1761058380

არტ-ნუვო საქართველოში: მივიწყებული არქიტექტურის ოქროს ხანა

HEDER

როცა ხალხი არტ-ნუვოზე ფიქრობს — ამ ბუნებით შთაგონებულ, ტალღოვანი ხაზებით გამორჩეულ მოძრაობაზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოედო ევროპას — პირველ რიგში, თვალწინ პარიზის ელეგანტური ფასადები, ბელგიის ქალაქების მხატვრული სახლ-მანსარდები ან ვენის სეკციონის ექსპრესიული ნაგებობები წარმოუდგებათ. თუმცა ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ევროპაში ამ მიმდინარეობის განვითარების პარალელურად, ეს მოდერნისტული ტალღა საქართველოშიც შემოვიდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ესეც თავისებურად და განსხვავებული სახით მივიღეთ. დღეს ქართული არტ-ნუვო ნაწილობრივ დამალულია საბჭოთა ეპოქის უტილიტარიზმისა და თანამედროვე მშენებლობების ჩრდილში, მაგრამ ამ მოძრაობის ქართული მემკვიდრეობა მაინც ახერხებს, რომ მოგვითხროს გლობალურ გავლენებზე, ადგილობრივ უცვლელ დეტალებსა და თბილისის კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

როგორ გამოჩნდა არტ-ნუვო საქართველოში

არტ-ნუვო საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თბილისს ესტუმრა. იმ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო თბილისი კი მრავალეთნიკური, კულტურულად მრავალფეროვანი ქალაქი, სადაც არქიტექტურული სტილებიც ერთმანეთში ხალხივით ირეოდა. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა — ვაჭრობა, ინდუსტრია და რკინიგზის განვითარება ქმნიდა ნიადაგს არქიტექტურული სიახლეებისთვის.

ევროპაში ნასწავლმა არქიტექტორებმა თბილისურ ურბანულ ქსოვილში არტ-ნუვოს ესთეტიკა შეიტანეს. მათ ამ სტილის დამახასიათებელი ორგანული ხაზები, ყვავილოვანი ორნამენტები და ხელოვნური ლითონის დეტალები ადგილობრივ კლიმატთან, სამშენებლო მასალებთან და ტრადიციულ არქიტექტურულ ელემენტებთან გააერთიანეს.

ევროპაში არტ-ნუვო მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოცენდა, სხვადასხვა ქვეყანაში კი სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი: Art Nouveau, Jugendstil, Stile Liberty, Secession, Modernisme და სხვ. საქართველოში მას „მოდერნის სტილი“ ეწოდა.

არტ-ნუვოს თბილისურ სცენაზე გამოჩენა ევროპულ განვითარებასთან თითქმის პარალელურად ხდება. 1901 წლის კავკასიის გამოფენაზე წარმოდგენილი ნობელების პავილიონი — მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ორნამენტებით — ერთ-ერთი პირველი იყო, რამაც ამ ახალი სტილის ნიშნები გვიჩვენა. მხოლოდ შვიდი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბრიუსელში ვიქტორ ორტამ არტ-ნუვოს პირველი არქიტექტურული ქმნილება, Hotel Tassel, დაასრულა.

მალე ეს სტილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა. ადგილობრივმა არქიტექტორებმა და ინჟინრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის ადაპტირებაში. სიმონ კლდიაშვილის მიერ 1902 წელს აშენებული სახლი რომის ქუჩის ოთხ ნომერში და გრიგოლ ქურდიანის 1904 წლის პროექტი ნინოშვილის ქუჩაზე, კლასიკური მაგალითებია ქართული არტ-ნუვოს არქიტექტურული მიდგომისა. აღსანიშნავია, რომ არტ-ნუვოს ქართული ვერსია ამ სტილის უბრალოდ მიბაძვა არ ყოფილა. ადგილობრივმა ოსტატებმა ეროვნული მოტივები გააღვიძეს არტ-ნუვოს ფორმებში. ბევრი შენობა თავდაპირველად სხვა სტილში იყო აგებული და მხოლოდ მოგვიანებით დაემატა არტ-ნუვოს დეტალები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა და, ამავდროულად, ჩახლართულს ხდიდა მის არქიტექტურულ იდენტობას.

თბილისი ქართული არტ-ნუვოს გულში

თბილისის ისტორიულ უბნებში, სოლოლაკსა და მთაწმინდაზე, დღესაც შეხვდებით არტ-ნუვოს ნიმუშებს: ფასადებზე შეინიშნება ჩუქურთმები, თაღოვანი შესასვლელები, კერამიკული მოზაიკა და ფერადი ვიტრაჟები.

გამორჩეული მაგალითებია:

  • მწერალთა სახლი (ყოფილი სარაჯიშვილის სასახლე, 1903–1905) — კარლ ზაარის არქიტექტურული ნამუშევარი, რომელიც აერთიანებს არტ-ნუვოსა და კლასიციზმის ნიშნებს. ფასადი დამშვენებულია თაბაშირის ორნამენტებით, ვილეროისა და ბოხის კერამიკით და დახვეწილი აივნებით.
  • რომის ქუჩა №4 — გიორგი ქართველიშვილის სახლი — არქიტექტორია სიმონ კლდიაშვილი. ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი შენობა თბილისში, რომელიც არტ-ნუვოს სტილში აშენდა.
  • ნინოშვილის ქუჩა №28 — გრიგოლ ქურდიანის სახლი — არტ-ნუვოს პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუში.
  • ლადო გუდიაშვილის ქუჩის შენობები — მათი ფასადები დამუშავებულია მაღალი ხარისხის სტუკოს ტექნიკით და აერთიანებს ევროპულ გავლენებსა და ადგილობრივ ორნამენტიკას.

არტ-ნუვოს გავლენა საქართველოში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საცხოვრებელი არქიტექტურით. სტილმა შეაღწია ქალაქის თითქმის ყველა საზოგადოებრივ სივრცეში — ბანკებში, ბიბლიოთეკებში, თეატრებსა და ქარხნებში, ჰოსპიტლებში, ელექტროსადგურებსა და სასწავლო დაწესებულებებში. შემორჩენილია არტ-ნუვოს სტილის საფლავის მონუმენტებიც, რაც მის სივრცით და ფუნქციურ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს.

საკუთარი სტილის შექმნა გახდა ქართული არტ-ნუვოს მთავარი ღირებულება. არქიტექტორებმა და ოსტატებმა ფასადებსა და ინტერიერებში ჩართეს ქართული ორნამენტები — ვაზის რტოები, მზის სიმბოლოები, ყვავილოვანი მოტივები. ასე შეიქმნა უნიკალური ჰიბრიდი: ევროპული არტ-ნუვო, რომელსაც ქართული სული ჰქონდა.

დავიწყება და დაბრუნება

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არტ-ნუვოს აღზევება საქართველოში შეჩერდა. ახალი რეჟიმისთვის ეს სტილი „ბურჟუაზიულ ფუფუნებად“ იქცა, პრიორიტეტი კი მიენიჭა მკაცრ ფუნქციონალიზმსა და სოციალისტურ რეალიზმს. ბევრი შენობა გადააკეთეს, ზოგი კი საერთოდ მიივიწყეს.

ქართული არტ-ნუვოს მემკვიდრეობა მხოლოდ სტილის კაპრიზი არაა. ის არის ეპოქის მტკიცებულება, დასტური იმისა, რომ თბილისი გახსნილი, კოსმოპოლიტური ქალაქი იყო და ევროპის არტისტულ ტალღებს ეხმიანებოდა. ეს შენობები გვიამბობენ შემოქმედებით სულზე, თბილისს რომ ასე ახასიათებდა, მათი გადარჩენა, რესტავრაცია კი მხოლოდ წარსულის ნოსტალგია არაა — ეს ისტორიის იმ ნაწილის დაბრუნებაა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ საქართველოს ადგილი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები