი დაბრკოლება არ არის და მიუხედავად იმისა, რომ სეული ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით სიაში ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისია, გამოკითხული ადგილობრივების 93%-იანი მოწონება მას უდავო ლიდერად აქცევს. ამ წარმატების მიზეზი ქალაქის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და ისეთი სპეციალიზებული საფეხმავლო უბნებია, როგორიცაა მიეონგდონგი, ინსადონგი და ჰონგდე. გარდა ამისა, სეული ინოვაციური ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა, მათ შორისაა მაგალითად, Seoullo 7017. ეს ძველი ცენტრალური მაგისტრალის ნაცვლად შექმნილი 1074-მეტრიანი „ცის ბაღია“, სადაც 24 000-მდე მცენარეა გაშენებული. ასევე აღსანიშნავია ჩონგგიეჩონის ნაკადულის გასწვრივ მდებარე ბილიკი, რომელიც არა მხოლოდ მეტროსადგურებს, არამედ ქალაქის მთავარ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს — გვანჯანგის ბაზარს, ჯონგმიოს სალოცავსა და გიონგბოკგუნგის სასახლეს აკავშირებს.

ედინბურგი

დიახ, მეორე ადგილზე მთაგორიანი და თითქმის მთლიანად ქვაფენილით მოპირკეთებული ედინბურგია, თუმცა შოტლანდიის დედაქალაქის შესაგრძნობად და თავისებური ხიბლის დასაფასებლად საუკეთესო გზა სწორედ ფეხით სეირნობაა. ეს გამოკითხულმა ადგილობრივებმა ქალაქს დაუფასეს კიდეც და ფეხით გადაადგილების მაღალი, 93-პროცენტიანი მაჩვენებლით შეაფასეს.

ქალაქი საკმაოდ კომპაქტურია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს გადაადგილებას ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, როგორებიცაა კალტონ ჰილი, ედინბურგის ციხესიმაგრე და ძველი ქალაქი (ერთმანეთთან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა). ამასთან, ედინბურგის ზოგიერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა თავადვე მოიცავს ფეხით სასიარულო მარშრუტებს, მაგალითად, არტურის სავარძლის (Arthur’s Seat) მწვერვალზე ასვლა, საიდანაც ქალაქის შეუდარებელი ხედები იშლება.

სხვათა შორის, ეს მოხერხებული გარემო გახდა საფუძველი, რის გამოც ქალაქი იდეალურია ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა ყველაზე დიდი და პრესტიჟული ხელოვნების ფესტივალი Fringe, რომლის მთავარი იდეაც რაც შეიძლება მეტი წარმოდგენის ნახვაა და მთელი აგვისტოს განმავლობაში გრძელდება.

ნიუ-იორკი

„არსებობს მჭიდროდ განაშენიანებული ქალაქები და არის New York City” — ასე აფასებს გამოცემა მესამე ადგილზე მოხვედრილ ნიუ-იორკს. მანჰეტენისთვის დამახასიათებელი ხმაურისა და ქაოსის მიღმა მკაცრი წესრიგი იმალება. ქუჩების დაგეგმარების ბადისებრი სისტემა, რომელიც ქალაქის სწრაფი ზრდის პერიოდში დაინერგა, დღემდე უზრუნველყოფს იმას, რომ ნიუ-იორკის გულში ორიენტაცია ფეხითაც კი მარტივია. ლოგიკა სიმარტივეს ეფუძნება — ყოველი 20 კვარტალი ერთ მილს უდრის, მეხუთე ავენიუ კი ქალაქის მთავარი გამყოფი ღერძია. ეს საფეხმავლო კულტურა ბრუკლინშიც გრძელდება, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში. ბრუკლინის ხიდი კი, თავისი შთამბეჭდავი საფეხმავლო ბილიკით, ამ ყველაფერს ერთ მთლიანობად კრავს და პირდაპირ სამყაროს ცენტრში „გადაგისვრით“.

კოპენჰაგენი

კომპაქტური, უმეტესად ვაკე და გამორჩეულად უსაფრთხო — ეს მცირე ჩამონათვალია, რომელმაც კოპენჰაგენს ადგილობრივებისგან ფეხით გადაადგილების თვალსაზრისით 90%-იანი მოწონება მოუტანა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც. ქუჩებზე მკაფიოდ არის გამოყოფილი ქვეითთა ზონები და მოწყობილია ამაღლებული ტროტუარები, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.

გარდა ამისა, დანიის დედაქალაქი ევროპაში პირველი და ქვეითებისთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩის, Strøget-ის სახლია. ის რამდენიმე ქუჩისგან შედგება და ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ მოედნებს, როგორიცაა Nytorv, Gammeltorv და Amagertorv. შედეგად იქმნება ერთიანი, მასშტაბური, ავტომობილებისგან თავისუფალი ქსელი, სადაც შესაძლებელია მაღალი კლასის მაღაზიებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, მათ შორისაა Helligåndskirken-ი. შესაძლებელია ასევე ქუჩის არტისტების წარმოდგენებით ტკბობა. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ფეხით სეირნობა მხოლოდ გადაადგილება კი არა, სასიამოვნო გამოცდილება იყოს.

ოსლო

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნორვეგიის დედაქალაქი მუდმივად ისწრაფვის ემისიების შემცირებისკენ და აქტიურად ავითარებს Car-Free Livability Programme-ს. ქალაქი ავტომობილებზე წინ ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს აყენებს და მისი მთავარი ამოცანა ისტორიული ცენტრის სრულად ქვეითთა ზონად გარდაქმნაა. მასშტაბურ მიზნამდე ქალაქი ეტაპობრივად, მცირე ნაბიჯებით მიდის და უკვე აქვს მნიშვნელოვანი შედეგები, მაგალითად, ველობილიკების მოწყობამ და საპარკინგე სივრცეების შემცირებამ საგრძნობლად შეამცირა სატრანსპორტო ნაკადები. 2017-დან 2019 წლამდე პერიოდში ავტომობილების ეტაპობრივმა შეზღუდვამ ქალაქის ცენტრი ფაქტობრივად თითქმის სრულად ავტომობილებისგან თავისუფალ სივრცედ აქცია.

რეიტინგის ათეულში მოხვდა სტოკჰოლმი თავისი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით, რომანტიკული პარიზი, სინგაპური ინოვაციური ინფრასტრუქტურით, ჰელსინკი მრავალფეროვანი სანაპიროებით, კრაკოვი ქვაფენილიანი და ვიწრო ქუჩებით.

მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ჰედერ

როცა შუქნიშანი არ ჩანს

1746464580

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები