1752080411
ავტორი
ბაკურ გაბუნია
მთელი საქართველო ერთ სივრცეში — შეიძლება, ასე ვუწოდოთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საქართველოს რეგიონების არქიტექტურულ, ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას.
ყველაფერი 1966 წელს დაიწყო, როდესაც ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ მუზეუმის დაარსების იდეა წამოჭრა. გენერალური გეგმა კი ლონგინოზ სუმბაძემ შეიმუშავა. ასე გაჩნდა კავკასიის რეგიონში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ცხადია, იდეის აშკარა მიზანი საქართველოს რეგიონალური თავისებურებების ერთიან სივრცეში თავმოყრა იყო — ასე დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, ქვეყნის მრავალფეროვან კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას გასცნობოდნენ.
მუზეუმი განლაგებულია 52 ჰექტარ ფართობზე და მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ნიშური სახლების, სამეურნეო ნაგებობებისა და ტაძრების მოდელებს. აქ წარმოდგენილია კახური, იმერული, გურული, სვანური და სხვა რეგიონების ნიმუშები. რაც მთავარია, თითოეული მათგანი ზედმიწევნით ინარჩუნებს ავთენტიკურობასა და ტრადიუციულ დეტალებს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მუზეუმში თითოეული ნაგებობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული წესით არის აღდგენილი. მაგალითად, სვანური კოშკები სრულად ასახავს ამ რეგიონში გავრცელებულ დამცავ-ბინადრულ არქიტექტურას; ხოლო კახური მარანი წარმოდგენილია თავისი დამახასიათებელი საწნახელითა და ქვევრებით. ასევე, მუზეუმში წარმოდგენილია ისტორიული ავეჯი, ხელნაკეთი იარაღები, ქსოვილები და სხვა სახასიათო ნივთები.
საგულისხმოა, რომ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი არა მხოლოდ საქართველოს წარსულის გაცნობას ემსახურება, არამედ დიდ როლს ასრულებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობისთვის ამ ცოდნის გადაცემაში. აქ ხშირად იმართება ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული ფესტივალები, ტრადიციული სამზარეულოს პრეზენტაციები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები.
მუზეუმი ასევე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს. იგი მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ისტორია პრაქტიკულად შეისწავლონ და დააკვირდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინ. თანაც, ვიზიტორებისთვის არსებობს სხვადასხვა თემატური ექსკურსია, სადაც გამოცდილი გიდები ნაგებობების ისტორიასა და მათ ფუნქციებზე დეტალურად უყვებიან.
აღსანიშნავია, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმები მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესით სარგებლობს. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში. მაგალითად, სტოკჰოლმში მდებარე „სკანსენი“ პირველი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც 1891 წელს გაიხსნა და დღემდე იზიდავს ტურისტებს. აქ წარმოდგენილია შვედეთის სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული ნაგებობები და კულტურული ელემენტები.