1774548030
ავტორი
ბაკურ გაბუნია
უბანი, ეზო და სამეზობლო - ძველი თბილისის ამ ტრადიციის რეალურ სახეს ისე კარგად, როგორც ეს ფილმში „მზე შემოდგომისა“ არის გადმოცემული, ალბათ, ბევრგან ვერ ნახავთ. ვისაც ეს ნამუშევარი უნახავს, იცის, რომ ეს არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტია, არამედ ძველი ქალაქის ცხოვრების რეალური სტილი.
ახალი თაობისთვის მსგავსი თბილისი დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ „მზე შემოდგომისაში“ აღწერილი თბილისი, სადაც ეზო ფილმის მთავარი სცენაა, ბევრის მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. მაშინდელი ეზო მუდმივად ბავშვებით არის გადავსებული, უფროსების მსჯელობის ადგილიც სწორედ აქაა. ნარდი და დომინო განუყრელი ატრიბუტია, ფანჯრიდან ვიღაც სულ გადმოჰყურებს ეზოს… ამ ყველაფერში არაფერია ხელოვნური, ეს იყო ქალაქში ბუნებრივი თანაცხოვრება.

და როგორია თანამედროვე ქალაქი? აგურებითა თუ კედლებით ამოშენებული და ეზოების გარეშე. არადა ეზოები, სოციალური ინტეგრაციის სივრცედ მიიჩნევა, ბოლო ათწლეულებში ქაოსურმა განაშენიანებამ და ავტომობილების გაზრდილმა რაოდენობამ კი ეს სივრცე ყველას ერთნაირად წაგვართვა. ერთი მხრივ, საერთო სარგებლობის სივრცეების შემცირება ქალაქის სხვადასხვა პერიოდის მმართველების კისერზეა, რადგან წლების განმავლობაში მშენებლობებზე ნებართვები ყოველგვარი გათვლების გარეშე გაიცემოდა, მეორე მხარეს კი თავად მოქალაქეები არიან, რადგან ვის როგორც უნდოდა ისე მიითვისა საცხოვრებელი კორპუსის საერთო ეზოს ნაწილი — შემოღობა, ბარიერით გადაკეტა და მხოლოდ საკუთარი მანქანის დასაყენებელ ადგილად აქცია.
ეზოს დაკარგვა მხოლოდ ნოსტალგია არ არის, ეს არის საჭიროება, რასაც ყველა ჩვენს თავზე ვგრძნობთ… როცა ბავშვის გასასეირნებლად უსაფრთხო ადგილს ვერ ვპოულობთ; როცა სახლში დაბრუნებულებს ერთი სკამიც არ გვხვდება დასასვენებლად; ან მაშინ, როცა მეზობელი კედლის იქით მცხოვრები უცხო სხეულია და არა ადამიანი, რომელსაც ეზოში შემთხვევით მაინც გადავეყრებოდით.
არსებული მშენებლობებისა და რეალობის ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა — შესაძლებელია თუ არა ეზოს, როგორც საერთო სივრცის აღდგენა ჩვენს ქალაქში?
მცირე იმედს იძლევა ბოლო პერიოდის რეგულაციები, რომელიც დეველოპერებს გამწვანებასა და ხეების დარგვას ავალდებულებს. იმედს იძლევა ისიც, რომ მომხმარებელი უკვე უპირატესობას ისეთ მშენებლობებს, კონცეპტუალურ უბნებს ანიჭებს, სადაც ეზოს კონცეფცია გათვალისწინებულია და მზად არის გადაიხადოს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ „კორპუსში“ (რომელიც ერთ პატარა ბეტონის შესასვლელს მოიცავს). და იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მშენებლობები უფრო ძვირად ფასობს, ეს ერთგვარი მოტივაციაა დეველოპერებისთვისაც.
კიდევ ერთი იმედი მსოფლიო გამოცდილებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბევრ ქალაქში ბოლო ათწლეულებში აქტიურად მიმდინარეობს იმ სივრცეების დაბრუნება, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეზოს იდეა თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებაში ხელახლა აღმოაჩინეს (სხვადასხვა ქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების გაქრობა ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება).

მსოფლიო გამოცდილების მაგალითები ინტერნეტის თავისუფალ სივრცეში ადვილად იძებნება. ეზოს აუცილებლობისა და საჭიროების მაგალითს კარგად გადმოსცემს sightline.org-ის მიერ რამდენიმე წლის გამოქვეყნებული ერთი ჩვეულებრივი დედის, ელის ნელსონის ამბავი.
ელისმა ექვსი თვე გაატარა კოპენჰაგენში და საკუთარი თვალით ნახა როგორი შეიძლება იყოს ეკომეგობრული ქალაქი. კომერციულ, მაღაზიებით სავსე ქუჩაზე საკუთარი ბინიდან ყოველდღიურად გადაჰყურებდა უწყვეტ და დაუსრულებელ ველობილიკებს, მწვანე და ფართო ეზოს, რომელიც კვარტალში მდებარე რამდენიმე შენობისათვის საერთო იყო. აქ იყო ხეებისა და მცენარეების გაზონები, ბაღები, სკამები, სათამაშო ინვენტარი. მისთვის ეს იყო ქალაქში უსაფრთხო, მწვანე თავშესაფარი. ამ რეალობას ის ადარებს იმ პერიოდის სიეტლს, სადაც ამ შესაძლებლობას მოკლებული იყო. ელისის აღქმით, მწვანე სივრცეების ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ კავშირებს აძლიერებს, მეზობლები ერთმანეთს ეცნობიან და უსაფრთხოების განცდაც იზრდება. როგორც ის აღნიშნავს, კეთილმოწყობილი გარემო არა მხოლოდ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, არამედ, პირველ რიგში, ურბანული ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ბარსელონაში „სუპერბლოკებად“ დაყოფის მოდელმა გარდატეხა ეზოების შენარჩუნებაშიც მოახდინა. მოდელი გულისხმობს რამდენიმე კვარტალის გაერთიანებას, სადაც შიდა ქუჩები და სივრცეები პრიორიტეტულად ფეხით მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეთმობა. ადრე სატრანსპორტო დერეფნებად ქცეული ადგილები, ფაქტობრივად, ქალაქის ახალ „ეზოებად“ იქცა. მსგავსი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია ვენაშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ ეს არის არა მხოლოდ დასვენების, არამედ სოციალური კავშირების პლატფორმა.
თბილისში საკითხი კიდევ უფრო კომპლექსურია, რადგან აქ ფიზიკური სივრცის მნიშვნელობა არამხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ კულტურული ფენომენის დონეზეც არის განსაზღვრული. თანამედროვე თბილისში, ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ „თევზი გინდა, მეთევზე შენი მეზობელია“ მოდელზე, რომელიც ადრე ბუნებრივად ვითარდებოდა. თანამედროვე ქალაქებში ეზოები და საზოგადოებრივი სივრცეები უკვე დაგეგმვის საკითხია, ამისათვის კი აუცილებელია გამოკვეთილი ურბანული პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების დამოკიდებულების ცვლილებას საერთო სივრცეების მიმართ.