1755101100

რატომ ირჩევენ თბილისელები ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს

ჰედერ

თბილისი, ქალაქი, რომელიც წარსულისა და თანამედროვეობის უნიკალურ ნაზავს გვთავაზობს, ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული სისწრაფით იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება კი საცხოვრებელი სივრცეების ტრანსფორმაციაა — მოძველებულ საბჭოთა კორპუსებს თანდათან ცვლის თანამედროვე, ახალი სტანდარტებით აშენებული კორპუსები. დეველოპერული სექტორი ყოველწლიურად ვითარდება, ბაზარზე წვრილი თუ მსხვილი კომპანიები აქტიურად მოღვაწეობენ და ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აშენებენ. ამასთანავე, უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც მაღალია. ბოლო პერიოდში კი მომხმარებლები უპირატესობას ძველ ბინებთან შედარებით, ახალ სამშენებლო პროექტებს ანიჭებენ და მშენებარე თუ უკვე დასრულებულ კომპლექსებში ყიდულობენ უძრავ ქონებას.

მაგალითად, Colliers Georgia-ს 2024 წლის საცხოვრებელი ბინების ბაზრის კვლევის მიხედვით, ახალაშენებულ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 30,586-ს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია, ხოლო ძველ აშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობამ 13%-ით დაიკლო და სულ 10,698 შეადგინა. რაც შეეხება 2025 წელს, Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. ძველ აშენებულ პროექტებში კი კლების ტენდენცია შენარჩუნდა და 2024 წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.5%-ით შემცირდა.

რა უპირატესობა აქვს ახალაშენებულ კორპუსებში ცხოვრებას და რატომ ირჩევს თბილისელების უმრავლესობა ახალ პროექტებს?

ახალაშენებულ კომპლექსებზე მოთხოვნის ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში, ეს ახალი სამშენებლო სტანდარტების გათვალისწინებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოში გაურკვეველი წარმოშობის კომპანიები თუ კერძო მშენებლები ნაკლებად იცავენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამ მხრივ სამშენებლო სექტორის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დეველოპერებს მოეთხოვებათ ახალ პროექტებში გეოლოგიური კვლევების ჩატარება, ქალაქის საპროექტო სამსახურის მიერ დადგენილი სიმაღლის ნორმების დაცვა, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, სამშენებლო მასალების ხარისხის შემოწმება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც საგრძნობლად ზრდის ახალაშენებული ბინების უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

სამშენებლო მასალებზე კონტროლი განსაზღვრავს შენობის საექსპლუატაციო ვადასაც. მაგალითად, საბჭოთა კორპუსების სასიცოცხლო ციკლი 70 წელს შეადგენდა, ხოლო ახალაშენებული კომპლექსები 100 წლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. ამასთან, ახალ შენობებში გათვალისწინებულია ხარისხიანი იზოლაცია, ეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემები, ორშრიანი ან სამშრიანი მინის ზედაპირები, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ხელს უწყობს მის რაციონალურ გამოყენებას და უზრუნველყოფს ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

ახალაშენებული კომპლექსების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მშენებლობის ეტაპზე მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პროცესს, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარებაში და ტიხრები სასურველ ადგილას განალაგოს. ზოგიერთი კომპანია ახალაშენებულ კომპლექსში ბინის შეძენისას მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს მყიდველებს. ხოლო ძველი პროექტები, მართალია შედარებით ნაკლები ღირებულებით სარგებლობს, მაგრამ სარემონტო ხარჯი, ელექტრობისა და მასალების გამოცვლა გაცილებით ძვირი ჯდება.

არქიტექტურა და მშენებლობის ხარისხი — საბჭოთა კორპუსების მშენებლობისას ძირითადი აქცენტი მასიურობასა და სისწრაფის პრინციპებზე კეთდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში არქიტექტურულ ხარისხსა და დეტალებზე უარის თქმას ნიშნავდა. მაშინდელი სტანდარტები ვერ აკმაყოფილებს დღევანდელი ადამიანის მოთხოვნებს კომფორტზე, სიმყუდროვესა და ენერგოეფექტიანობაზე.

ინფრასტრუქტურა და კომფორტი — საბჭოთა კორპუსების ირგვლივ ხშირად ვხედავთ მოუწესრიგებელ ეზოებს, მოუვლელ ფასადებსა და პრობლემურ ინფრასტრუქტურას. ავტოსადგომები არასაკმარისია, საბავშვო მოედნები — მოძველებული ან საერთოდ არ არსებობს, ხოლო სამგზავრო ლიფტები — გაუმართავია.

ახალი კორპუსები კი უკვე ინფრასტრუქტურულად დასრულებულ პროდუქტს წარმოადგენენ. ახალ პროექტებში ხშირად გვხვდება:

  • მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები;

  • ახალი, დაცული საბავშვო და სარეკრეაციო სივრცეები;

  • უსაფრთხო სადარბაზოები ვიდეოთვალით;

  • თანამედროვე ლიფტები;

  • კომერციული ზონები პირველ სართულებზე (მაღაზიები, აფთიაქები).

გეგმარება და სივრცის ფუნქციურობა — საბჭოთა ბინებში ხშირია ვიწრო დერეფნები, ბნელი სამზარეულოები და ოთახები. განაშენიანების და განათების სტანდარტები მაშინდელი დროის მოთხოვნებს იყო მორგებული და დიდწილად მოძველებულია.

თანამედროვე გეგმარება მეტ საშუალებას იძლევა, ბინა მორგებული იყოს მცხოვრების ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

ეკოლოგია და ენერგოეფექტიანობა — ახალ კორპუსებში ხშირად გამოიყენება ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიაში არსებული მასალები და ტექნოლოგიები — თბოიზოლაცია, ენერგოეფექტიანი გათბობისა და გაგრილების სისტემები, მზის პანელები, მწვანე სივრცეების ინტეგრაცია.

საბჭოთა კორპუსებში თბოიზოლაციის პრაქტიკულად არ არსებობის გამო ზამთარში სითბოს შენარჩუნება რთულია, ზაფხულში კი — სიცხე ჭარბობს. შედეგად, კომუნალური გადასახადები იზრდება და ბინის კომფორტიც დაბალია.

უსაფრთხოება — თანამედროვე პროექტებში მეტი ყურადღება ექცევა სახანძრო უსაფრთხოებას, გარე დამზღვევ სისტემებსა და დაცვას — რაც მშვიდად ცხოვრების დამატებითი საფუძველია.

ადგილმდებარეობის მრავალფეროვნება — თანამედროვე პროექტები ხშირად ვითარდება ახალ რაიონებში, სადაც არის ბუნებრივი ლანდშაფტი, ხედები ქალაქზე ან მწვანე ზონებზე, რაც ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად ზრდის.

საბოლოოდ, თბილისში ბინის შეძენისას ძველ და ახალ კორპუსებს შორის არჩევანი ბევრ რამეზეა დამოკიდებული — ბიუჯეტზე, ლოკაციაზე, პირად პრიორიტეტებზე. თუმცა აშკარაა, რომ ახალი კორპუსები მცხოვრებლებს სრულიად განსხვავებულ ხარისხს სთავაზობს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები