1775061294

თბილისის წყალარინება — ქალაქის ერთ-ერთი სუსტი წერტილი

ფოტო 5

XIX საუკუნის თბილისში მხოლოდ 5 მცირე სიმძლავრის წყალსადენი მოქმედებდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე დღეში მხოლოდ 4 ლიტრ წყალს ითვალისწინებდა. ქალაქის ცენტრალიზებული წყალმომარაგების ისტორია 1862 წლიდან იწყება, როდესაც მტკვრის ფილტრატების ბაზაზე „ყორღანოვის წყალსადენი“ აშენდა. ეს იყო რუსეთის იმპერიაში რიგით მე-11 მსგავსი სისტემა, რომელმაც 1887 წლამდე იარსება.

1880-იანი წლების ბოლოს ექსპლუატაციაში შევიდა ავჭალის წყალსადენი — მომდევნო 46 წლის განმავლობაში თბილისის ერთადერთი ცენტრალიზებული ქსელი. საუკუნის მიწურულს, მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, დღის წესრიგში არაგვის ხეობის (ნატახტრისა და ბულაჩაურის) მიწისქვეშა წყაროების ათვისება დადგა, რისთვისაც საძიებო სამუშაოებს მოწვეული ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ.

თბილისის წყალმომარაგების პარალელურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო წყალარინების (სანიაღვრე) სისტემის გამართვა. XIX საუკუნის ინჟინერია, რომელიც დასავლურ გამოცდილებას ეყრდნობოდა, იყენებდა აგურის თაღოვან კონსტრუქციებს. ეს ნაგებობები დღესაც ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ყველაზე საიმედო ნაწილად რჩება.

ამ სისტემების საიდუმლო მათ გეომეტრიასა და მასალაშია: აგურის თაღოვანი კოლექტორი არა მხოლოდ უძლებს გრუნტის დიდ დაწოლას, არამედ წყლის ნაკადის მაღალ ინერციას უზრუნველყოფს, რაც ხელს უშლის ნალექის დაგროვებას და მილების გაჭედვას. საინტერესოა, რომ ეს ისტორიული ნაგებობები ხშირად უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე 20-30 წლის წინ ჩაყრილი ბეტონისა თუ პლასტმასას მილები. ძველი ინჟინერია ითვალისწინებდა ქალაქის ბუნებრივ რელიეფს, ხევებსა და კალაპოტებს, მაშინ როცა თანამედროვე ქსელები ხშირად ფორმას კარგავს გრუნტის მცირე მოძრაობის დროსაც კი.

დღეს ქალაქის მიწისქვეშა ქსელი მოძველებულია. კრიტიკული მდგომარეობაა ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებზეც კი. მიზეზი მარტივია: რეაბილიტაცია ხშირად მხოლოდ ვიზუალურ მხარეს — ზედაპირულ ცხაურებსა და ასფალტს ეხება, ხოლო ძირეული კოლექტორების გამტარიანობა და მილების დიამეტრი უცვლელი რჩება. შედეგად, ვიღებთ პარადოქსს: ქუჩა ვიზუალურად განახლებულია, მაგრამ მისი „მიწისქვეშა მეხსიერება“ კვლავ გასულ საუკუნეშია დარჩენილი, რაც ნალექის პირველივე მატებისას სისტემის კოლაფსს იწვევს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა, რასაც თბილისის ქუჩებში ვაწყდებით, სანიაღვრე ცხაურების განლაგებაა. ხშირად ისინი გზის ყველაზე მაღალ წერტილშია განთავსებული, რაც წყლის დინების ტრაექტორიას აბსოლუტურად აცდენილია. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური შეცდომა; ეს არის სისტემური ხარვეზი, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც გზის დაგებისას პრიორიტეტი ასფალტის ვიზუალურ სისწორეს ენიჭება და არა წყლის დინების დინამიკას.

არასწორი დახრილობის გამო, წყალი უბრალოდ „გვერდს უვლის“ ცხაურს და გუბდება იქ, სადაც ყველაზე მეტი ფეხით მოსიარულეა — გადასასვლელებთან და გაჩერებებთან. ეს პროცესი ქმნის „მტრულ ინფრასტრუქტურას“, რომელიც ქალაქს წვიმაში გაუვალს ხდის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის: შშმ პირებისთვის, მოხუცებისა და საბავშვო ეტლით მოსიარულეებისთვის.

თბილისის სანიაღვრე სისტემის კრახის კიდევ ერთი ფუნდამენტური მიზეზი ქალაქის სრული „ჰერმეტიზაციაა“. ისტორიულად, ქალაქში არსებული ღია გრუნტი, ბაღები და შიდა ეზოები წყლის შთანთქმის ბუნებრივ ფუნქციას ასრულებდა. დღეს კი მიწის ზედაპირის სრულად ბეტონით მოწყობამ წყალს ბუნებრივი გზა ჩაუკეტა.

როდესაც ნალექი მიწაში ვეღარ შედის, მთელი წყლის მასა ერთდროულად აწყდება სანიაღვრე ცხაურებს. ბეტონის საფარი არა მხოლოდ აბრკოლებს წყლის შთანთქმას, არამედ აჩქარებს მის დინებას, რაც სისტემას მომენტალურ ზეწოლას უქმნის.

გამოსავალი მხოლოდ თანამედროვე მიდგომებშია, რაც გულისხმობს მწვანე სივრცეების დაბრუნებას, წყლის ბუნებრივი შთანთქმის მექანიზმების შექმნას და ინჟინერიას, რომელიც აღარ ებრძვის ბუნებასა და ფიზიკის კანონებს.

ერთ-ერთი კონცეფცია, რომელსაც მოწინავე ქვეყნებში ეყრდნობიან არის „ღრუბლის ქალაქის“ ფილოსოფია, რომელიც დაინერგა ჩინეთში და შემდგომ მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ მიდგომის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ წყალი სწრაფად ჩაედინოს სანიაღვრე მილებში (რაც იწვევს მათ გადავსებას), ქალაქი მას აკავებს, ფილტრავს და ნელა უშვებს ნიადაგში.

ბუნებრივი სანიაღვრე სისტემები — SuDS — არის ინჟინერია, რომელიც იმეორებს ბუნებრივ პროცესებს, სადაც გადამწყვეტ როლს ასრულებს წვიმის ბაღები და ბიო არხები. წვიმის ბაღები არის სპეციალურად დაპროექტებული მწვანე ზონები გზის პირას, რომელიც ტროტუარზე დაბალია. წვიმის დროს წყალი სწორედ აქ გროვდება. მცენარეების ფესვთა სისტემა კი წყალს ფილტრავს მძიმე მეტალებისგან, სანამ ის გრუნტში ჩავა.

ბიო არხები დაფარულია ბალახით, რომელიც ცვლის ტრადიციულ ბეტონის სანიაღვრეებს. ეს სისტემა ანელებს წყლის დინების სიჩქარეს, რაც ხელს უშლის ეროზიას და კოლექტორების გადავსებას.

თანამედროვედ მოწყობილი ქალაქები ერთ სივრცეს რამდენიმე დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, როტერდამში არსებობს მოედნები, რომლებიც მშრალ ამინდში კალათბურთის სათამაშო ან დასასვენებელი სივრცეა, ხოლო ძლიერი წვიმისას იქცევა დროებით შემაკავებელ რეზერვუარად. ეს სისტემას აძლევს დროს, რომ წყალი ეტაპობრივად გაატაროს. ასევე, არის მწვანე სახურავების პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს შენობების სახურავებზე ბალახისა და მცენარეების გაშენებას. ეს სახურავები ნალექის 50-80%-ს თავად იწოვს.

მსოფლიო პრაქტიკა უარს ამბობს ტრადიციულ, მკვრივ ასფალტზე იმ ადგილებში, სადაც დიდი დატვირთვა არ არის (ტროტუარები, პარკინგები, ეზოები). ამ ადგილებში იყენებენ ფოროვან ბეტონსა და ასფალტს: მათ აქვთ ღია სტრუქტურა, რომელიც წყალს პირდაპირ ატარებს ქვედა ფენებში. ასევე, ხშირად გამოიყენება ეკო-ფილები,რომელთა შორის დატოვებულია სივრცე ბალახისთვის ან წვრილი ხრეშისთვის. ეს საშუალებას აძლევს მიწას „ისუნთქოს“ და შეიწოვოს ტენიანობა.

სხვადასხვა ქალაქში (მაგ. ციურიხში, ლონდონში) ხდება მილებში მოქცეული და მიწით დაფარული პატარა მდინარეებისა და ხევების ხელახლა გახსნა, რადგანაც ღია კალაპოტი ბევრად გამტარუნარიანია, ვიდრე ნებისმიერ მილი. გარდა ამისა, ეს ქმნის ბუნებრივ ვენტილაციას და სარეკრეაციო ზონებს ქალაქის ცენტრში.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები