1749474784

რატომ არ ვიცნობთ საკუთარ ქალაქს?

ჰედერ

ავტორი

ნინი მეტრეველი

გაიხსენეთ, ბოლოს როდის გაისეირნეთ თბილისში? არა რომელიმე სკვერში, ან ქალაქის ხმაურისგან შორს, არამედ თბილისის ძველ უბნებში. რა მოინახულეთ საკუთარ ქალაქში, ან ექსკურსიაზე, ტურებზე თუ ყოფილხართ? ამ კითხვაზე დადებით პასუხს, ალბათ, ძალიან ცოტა თბილისელი გასცემს. და ამაში არც არაფერია გასაკვირი. ცოტა მოუცლელობის, ცოტა სიზარმაცის ბრალიცაა, რომ საკუთარ ქალაქზე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა გვაქვს.

ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად ასეა — როცა რომელიმე ქალაქში ცხოვრობ, მის შეცნობაზე დროს არ ხარჯავ, რადგან გგონია, რომ დრო კიდევ ბევრია და დათვალიერებას მოგვიანებითაც მოასწრებ. ან გგონია, რომ რადგან აქ ცხოვრობ, უკვე ძალიან კარგად იცნობ. სინამდვილეში კი ასე სულაც არ არის.

ლევან გიორგაძე გიდია, რამდენიმე წელია თბილისში ტურებს ატარებს და მისი მსმენელები, უმეტესად, უცხოელი ტურისტები არიან. მასთან პირველი კითხვა სწორედ ამ თემაზე გვქონდა: რატომ არ ვიცნობთ საკუთარ ქალაქს?

„ეს მარტო თბილისელების პრობლემა არაა. ნებისმიერი ქალაქის — რომის, ბარსელონას, ბუდაპეშტის მცხოვრებლებს არ აქვთ საკმარისი დრო, რომ თავიანთი ქალაქი ტურისტების ამპლუაში დაათვალიერონ. ეს ლოგიკასთან ახლოსაა. თუმცა, არის მეორე ფაქტორი — როცა ადამიანებს თავისუფალი დღე აქვთ, ამჯობინებენ, განიტვირთონ კაფეში, რესტორანში, ან ქალაქგარეთ. არავის უჩნდება სურვილი, ის დღე თავისივე ქალაქში გაატაროს, აღმოაჩინოს ქალაქის ისტორიული ნაწილი. თითქოს, ეს ავტომატურად ხდება. ერთი თვის წინ, ერთ-ერთი კომპანიის „ეიჩარი“ დამიკავშირდა, რომელმაც თავისი გუნდისთვის თბილისის ტური დააორგანიზა. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო და ვაფასებ მათ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ასეთი მიდგომა კარგი ტენდენცია იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ბანკის თანამშრომლები იქნებიან, თუ სხვა სექტორის. განსაკუთრებით ეს სტუმარმასპინძლობის სფეროს სჭირდება, რათა როცა ტურისტები ჰკითხავენ რჩევას, მათი დაკვალიანება შეძლონ. ყველას ჰგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ სტუმარს რესტორანში დაპატიჟებენ. რესტორანში შეჭამ და აღარაფერი დაგრჩება. ისტორია გამდიდრებს, სხვა გამოცდილებას გაძლევს. როცა მეტი ინფორმაცია გაქვს, ერთი ნაბიჯით წინ ხარ,“ — ამბობს ლევან გიორგაძე.

გიდი გვიყვება, რომ თბილისელები საკუთარი ქალაქით, უფრო მეტად, პანდემიის პერიოდში დაინტერესდნენ. მაშინ არც სამსახურებით იყვნენ ძალიან დატვირთულები და არც სხვა საქმეებით. უმეტესობამ, ასეთ დროს მოიცალა თბილისის გასაცნობად. თუ მანამდე ქართულენოვანი ტურის საჭიროება არ იდგა, პანდემიის პერიოდში ლევან გიორგაძეს თანაქალაქელებთან სასაუბროდ სპეციალური მომზადებაც დასჭირდა.

ჩემი პირველი ემოცია იყო ღელვა — რა ვუთხრა ამ ხალხს ახალი? დავიწყე მომზადება, გადავქექე მასალები, სიღრმეებში ჩავედი... ტურზე, როგორც კი მათ გადმოკვეთეს ძველი თბილისის საზღვარი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სხვა ქალაქში იყვნენ. ათვალიერებდნენ იქაურობას, ინფორმაციაც არ ჰქონდათ. ქართული ტურები ახლაც მოქმედია, მაგრამ ხალხი მაინც ზარმაცობს... სამსახური მაქვს, არ მცალია, მირჩევნია მეგობართან ერთად დავისვენო და ტური მერე, როცა მეორე პანდემია დაიწყება...“ - იხსენებს ლევან გიორგაძე.

და მაინც, საიდან დავიწყოთ მშობლიური ქალაქის გაცნობა? რა ვნახოთ პირველი? რას გვირჩევს გიდი, რომელიც ყოველდღიურად წარადგენს თბილისს სრულიად უცხო ადამიანების წინაშე? ლევან გიორგაძის თქმით, მეგზურებს სჯერათ, რომ ნებისმიერი ქალაქი დეტალებში იმალება. ამბობს, რომ სულაც არაა აუცილებელი ნარიყალაზე ასვლა ან მთაწმინდიდან გადმოხედვა. საკმარისია ისტორიულ უბნებში უბრალო გასეირნებაც.

„მეცხრამეტე საუკუნის ნებისმიერი შენობა იმდენად ლამაზია თავისი გაფორმებით, სახეებით, ჩუქურთმებით, სადარბაზოებით, ეზოებითა და აივნებით, დღევანდელ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, მინიმუმ საინსტაგრამოდ ძალიან მაგარია. თუ ამას ინტერნეტში მოპოვებულ ინფორმაციასაც დაახმართ, ისტორიასაც გაიგებთ. არსებობს ლიტერატურაც, მაგალითად „ბიზნეს ისტორიები საქართველოდან“, ან ალეკო ელისაშვილის მიერ გამოცემული წიგნები. ადამიანებს შეუძლიათ, ამ წიგნების ნაკვალევს გაჰყვნენ. სოლოლაკში რომ შევლენ, მისამართიც არაა საჭირო. იარონ უმისამართოდ, არ გამოტოვონ სადარბაზოები, არ იყურონ მხოლოდ წინ. საოცარ დღეს გაატარებენ ადამიანები, თუ კომფორტულ ფეხსაცმელს ჩაიცვამენ, ხელში წყალს ან ყავას დაიჭერენ და მეგობრებთან ერთად სოლოლაკში „იბოდიალებენ“. კარგ ფოტოებსაც გადაიღებენ და თუ იქვე „დაგუგლავენ“, საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებენ,“ — გვირჩევს გიდი.

თუმცა მაინც, როცა ისტორიებს გიდი გვიყვება, ყველაფერი უფრო საინტერესო და ემოციური ხდება. ასეთ დროს ინფორმაცია არ არის მხოლოდ მშრალი ფაქტები. დიალოგით ბევრად მეტს გავიგებთ და პროცესიც უფრო საინტერესო გახდება.

„ჩვენი, მეგზურების მოვალეობაც ზუსტად ეს არის — ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვიკიპედია. კარგი მეგზური მეტი ინფორმაციის მიღების სურვილსაც უნდა გიღრმავებდეს“ , — გვიდასტურებს ლევან გიორგაძე.

საუბრის ბოლოს, თბილისის ახალი „ტრენდიც“ ახსენა. დედაქალაქი, შეიძლება ითქვას, ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ხდება და, როგორც გაირკვა, Street Art-ის ეპიცენტრი ვარკეთილი ყოფილა. თემა იმდენად პოპულარულია, რომ ლევან გიორგაძემ სპეციალურად ამ საკითხზე მორგებული ტურიც ააწყო, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აინტერესებს. გიდი გვირჩევს, რომ თუ ქუჩის მხატვრობა ვინმეს აინტერესებს და ნამუშევრებს მიღმა არსებულ ისტორიებსაც მოისმენდა, აუცილებლად ეწვიოს გმირებისა და სუხიშვილების ქუჩებს, გიდის თანხლებით.

თბილისი არაერთგვაროვანი, მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოერგება. მთავარია გადავწყვიტოთ, საიდან და რა კუთხით გვინდა მისი გაცნობა.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები