1746464580

როცა შუქნიშანი არ ჩანს

ჰედერ

ავტორი

ნინი მეტრეველი

ქალაქში, სადაც მუდმივად საცობებია, ზოგიერთ ადგილას შუქნიშნებიც არ ჩანს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანიშნებლები საკმაოდ ბევრ ადგილასაა, იქაც კი, სადაც საჭირო სრულებით არ არის, მათი დიდი ნაწილის მანქანიდან დანახვა რთულია.

ცენტრალურ გზებზე, მაგალითად, წერეთელზე, ჭავჭავაძეზე და ა. შ. შუქნიშნები ხშირად ძალიან მაღლაა განთავსებული და სდექ ხაზთან მიახლოებისას თვალთახედვის არიდან ქრება. ამის გამო, ზოგიერთი მძღოლი ანთებულ მწვანე შუქს ვეღარ ხედავს ან იმის შიშით, რომ მანქანის დაძვრა არ დააგვიანოს, საჭეზე მიბჯენილი იყურება საქარე მინიდან.

არადა, თითქოს ეს პრობლემა გაითვალისწინეს და ერთი მიმართულებისთვის ორი მანიშნებელი დააყენეს. მაგალითისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ გმირთა მოედანზე დამონტაჟებულ ახალ შუქნიშნებზე. თუ მანქანების მწკრივის თავში მოექცევით, შეამჩნევთ, რომ ქვედა შუქნიშანს სრულად ფარავს გზის მიმართულების მაჩვენებელი. ფერის გამოსაცნობად, მხოლოდ თქვენს უკან მყოფი მძღოლის მწვავე რეაქციის იმედი თუ გექნებათ.

თანამოქალაქეების ბრაზი კიდევ უფრო მარტივი ასატანია, ვიდრე 50 ლარიანი ჯარიმა წითელზე გავლისთვის — ხის ტოტების უკან შემალული ნათურების ფერის გამოცნობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. საბოლოოდ, შუქნიშნების არაერგონომიულობის შედეგად, საკმაოდ სახიფათო „გამოცნობანამდე“ მივდივართ.

ხშირად, გაუგებარია ისიც, რომელ გზას ეკუთვნის კონკრეტული შუქნიშანი და უნდა გაჩერდე თუ არა წითელზე, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით ანათებს. ამის კარგი მაგალითი მეტრო „დელისიდან“ ნუცუბიძეზე ამავალი ქუჩაა. ამ მაჩვენებლის ფუნქცია და მიმართულება მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვისაც ნუცუბიძის გავლა ყოველდღე თუ არა, თვეში რამდენჯერმე მაინც უწევთ. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე ხშირად წააწყდებით სიტუაციას, როცა ერთი მანქანა შუა გზაზე ჩამოკიდებული შუქნიშნის წითელ შუქზე დგას, უკან გაჩენილ საცობში გაჭედილი მძღოლები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. პირველი მანქანის მძღოლს ვერ გავამტყუნებთ, რადგან მართვის მოწმობის გამოცდის თეორიულ ნაწილში ყველამ ვისწავლეთ, რომ თუ ასფალტზე სდექ ხაზი დახაზული არ არის, უნდა გავჩერდეთ შუქნიშნის წინ. რეალურად კი ეს შუქნიშანი რამდენიმე მეტრში არსებული გზაჯვარედინის იქით მდგარი მანქანებისთვის ანათებს წითლად.

დედაქალაქში გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა საცობის განტვირთვის მიზნით დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა საწინააღმდეგო შედეგი მოგვცა. ამ სიტუაციასაც კარგად ერგება გმირთა მოედნის მაგალითი, რომელსაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი მძღოლი აკრიტიკებს. ამ ტერიტორიაზე გზა ყოველთვის დატვირთული იყო, თუმცა განახლებისას რაღაც აშკარად ვერ გათვალეს და ახლა იქ გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.

ამ თემაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მძღოლების კულტურის კრიტიკასაც, რადგან საცობების წარმოქმნაში ამ ფაქტორს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. მაგალითად, არ შეიძლება ყვითელზე, ან თუნდაც მწვანეზე გახვიდე მაშინ, როცა წინ საცობია და გზაჯვარედინს კეტავ. თუმცა, არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნების პრობლემას ვერც მძღოლების კულტურის გამოსწორება უშველის.

არსებობს მოსაზრება, რომ თბილისში ზოგიერთი შუქნიშანი უბრალოდ ზედმეტია. მეტად ევროპული კულტურა რომ გვქონდეს, ზებრა გადასასვლელთან შუქნიშნის საჭიროება არ იარსებებდა და მის გარეშეც უპირობოდ დავუთმობდით გზას ქვეითებს. ზებრაზე გზის დათმობა არა მძღოლის კეთილი ნება, არამედ აუცილებლობა უნდა იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჭკვიანი შუქნიშნებია. ანუ ისეთი, რომელიც ფერებს ცვლის ნაკადის, ქუჩის დატვირთულობის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი შუქნიშანი თბილისში სულ რამდენიმეა. უმეტესობა კი მოძველებულია და განურჩევლად ვითარებისა, უცვლელ რეჟიმში მუშაობს.

საბოლოოდ, ნებისმიერ ასეთ პრობლემაზე საუბარს, არასწორ უბრანულ დაგეგმარებამდე მივყავართ და თუ პროფესიონალების გუნდმა ეს მოჯადოებული წრე არ გაარღვია, თბილისიში საცობების რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

ქალაქი ეზოების გარეშე

1745594787

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები