1735041420

მაგალითები თბილისისთვის — ინტერვიუ ვროცლავის მერთან

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

თბილისის ნაკლოვანებებზე საუბრისას, საუკეთესო მაგალითებად, უმეტეს შემთხვევებში, ევროპის განვითარებული ქვეყნების დედაქალაქები მოგვყავს ხოლმე. ამიტომაც, კამათის დროს, ვისმენთ იმ არგუმენტსაც, რომ ასეთ ქალაქებს არ უნდა ვედრებოდეთ, რადგან განვითარების დონე, ქალაქების ფართობი ან, თუნდაც, მოსახლეობის რაოდენობა რადიკალურად განსხვავებულია.

არადა, მაგალითები საიდან უნდა ავიღოთ, თუ არა ევროპის ქალაქებიდან? ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც ხომ ასეთ ქალაქში გვსურს ცხოვრება — ქალაქში, სადაც ბევრი მწვანე სივრცეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია, კულტურული მემკვიდრეობა დაცულია და ხუთსართულიანი სახლის წინ, შემთხვევით შემორჩენილ თავისუფალ ტერიტორიაზე, ცათამბჯენის აშენების საშიშროება არ არის.

მაგრამ, რადგან არგუმენტი „ვის ვედრებით“ მაინც აქტუალურია, გადავწყვიტეთ, შედარებით მომცრო, მაგრამ მაინც ევროპული ქალაქის, ვროცლავის ისტორია გაგაცნოთ. გამოცდილებას კი თავად ქალაქის მერი, იაცეკ სუტრიკი ექსკლუზიურად ურბან მედიას უზიარებს.

ვროცლავი სიდიდით ვერ დაიკვეხნის და პოლონეთში ვარშავის, კრაკოვისა და ლოძის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა, ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, განსაკუთრებული არქიტექტურითა და, რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობით. მისი ფართობი 292,92 კმ²-ია და 2023 წლის მონაცემებით, იქ 700 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ამ ქალაქს რამდენიმე საინტერესო მახასიათებელი აქვს. მაგალითად ის, რომ ასეთ მცირე ტერიტორიაზე 12 კუნძული და 130 ხიდია. კიდევ ის, რომ ამ ქალაქში თითქმის ვერ შეხვდებით ცათამბჯენებს. ასევე ისიც, რომ სხვა საინტერესო ვიზუალურ სიმბოლიკასთან ერთად, ვროცლავის მთავარი სავიზიტო ბარათი პატარა ჯუჯების ქანდაკებებია, რომლებიც ყველა კუთხეში შესამჩნევია.

კულტურული მემკვიდრეობითა და არქიტექტურით მდიდარი ვროცლავი ვითარდება, მოსახლეობა ემატება და მოთხოვნილებებიც იზრდება. სწორედ ამიტომ, პირველი კითხვა, რაც ვროცლავის მერს დავუსვით, მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის განვითარებისას ბალანსის დაჭერას ეხებოდა.

„ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ქალაქის ისტორიული ნაწილი დიდ ყურადღებას მოითხოვს, როდესაც ვცდილობთ მის მორგებას თანამედროვე საჭიროებებთან. ისტორიული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი აშენდა იმ დროს, როდესაც არავის ეგონა, რომ ქალაქში ამ რაოდენობის ტრანსპორტი იქნებოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ თითქმის ყველას ეყოლებოდა მანქანა. დღეს, ჩვენს ქალაქში საკმაოდ ბევრი ავტომობილია. ბევრ ადგილას, კომპაქტური ისტორიული არქიტექტურის ფარგლებში, უბრალოდ შეუძლებელია ფართო გზების აშენება. ამიტომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელისა და ველობილიკების გაფართოებაზე. გვსურს, რომ მოქალაქეებმა შეძლონ, დატოვონ მანქანები გარეუბნებში და ქალაქის ნებისმიერ წერტილში კომფორტულად მივიდნენ, მაგალითად, ავტობუსებითა და ტრამვაით,“ — ამბობს იაცეკ სუტრიკი.

— რა ნაბიჯებს დგამს ქალაქის მთავრობა ისტორიული ძეგლების დასაცავად და შესანარჩუნებლად?

ვროცლავში 10 000-მდე ნაგებობაა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული სხვადასხვა სამართლებრივი ნორმითაა დაცული. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ქალაქის მთავრობის საკუთრებაში არ არის. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი იმ შემთხვევებშიც კი, თუ მესაკუთრე კერძო პირია. ისტორიული ტაძარი, ან ძველი საცხოვრებელი შენობა, თუნდაც კერძო საკუთრებაში იყოს, ვროცლავის მოსახლეობის მემკვიდრეობაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბევრ საინჟინრო ნაგებობასაც, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ (მაგ. ხიდები), ასევე აქვთ ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, პრაქტიკულად, ყველა მსხვილი საინვესტიციო პროექტი ქალაქის ცენტრში უნდა განხორციელდეს ისტორიული დაცვის ორგანოებთან კონსულტაციით.

— რა ხდება, როდესაც ახალი ინვესტიციები ან პროექტები ხორციელდება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მახლობლად? რა რეგულაციები მუშაობს ამ დროს?

ისტორიულ ადგილზე ან მის მახლობლად ჩატარებული ყველა სამშენებლო სამუშაო მოითხოვს კონსულტაციას ისტორიული დაცვის ოფიცერთან, რომელიც ვროცლავის ქალაქის მთავრობისგან სრულად დამოუკიდებელია. ეს კონსულტაცია სავალდებულოა ნებისმიერი ინვესტორისათვის, თუკი ისინი მუშაობენ ისტორიული ადგილების მახლობლად. ჩვენ ასევე ვზრუნავთ ქალაქის არქიტექტურულ იდენტობაზე. გვყავს ქალაქის არქიტექტორი, რომლის როლი არის საინვესტიციო პროექტების კონსულტაცია ვროცლავის ყველაზე მნიშვნელოვან უბნებში, განსაკუთრებით კი მის ისტორიულ არეალში.

— რამდენად არის ჩართული ვროცლავის მოსახლეობა ქალაქის ურბანულ განვითარებაში? მაგალითად, როგორც ცნობილია, ქალაქში არსებული, ფაქტობრივად ერთადერთი ცათამბჯენის, Sky Tower-ის მშენებლობას, თავის დროზე, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

გეგმა და შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს ვროცლავში არსებული ტერიტორიების ფუნქციებს, იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული თუ სამრეწველო, შედგენილია მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. იგივე ეხება, მაგალითად, შენობის დასაშვებ სიმაღლეებს მოცემულ ტერიტორიაზე. მოსახლეობას აზრს ვეკითხებით მაშინაც, თუ მსხვილ სატრანსპორტო ინვესტიციებს ვგეგმავთ. ცათამბჯენი Sky Tower აშენდა სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში. ამჟამად, მსგავსი სიმაღლის შენობის აშენება არ იგეგმება. თუმცა, წლების განმავლობაში, შენობა ვროცლავის ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იქცა და დღეს, მოსახლეობას არ შეუძლია წარმოიდგინოს ქალაქის ჰორიზონტი ამ შენობის გარეშე.

— განსაკუთრებული არქიტექტურის გარდა, ვროცლავი საკმაოდ შთამბეჭდავია გამწვანებული სივრცეების რაოდენობის თვალსაზრისითაც. ურბანიზაციის გამოწვევების გათვალისწინებით, რა სტრატეგიას იყენებს ვროცლავის მთავრობა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ან გაზარდოს მწვანე სივრცეების რაოდენობა?

ჩვენთვის პრიორიტეტია, შემოვიტანოთ გამწვანება ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ამ დროის მონაცემებით, მწვანე სივრცეებზე წვდომა სახლებიდან 300 მეტრში ვროცლავის მცხოვრებლების 81%-ს აქვს. ეს კი იმის შედეგია, რომ ჩვენ ფოკუსირებულები ვართ არა მხოლოდ დიდი პარკების გაშენებაზე, არამედ პატარა სკვერებისა და ე. წ. „ჯიბის პარკების“ მოწყობაზე. ეს ურბანული თბური კუნძულის ეფექტის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ჩვენ ვრგავთ ხეებს ქალაქის ცენტრალური გზების მიმდებარედ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ბეტონის სივრცეები მწვანე ტერიტორიებად ვაქციოთ. ამის კარგი მაგალითია მოედანი Nowy Targ. ამ ტერიტორიაზე ჩვენ მოვანგრიეთ ძველი ბეტონი, რომელიც თავის დროზე მიწისქვეშა ავტოსადგომის სახურავი იყო და მის ადგილას 63 000-ზე მეტი მცენარე დავრგეთ. ამის შემდეგ, ჩვენ შევათვალიერეთ ის ტერიტორიები, სადაც გამწვანება თავიდანვე არ იყო ჩაფიქრებული მაგალითად, ვროცლავის ისტორიულ სივრცეებში. აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ბეტონის ფილის მოცილებით, შესაძლებლობა გვექმნება, დავრგოთ ახალი ხეები. ამგვარი მიდგომები გვეხმარება წვიმის წყლის მართვაშიც და მცენარეებიც ბუნებრივ პირობებში აყვავდებიან. ამიტომ, დაგეგმარებას ამ პერსპექტივიდანაც განვიხილავთ. თუ ტერიტორია განკუთვნილია საცხოვრებელი ფართისთვის, ჩვენ ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ვამოწმებთ, შესაძლებელია თუ არა ახლომდებარე სივრცეებში ახალი გამწვანების გაშენება. ჩვენ უკვე გამოვყავით ათობით ასეთი ადგილი.

— დიდი ქალაქების კიდევ ერთი გამოწვევა საცობები და სატრანსპორტო სისტემაა. მაგალითად, თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემაც, ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. რამდენად იგრძნობა იგივე პრობლემა ვროცლავში და როგორ მართავთ სატრანსპორტო სისტემას?

ეს საკითხი მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს დაწყებული ქალაქის განვითარების დაგეგმვიდან, მათ შორის ახალი შენობებისა და სამუშაო სივრცეები, კონკრეტულ სატრანსპორტო ინვესტიციებამდე, როგორიცაა ტრამვაის ახალი მარშრუტები, ქუჩები, ველოსიპედის ბილიკები ან ტროტუარები. პროცესი, ასევე, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პარკირების რეგულაციები და მოძრაობის მართვა. ჩვენ ვაანალიზებთ საინვესტიციო პრიორიტეტებს დატვირთვის მონაცემებზე, მოსახლეობის რაოდენობასა და დემოგრაფიის ცვლილებაზე დაყრდნობით. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? მაგალითად, ჩვენ ვაკვირდებით, სად დასახლდებიან ახალგაზრდა წყვილები შვილებთან ერთად და ამ ადგილებში, ვცდილობთ, ავაშენოთ ოჯახებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ბაგა ბაღები, საბავშვო ბაღები, სკოლები, ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამედიცინო კლინიკებსა და სავაჭრო ობიექტებზე. მთავარია, თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც თან სდევს მოქალაქეთა განათლებაც. ბოლო წლებში, ჩვენ ავაშენეთ 90 კილომეტრზე მეტი ველობილიკი და დღეს, ვროცლავს 1400-ზე მეტი გზა აქვს, რათა მოქალაქეები ველოსიპედებით კომფორტულად გადაადგილდნენ. გარდა ამისა, მუდმივად ვაუმჯობესებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვცვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს და ვაშენებთ სპეციალურ ზოლებს ტრამვაისა და ავტობუსებისთვის, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და მოსახერხებელი.

— რა გამოწვევების წინაშე დგას ვროცლავი ურბანული განვითარების კუთხით და როგორ ხედავთ ქალაქის მომავალს საცხოვრებელი პირობებისა თუ მდგრადი განვითარების თვალსაზრისით?

ვროცლავის განვითარების გეგმაში ბუნებრივი გარემო სრულადაა გათვალისწინებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქალაქის მომზადება კლიმატის მიმდინარე ცვლილებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვმუშაობთ, რომ ნახშირზე მომუშავე ღუმელები ეკოლოგიურად სუფთა გათბობის სისტემით ჩავანაცვლოთ. 2019 წლიდან მოყოლებული, ქალაქში 14 000 ასეთი ღუმელი ამოვიღეთ. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით წინსვლა განვაგრძოთ, ჩვენ ვმუშაობთ ურბანული განვითარების ისეთ გეგმებზე, რომლებიც მაქსიმალურად ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს საცხოვრებელი სივრცეების აშენებისას. იგულისხმება სატრანსპორტო კავშირებით უზრუნველყოფა და ისეთ არსებით ინფრასტრუქტურაზე წვდომა, როგორიცაა, მაგალითად, სკოლები. ბოლო წლებში ვროცლავში აშენდა ორი უახლესი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სკოლასა და საბავშვო ბაღს, კიდევ ერთი კი ახლა შენდება. თითოეული მათგანი 1 200 ბავშვზეა გათვლილი. „ყოვლისმომცველი საცხოვრებელი კომპლექსების“ მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და გარემოზე ზრუნვა სავალდებულო ამოცანაა ნებისმიერი ისეთი ქალაქისთვის, რომლის მიზანიცაა, გახდეს ევროპული მეტროპოლია.

— და ბოლოს, საინტერესო იქნება, თუ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას 2024 წლის სექტემბრის წყალდიდობასთან დაკავშირებით. როგორ შეხვდა ვროცლავის ხელისუფლება გამოწვევებს? რა შედიოდა მოსამზადებელ სამუშაოებში და როგორ შეაფასებდით ამ ძალისხმევის შედეგებს?

— 1997 წლის წყალდიდობის შემდეგ, როდესაც ვროცლავის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალმა დაფარა, ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა იგივე არ განმეორებულიყო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სრულად განვაახლეთ ვროცლავის წლის სისტემა, რაც იცავს ქალაქს დიდი წყალდიდობებისგან. ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მოიცავდა სანაპიროების, ჯებირების და ისეთი ახალი სადგურების მშენებლობას, რომელთა მეშვეობითაც წყლის გადამისამართება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, საფუძვლიანად მოვემზადეთ დაგეგმვისა და ექსპერტიზის მიმართულებითაც. ბოლო წყალდიდობის საფრთხის დროს, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით მივყევით სამოქმედო გეგმას და გავატარეთ კონკრეტული, დამცავი ზომები. სწორედ წინასწარი მომზადების, ასევე სამაშველო სამსახურისა და ვროცლავის მცხოვრებლების თავდადების წყალობით, ქალაქი იყო, არის და იქნება უსაფრთხო.

2024 წლის სექტემბერში, ვროცლავი წყალდიდობის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. მდინარე ოდრას წყლის დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში წყალდიდობამ მძიმე შედეგები მოიტანა, ვროცლავი სტიქიას მომზადებული შეხვდა. საინტერესო ისაა, რომ სამუშაოებში, ქალაქის მთავრობასთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები მოხალისეებიც. შედეგად, სტიქიამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836140

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები