1746633190
ავტორი
მეკო მეტრეველი
ქალაქის იდენტობა სოციუმის, ტრადიციების, კულტურის სინთეზის შედეგად იქმნება და მისი ხასიათიც ამ ფაქტორების გათვალისწინებით დროთა განმავლობაში ყალიბდება. სწორედ ეს ნიშა განსაზღვრას ქალაქის ინდივიდუალიზმს და ურბანულ სივრცეებს ერთმანეთისგან განასხვავებს.
თბილისი ისტორიული ქალაქია, რომელიც ოდითგანვე თავისი მრავალფეროვნებით აღტაცებას იწვევდა და განსხვავებულ კულტურებს, სხვადასხვა ეროვნების ხალხს ერთმანეთთან აკავშირებდა. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ განსაზღვრა ქალაქის სახე, რომელიც ყველაზე კარგად არქიტექტურაში გამოიხატა. მართალია, დღეს თანამედროვე თბილისის უმეტესი ნაწილი მასშტაბური განაშენიანებისა და უკონტროლო მშენებლობის გამო თავის ავთენტიკურობას კარგავს, მაგრამ ძველ უბნებში ჯერ კიდევ შემორჩენილია ისტორიული ქალაქის სიდიადის კვალი და უნიკალური ელემენტები. ქალაქის ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი გამომხატველია კლდოვან, უსწორმასწორო რელიეფზე ნაგები სახლები, ხის მოჩუქურთმებული აივნებით, რომლებიც მე-19 — მე-20 საუკუნის ქალაქის სოციალური თუ კულტურულ ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
თბილისური აივნები, როგორც ქალაქის სახასიათო ნიშანი, მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან მკვიდრდება. მოხარატებული და მოჩუქურთმებული აივნების ტრადიცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ საქართველოს ოდა-სახლებიდან გავრცელდა რაჭველი, იმერელი თუ მეგრელი ხუროებისა და ოსტატების მეშვეობით. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ, ტრადიციულ ნიშნებთან ერთად, თბილისური აივნები აღმოსავლური სტილის ელემენტებითაც ხასიათდებოდა და ევროპული ყაიდის სახლებს ორგანულად ერწყმოდა. სახლების უმეტესობაზე ეზოს შიდა მხრიდან სადა ხის მოხარატებული აივნები გვხვდებოდა, ფასადი კი გაცილებით ვრცელი, პომპეზური აივნებით იყო გაფორმებული, რომელიც ხშირად სახლის მთავარ ღირებულებას განსაზღვრავდა და მნახველი აღტაცებაში მოჰყავდა.
მეფის რუსეთის პერიოდის ადრეულ წლებში, მთავარმართებლის ადმინისტრაცია თბილისის აზიურ იერსახეს აქტიურად ებრძოდა და ხის აივნებს მასშტაბურად ანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რომ 1810-იან წლებში მთავარმართებელმა ტორმასოვმა სპეციალური დადგენილებაც „ინსტრუქციები ტიპობრივი ფასადებით შენების შესახებ" გამოსცა, რომელიც ხელოსნებს ფასადების კონკრეტული წესით მოპირკეთებას ავალდებულებდა, მშენებლობაში ადგილობრივი, ტრადიციული თბილისური ელემენტები მაინც იჩენდა თავს. ამიტომ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან, როდესაც თბილისის ძირითად არქიტექტურას რუსული კლასიცისტური ნაგებობები წარმოადგენდა, ჰარმონიულად ეხამებოდა თბილისური ელემენტებიც — ეზოებზე გამოსული აივნები, შუშაბანდები, გარეთა კიბეები და ქუჩის მხარეს დაკიდებული აივნები, რაც მალე ყველა სახლისათვის აუცილებელ დეტალად იქცა.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ალექსანდრე გრიბოედოვი თავის ჩანაწერებში განიხილავდა აივნების მნიშვნელობას ქალაქისთვის და ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად, ხაზს უსვამდა მათ ეკოლოგიურ უპირატესობას.
„სახურავის კიდიდან გადმოწეული ფარდული, რომელიც კედლიდან ერთი არშინის ან უფრო მეტ მანძილზე მაგრდება ბოძებზე, აქაური ცხელი სარტყლის პირობებისათვის საჭირო ჩრდილს იძლევა და წინააღმდეგობას უწევს აგურის გახურებას სიცხისგან. ყველა აქაური ექიმის დამოწმებით, ეს ჯანმრთელობისათვის აუცილებელია". ეკოლოგიურ ფაქტორებზე მიუთითებს თავად აივნის დამუშავებისა და მასალის ხარისხიც. თბილისში უამრავი ხის ქარხანა ფუნქციონირებდა, სადაც კარგად გამომშრალ და ხარისხიან ხეს აწარმოებდნენ, თავად აივნები და ეზოები კი ვაზითა და სხვადასხვა მწვანე მცენარით იყო გაფორმებული. ყურადღებას იქცევდა აივნების გეგმარებაც, რომელიც ხშირად ოთახების ფართობს აღემატებოდა და სოციალური შეკრებების ფუნქციას ასრულებდა.
თბილისური აივნები ქალაქური ცხოვრების განუყოფელი ელემენტიც იყო, რომელიც ხელს უწყობდა ერთიანი სამეზობლოს ჩამოყალიბებას, სოციალური კავშირების განმტკიცებას და სხვადასხვა ეროვნების ადამიანების დაახლოებას. ხშირად, სწორედ აივნებზე იშლებოდა ლხინისა თუ ჭირის სუფრები და ქალაქური ამბებიც ქუჩაში შეჭრილი აივნებიდან ვრცელდებოდა. ამ ფაქტით განსაკუთრებით სარგებლობდნენ მსხვილი თუ წვრილი ვაჭრები და კომერციით დაინტერესებული თბილისელები. მაგალითად, ძველ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უტრუხუნეს დუქანი სტუმრებისათვის მიმზიდველი სწორედ მთელს სიგრძეზე გაყოლებული ფართო აივნით იყო, რომელიც მტკვრის ნაპირს გადაჰყურებდა და სტუმრებს ახალთახალი, აივნიდან დაჭერილი თევზით უმასპინძლდებოდა. ფართო აივნით გამოირჩეოდა 1843 წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აშენებული იაკობ ზუბალაშვილის ორსართულიანი ქარვასლაც, რომელსაც მტკვარზე გადმოკიდებული რკალისებური ხის აივანი ამშვენებდა.
თანამედროვე თბილისის ზოგიერთი ქუჩა დღემდე ინახავს გასული საუკუნეების ქალაქის სახეს და ავთენტიკური იერით შემორჩენილ აივნებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილია დიუმას ქუჩა, რომელიც მდიდრულად მოხარატებული ორმაგი საფასადო აივნებით იქცევს მნახველის ყურადღებას. სახლების უმეტესი ნაწილი XIX საუკუნის II ნახევარშია აგებული და თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელი რკინის სპირალური კიბეებით გამოირჩევა, რომლებიც შენობის მეორე სართულს უკავშირდება.
არქიტექტურული თვალსაზრისით უნიკალური შენობაა დიუმას N13-ში მდებარე 1840 წელს აგებული ორსართულიანი სახლი, რომელიც თავისი მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩეულია მიმდებარე განაშენიანებაში. შენობა ყურადღებას იქცევს ორი სხვადასხვა სტილის ფასადით, რომელიც ქუჩასა და შიდა ეზოს გადაჰყურებს. შეულესავი აგურის ფასადს თაღებიანი, დღეს უკვე შემინული ხის აივანი ამკობს, ხოლო ეზოსკენ მიმართული ნაწილი საკმაოდ დეკორატიულია. ამასთან მეორე სართულზე გვხვდება ფერადმინებიანი შუშაბანდი, რომლის თაღების შუა ნაწილი ნახევარწრიულია, ხოლო კიდეები — შეისრული.
XIX საუკუნის II ნახევრით თარიღდება დიუმას N8-ში მდებარე სახლიც, რომელიც მდიდრული, მოხარატებული ორმაგი საფასადო აივნით გამოირჩევა. ხოლო დიუმას 9 ნომერში არსებული საცხოვრებლის აივანი ავარიულ მდგომარეობაშია შემორჩენილი და სიძველის მიუხედავად პირვანდელი სილამაზის ნიშნებს ინახავს.
მნახველის თვალს იტაცებს მდიდრულად დეკორირებული აივანი ვერცხლის ქუჩაზეც, სადაც მე-19 საუკუნით დათარიღებული სახლები გვხვდება. ამ მხრივ გამორჩეულია N43-ში მდებარე კლასიცისტური სტილის საცხოვრებელი, რომლის ფასადი შელესილია, მეორე სართულზე კი ფასადის მარცხენა კუთხეში ხუთთაღიანი აივანია წარმოდგენილი.
XIX საუკუნის შუა ხანებით თარიღდება ავლევის №19-ში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის ეზოსკენ მიმართული აივანი ორ სართულად არის დაყოფილი და ხის სპირალური და სწორხაზოვანი კიბეებით ერთმანეთს უკავშირდება. თბილისური არქიტექტურისა და აივნების უნიკალური ნიმუშებია შემორჩენილი გომის ქუჩაზეც, რომელთა უმეტესობა XIX-XX საუკუნეშია აგებული. სამწუხაროდ, დღეს ხის აივნების უმრავლესობა განადგურებულია, ნაწილი კი შეცვლილი იერსახით ან საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ამ უნიკალური ელემენტის შენარჩუნება, დაცვა და მოფრთხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქალაქის თვითმყოფადობა შენარჩუნდეს და მისი ავთენტიკურობა არ დაიკარგოს.