1759761242

საიზოლაციო მასალა — შენობის ენერგოეფექტურობის მთავარი კომპონენტი

ჰედერ

თანამედროვე სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი აქტუალური და მოთხოვნადი საკითხია შენობის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა, რის მისაღწევადაც მნიშვნელოვანია, მოსაპირკეთებელი მასალები დაბალი თბოგადაცემის კოეფიციენტით გამოირჩეოდეს და შენობის ფასადი თუ შიდა ზონა სპეციალური საიზოლაციო მასალით დაიფაროს.

საქართველოს მთავრობის #354 დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც ყველა ახალაშენებული შენობა 2023 წლის 1 ივლისიდან უნდა აკმაყოფილებდეს. ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შესამცირებლად მთავარ როლს საიზოლაციო მასალები ასრულებს, რომელთა ეფექტური მუშაობის შედეგად თბოდანაკარგი მცირდება, ნაკლები ენერგია მოიხმარება და, შესაბამისად, კომუნალური გადასახადებიც იკლებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, საიზოლაციო მასალების მონტაჟი, უმჯობესია, შენობის ფასადზე განხორციელდეს და არა ინტერიერში, თუმცა თუ ტექნიკურად ეს შეუძლებელია, მაშინ შიდა სივრცის კედლები თუ სახურავი აუცილებლად უნდა იყოს დათბუნებული.

თანამედროვე სამშენებლო სფეროში განსაკუთრებული მოთხოვნით რამდენიმე საიზოლაციო სისტემა სარგებლობს, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ:

ქვაბამბა

ქვაბამბა ვულკანური ქანებისა და სხვადასხვა მინერალისგან მზადდება, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე იწრთობა და შედეგად ბოჭკოვანი სტრუქტურა წარმოიქმნება. ქვაბამბას უმეტესად გაბრო-ბაზალტის ჯგუფის ქვებისგან იღებენ, რომელთაც მაღალ ტემპერატურაზე ადნობენ, წარმოქმნილ ბოჭკოებს კი ერთმანეთთან სპეციალური სინთეტიკური ნივთიერებებით აკავშირებენ და საჭირო კონსისტენციისა თუ ფორმის ბამბას ამზადებენ. მას საბოლოოდ პოლიმერიზაციას უტარებენ, თერმოგამძლე ფირით ფუთავენ, სპეციალურ სისქეზე პრესავენ და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვაბამბას იღებენ, რომელიც ხმისა და სითბოს მაღალი საიზოლაციო თვისებებით გამოირჩევა.

ქვაბამბის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხანძრის მიმართ მდგრადობაა. ის კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას (დაახლოებით 1000°C), რის გამოც, დიდი მასშტაბის ხანძრის დროსაც კი არ იწვის. ამასთან, იცავს შიდა კონსტრუქციას და ცეცხლის ალს აკავებს, რაც უსაფრთხოების სტანდარტებს ზრდის.

ქვაბამბა ტენის მიმართ მდგრადია და მისი წყალგაუმტარი თვისებების გამო ფასადს ნესტისა თუ ობის გაჩენისგან იცავს. ასევე, ქვაბამბა ორთქლგამტარი მასალაა და ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მედეგია ქიმიური ნივთიერებების მიმართაც, ამიტომ ლითონთან შეხების შემთხვევაში კოროზია არ ჩნდება. ქვაბამბა გამოიყენება საცხოვრებელი და სამრეწველო შენობების მოპირკეთებისას, როგორც კედლებზე, ისე სახურავზე.

მინერალური ბამბა

მინერალური ბამბა ბოჭკოვანი სტრუქტურის მქონე მასალაა, რომელიც ბუნებრივი ან სინთეტიკური მინარევებისა და მეტალის ოქსიდისაგან მზადდება. ის ნესტისგან დამცავი ტექნოლოგიით არის დამუშავებული და მაღალი დრეკადობით ხასიათდება. მისი უპირატესობაა დაბალი თბოგამტარობა, ტენის მიმართ მდგრადობა და მონტაჟის სიმარტივე. მისი თვისებები თითქმის ქვაბამბის მსგავსია, თუმცა მასთან შედარებით დაბალი საიზოლაციო ხარისხით და ფასით გამოირჩევა, ამიტომ შედარებით ეკონომიური მოდელია.

პოლიურეთანის ქაფი

პოლიურეთანის ქაფი პოლიმერის სტრუქტურის მქონე მასალაა, რომელიც ელასტიკურობის და დაბალი თბოგამტარობის მქონეა და ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის გამოიყენება. ის ძირითადად შიდა ზონებისთვის — კედლების, სახურავისა და ტიხრებისთვის არის გათვალისწინებული, გარე გამოყენების შემთხვევაში კი დამატებით სპეციალურ ფენას საჭიროებს, რადგან პოლიურეთანის ქაფით მოპირკეთებული ზედაპირი გალესვას არ ექვემდებარება.

პოლიურეთანის ქაფი მაღალი თერმოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება, განსაკუთრებით თხელ ფენებში, რადგან ქაფის გაფართოების შედეგად მასალა ზედაპირზე არსებულ ხვრელებს და ნაპრალებს სრულიად ავსებს და ჰერმეტულ ბარიერს ქმნის. დაბალ თბოგამტარიანობასთან ერთად, პოლიურეთანის ქაფი კარგი ჰიდროიზოლაციითაც გამოირჩევა და სივრცეს ნესტისა და წყლის შეღწევისგან იცავს. ის მედეგი და მყარი მასალაა, რომელიც სიმტკიცეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო მისი საშუალო საექსპლუატაციო ვადა 60-70 წელია.

პენოპოლისტიროლი (EPS)

კიდევ ერთი საიზოლაციო მასალა პენოპოლისტიროლი (EPS) 98% ჰაერისა და 2% პოლისტიროლისაგან შედგება. ის პოლისტიროლის აქაფებისა და ქიმიური რეაქციის წარმოქმნის შედეგად მიიღება, რომელიც პოლისტიროლის გაფართოებას იწვევს. გაფართოებული მასა სპეციალურ ფორმებში თავსდება, გრილდება და სხვადასხვა ზომის ფილად იჭრება. მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქეა, რაც მარტივად დასამონტაჟებელს ხდის, თუმცა დაბალი სიმკვრივით გამოირჩევა და, შესაბამისად, ნაკლებად მდგრადია. მისი თბოსაიზოლაციო თვისებების ეფექტურობა, სხვა სისტემებთან შედარებით, დაბალია და ძირითადად შენობების ფუნდამენტებში, გზებსა და გარე კედლებზე გამოიყენება.

მშენებლობაში საიზოლაციო მასალების გამოყენება აუცილებელია, რადგან სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს შენობის ფუნქციონირებას, კომფორტს და ენერგოეფექტურობის მაღალ მაჩვენებელს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები