1763650357

შესაბამისობის შემოწმება და ჰაერის დაბინძურების კონტროლი — მერიის ახალი ინიციატივები და სანქციები

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისის მერია სამშენებლო სექტორს ახალ შესაძლებლობას აძლევს. დეველოპერებს უკვე შეეძლებათ, მშენებლობის პროცესშივე თავად მოითხოვონ მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან ობიექტის შესაბამისობის შემოწმება.

მერიის შეთავაზებით, ეს ცვლილება უნდა გახდეს ერთგვარი „თავდაცვითი მექანიზმი“, რომელიც გაამკაცრებს კონტროლს და შეამცირებს ისეთ დარღვევებს, რომლებიც ბოლო წლებში თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ურბანულ პრობლემად იქცა.

როგორც თბილისის მერმა ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, ამისთვის მშენებლებმა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიმართონ. ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობის პროცესი ყველა ეტაპზე წარიმართოს სანებართვო პირობების შესაბამისად.

კახა კალაძემ სამშენებლო სექტორის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია.

„ჩვენი მხრიდან სექტორი ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე”, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ამასთანავე, კალაძე იმედოვნებს, რომ ახალი სერვისით ბევრი დეველოპერი ისარგებლებს.

„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწევთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. ეს შესაძლებლობას იძლევა თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, — განმარტა კალაძემ.

გამკაცრებული სანქციები ჰაერის დაბიძურებაზე

ჰაერის დაბინძურება უკვე დიდი ხანია ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეკოლოგიური გამოწვევაა. წლების განმავლობაში უკონტროლობის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება რთულია, თუმცა მერია ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებას იწყებს.

გამკაცრებული სანქციები გავრცელდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე (ეს მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას), გარდა ამისა გამკაცრდება სანქციები მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე.

„ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა კანონპროექტი და ჯარიმები, რომელიც დღეს 500-დან 6 000 ლარამდეა, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, — განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ განმარტა, რომ მსგავს სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რადგან ამ ბიზნესით დაინტერესებულ სუბიექტებს მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად.

ჯარიმების „განულება“

სამაგიეროდ, ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

ამ ინიციატივის წარდგენისას, კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად კიდევ ერთხელ დაასახლა ტაქსების რეფორმა.

„ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„ამ პროცესის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია იყო სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან და პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ტრამვაი

თბილისს ტრამვაი უბრუნდება?

1761238020

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები