1763916540
ავტორი
მეკო მეტრეველი
ინდუსტრიული შენობების გაჩენა საქართველოში მე-19, მე-20 საუკუნიდან იწყება, რაც ქარხნული წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებას უკავშირდება. სამრეწველო წარმოება განსაკუთრებით აქტუალური გახდა I მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მასშტაბური განადგურების შემდეგ საჭირო იყო სწრაფი მშენებლობა და დაჩქარებული აღმშენებლობითი პროცესი. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში აქტუალური გახდა აღმშენებლობით საქმიანობაში მუშათა კლასის ჩართულობა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ხოლო II მსოფლიო ომმა საბინაო პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა, ამასთანავე გაიზარდა ქალაქების ზომა, მოსახლეობის რაოდენობა და გაჩნდა საცხოვრებლის დეფიციტი.
წარმოების აუცილებლობა და ბინების მშენებლობის საჭიროება დიდი ზომის საწარმოების შექმნასაც მოითხოვდა, რომლებიც სამშენებლო მასალებთან ერთად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ელემენტების წარმოების ფუნქციას ითავებდა. საბჭოთა ინდუსტრიულ არქიტექტურაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნეში გაჩენილმა ახალმა მიმდინარეობამ — საერთაშორისო სტილმა, რომელიც ფართო, გახსნილი, ნათელი სივრცეებით, ბეტონის კედლებით, სარკმელთა სიმრავლით ხასიათდებოდა, რაც შიდა სივრცეში ბუნებრივ განათებას და მოქნილ სივრცეებს უზრუნველყოფდა დიდი რაოდენობის დანადგარებისა და საქონლის შესანახად.
დღეს თბილისში (და არა მარტო) საბჭოთა პერიოდის საწარმოო ნაგებობები მრავლად შემოგვრჩა, მათი უმეტესობა უფუნქციოდაა დარჩენილი და დანგრევის პირასაა მისული. რამდენიმე მათგანმა 21-ე საუკუნეში სრულიად ახალი იდენტობა შეიძინა, ძველი, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლდა და ახალ, თანამედროვე, ევროპულ ყაიდაზე მოწყობილ შენობებად გარდაიქმნა. გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ შენობას, რომლებმაც პირვანდელი იერსახის, ავთენტიკურობის შენარჩუნებით ახალი სიცოცხლე დაიწყო…
ნინოშვილის N8-ში მდებარე „ფაბრიკას“ თბილისის ურბანულ გარემოში გამორჩეული ადგილი უჭირავს, ის სოციალური შეკრებების, სხვადასხვა ასაკის ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო ადგილია, რომელიც საბჭოთა იდენტობისგან დაცლილ, ახალ, განახლებულ, ცოცხალ გარემოს ქმნის.

მისი ისტორია საბჭოთა კავშირის პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის განვითარების დროს იწყება, როდესაც ქალაქებში სამრეწველო ნაგებობების შენება დაიწყო. ყოფილი სამკერვალო ფაბრიკაც XX საუკუნის პირველ ნახევარში აიგო და ქსოვილების ყველაზე დიდ საწარმოს, მშრომელ ქალთა გამაერთიანებელ საამქროს წარმოადგენდა. შენობა მასიური, მონოლითური, კუბური მოცულობით ხასიათდებოდა, რომელიც მთელ კვარტალზე იყო გადაჭიმული, ფასადი კი სარკმლის ღიობებით იყო დანაწევრებული. ნაგებობა თავისი ფუნქციითა და იერსახით საბჭოთა ესთეტიკის მატარებელი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი ხანი უფუნქციოდ აღმოჩნდა. მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა მისი სრული რეაბილიტაცია და შენობის ევროპულ ყაიდაზე მოწყობა.

რეკონსტრუქციის შედეგად, ქსოვილების ფაბრიკა დიდი მართკუთხა შიდა ეზოს გარშემო თავმოყრილ მრავალფუნქციურ სივრცედ გადაიქცა, რომელიც ჰოსტელს, კაფე-ბარებს, მაღაზიებს, სამუშაო სივრცეებსა და გასართობ ზონებს აერთიანებს. ავთენტიკური ელემენტების ხაზგასმით, შენარჩუნდა შენობის სახე, სახასიათო ელემენტები და სიძველის ატმოსფერო. მეორე მხრივ, სივრცის ფუნქციური მნიშვნელობა შეიცვალა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების სოციალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, მრავალფეროვან ადგილად იქცა ქალაქში.

მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ძველი, დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი რადიო ქარხანა საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობას განეკუთვნება. საინტერესოა, რომ მუხიანის ტერიტორია 1970-იან წლებამდე მუხის ხეებით იყო დაფარული და დასახლების სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. აქ იყო მოწყობილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილებიც. 1980-იან წლებში კი სატანკო ტერიტორიაზე რადიო ქარხანა აშენდა, რომელიც უბნის დაგეგმარების პროექტში თავიდანვე იყო გათვალისწინებული. ქარხანაში იწარმოებოდა რადიო ნაწილები, შემდეგ კი სხვა საწარმოებში ხდებოდა მათი აწყობა. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მომუშავე ქარხანა, სისტემის დაშლის შემდეგ დიდი ხნით უფუნქციოდ დარჩა, სანამ 2019 წელს მისი სრული რეკონსტრუქცია არ დაიგეგმა.

ძველი რადიო ქარხნის ტერიტორია ახალ, თანამედროვე, მრავალფუნქციურ „რადიო ქალაქის“ პროექტად გადაკეთდა, რომელიც 12 ჰა ფართობს მოიცავს. ამჟამად დასრულებულია პროექტის პირველი ფაზა, რაც მოიცავს რესტორნის, კაფე-ბარების, სამუშაო სივრცეების, კორტების, სპორტული მოედნების, საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის განკუთვნილი არეალების მოწყობას. დამატებით იგეგმება ღონისძიებების სივრცის შექმნაც, რომელიც 8 000-დან 10 000-მდე ადამიანს დაიტევს და სხვადასხვა ფესტივალს, გამოფენასა თუ მუსიკალურ აქტივობას უმასპინძლებს. აღნიშნული პროექტი ახალ სიცოცხლეს შეიტანს ირგვლივ არსებულ ურბანულ გარემოში და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გლდანისა და მუხიანის მოსახლეობისთვის დასაქმების პერსპექტივას, გართობისა და დასვენების ახალ სივრცეს შექმნის.
კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, 1930-იან წლებში წიგნის საბეჭდი სტამბა გაიხსნა, რომლის მიზანი წერა-კითხვის გავრცელება და წიგნიერების დონის ამაღლება იყო, მათ შორის საბჭოთა ლიტერატურის პროპაგანდაც. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ დასაქმებულთა უმეტესობა ქალები იყვნენ. ატრიუმის ტიპის შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით დიდ ინტერესს იჩენდა, ნაგებობის ფასადი გალავნის სახით ეკვროდა შიდა სივრცეს, სხვადასხვა სართულზე სამუშაო ზონები იყო განთავსებული, შუაგულში კი ათასობით საბეჭდი დანადგარი განელაგებინათ.

90-იანი წლების შემდგომ შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2018 წლიდან მისი სრული რეაბილიტაცია მოხდა და შენობაში სასტუმრო „სტამბა“ განთავსდა, რომლის ახალი სახელი შენობის თავდაპირველ ფუნქციას დაუკავშირდა.

სივრცე მოიცავს სასტუმროს, გამწვანებულ ამფითეატრს, რესტორანს, ღია ტერასას, საკონფერენციო დარბაზს. მას შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი ესთეტიკა, თუმცა საბჭოთა წარსულისგან სრულადაა დაცლილი. „სტამბა“ იქცა ახალ, თანამედროვე და ევროპულ ყაიდაზე მოწყობილ სასტუმრო სივრცედ, რომელიც თავისი არქიტექტურული ხედვით, ინტერიერის დიზაინით წარსულის მატარებელიცაა და ამავდროულად თანამედროვეობას განასახიერებს.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, 1928-30-იან წლებში, თბილისის №1 პურის ქარხანა აიგო, რომელიც კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. ის დღეს გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის 55 ნომერში მდებარეობს და საბჭოთა იდენტობისგან სრულიად ახალ, განსხვავებულ სახეს ატარებს. როგორც ცნობილია, ქარხანა 1990-იან წლებამდე აქტიურად ფუნქციონირებდა, 90-იანების შემდეგ მან მუშაობა შეწყვიტა, თუმცა გარკვეული პერიოდი შენობის შემოსასვლელში თონე ფუნქციონირებდა.
თბილისის №1 პურის ქარხნის ახალი სიცოცხლე 2019-20 წლიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ შენობას პირვანდელი იერი, ავთენტიკური არქიტექტურული ელემენტები შეუნარჩუნდა, გარკვეულ ნაწილებს რესტავრაცია ჩაუტარდა და ძველი შენობა ახლებურად გაცოცხლდა. აგურის კედლები, ფერადი ავეჯი, დიდი ვიტრაჟები, მეტალის კონსტრუქციები და თანამედროვე ტექნიკა ორგანულად აერთიანებს შენობის ისტორიას, მის სიძველეს, აწმყოს და თანამედროვეობას, რაც ქარხნის სრულიად ახალ, თავისუფალ იდენტობას განაპირობებს.

აღნიშნული შენობების გარდა, თბილისში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ქარხანა, რომელიც ამჟამად დანგრევის პირასაა მისული და უკვე დიდი ხანია ელის ახალ სიცოცხლეს და განახლებულ ფუნქციას.
1763916540
1762535200
1763650357
1763478660