1762535200
საცხოვრებელი სახლის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც ფინანსური რესურსის რაციონალურ გამოყენებას, რისკების გათვალისწინებას და შესაძლო გართულებების პროგნოზირებას მოითხოვს. საქართველოში დეველოპერული ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება, სამშენებლო ობიექტების რიცხვი მზარდია, იზრდება უძრავი ქონების ფასიც, არჩევანის მრავალფეროვნებასთან ერთად კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და სასურველი შედეგის მიღწევა რთულდება. ბინის შეძენისას ყველაზე ხშირად საცხოვრებლის მაძიებლებს უჩნდებათ კითხვა — მშენებლობის რომელ ეტაპზე ჯობს სახლის შეძენა, რათა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
ამისათვის უნდა განვმარტოთ, რომ მშენებლობის პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, თითოეული მათგანი კი განსხვავებული საფასო კატეგორიით და სანდოობის ხარისხით ხასიათდება.

პირველი ეტაპზე სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, ნებართვის მიღება და სამშენებლო პროექტის დამტკიცება მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში თქვენ ეცნობით მხოლოდ პროექტს და ყიდულობთ მხოლოდ მიწას, რის გამოც ბინის ღირებულება ყველაზე დაბალია, მაგრამ მშენებლობის რისკები დიდია. შესაძლოა ის გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, შესაბამის დროს ვერ მოხერხდეს დასრულება ან კიდევ უარესი — თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ თუ მშენებლობის საწყის ეტაპზე გადაწყვეტთ ბინის შეძენას, უნდა დარწმუნდეთ დეველოპერული კომპანიის სანდოობაში, გაეცნოთ კომპანიის განხორციელებულ პროექტებს, მათი მუშაობის სპეციფიკას და დეტალურად შეისწავლოთ დოკუმენტაცია, კერძოდ, მოითხოვოთ მშენებლობის ნებართვა; საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწის ნაკვეთის შესახებ, წინარე და ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულება და კომპლექსის პროექტის საბუთები. იმ შემთხვევაში თუ სანდო და ხარისხიან სამშენებლო კომპანიას მოიძიებთ, მშენებლობის პირველ ეტაპზე ბინის შეძენა თქვენთვის მომგებიანი იქნება, რადგან ძალიან დიდ თანხას დაზოგავთ.

შემდეგი ეტაპი მოიცავს საძირკვლის ჩაყრას და პირველი რამდენიმე სართულის მოწყობას, რის შედეგადაც ბინის მყიდველს გარკვეული წარმოდგენა ექმნება მშენებლობის პროცესზე, მასალის ხარისხსა და პროექტის დასრულების სავარაუდო ვადებზე. ამ შემთხვევაში უძრავი ქონების შეძენას, დასრულებულ ბინასთან შედარებით, დაახლოებით, 20-30%-ით იაფად შეძლებთ, რაც დიდი შეღავათია. მაგრამ რისკები მაინც არსებობს. მაგალითად, შესაძლოა, მშენებლობის პროცესი გაიწელოს, ვერ შეძლოთ დროულად ახალ სახლში გადასვლა და დისკომფორტი შეგექმნებათ. თუმცა დაბალ ღირებულებასთან ერთად, ამ ეტაპის კიდევ ერთი უპირატესობა ბინების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც მშენებლობის საბოლოო ეტაპზე მცირდება და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება.

მომდევნო ეტაპზე კომპლექსის 50%-ზე მეტი დასრულებულია, მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ეწყობა ტიხრები, იატაკები, მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამავდროულად შენდება საპარკინგე ზონები და სპორტული თუ სათამაშო მოედნები. მიუხედავად იმისა, რომ სანდოობის თვალსაზრისით რისკები დაბალია, ამ ეტაპზე ბინის შეძენა ფინანსურად არც ისე მომგებიანია, რადგან მისი ღირებულება საბოლოო ეტაპთან შედარებით მხოლოდ 10-15%-ით არის ნაკლები. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, კომპლექსში ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, ამიტომ არჩევანი ან დარჩენილ ბინებზე უნდა შეაჩეროთ, ან ახალი მესაკუთრეებისგან იყიდოთ, რაც შედარებით ძვირი დაგიჯდებათ.

მეოთხე ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და შენობა ექსპლუატაციაში მისაღებად მზადაა. სარემონტო პროცესის, საკომუნიკაციო სისტემებისა და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ბინას საბოლოო სახე ჯერ არ აქვს მიღებული. ამ დროს ბინის ფასი სხვა ეტაპებთან შედარებით ყველაზე მაღალია, თუმცა შესაძლებელია საცხოვრებელში გადასვლა დროულად ან მისი გაქირავება, რაც თქვენი ხარჯების დაბალანსებას შეუწყობს ხელს.

ეს ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია, რა დროსაც, მშენებლობისა და რემონტის საფეხურები თითქმის სრულად არის დასრულებული და სივრცე მხოლოდ დიზაინისა და გეგმარების სამუშაოებს საჭიროებს. ამ ეტაპზე ბინის მფლობელს ფართის გამოყენება სურვილისამებრ, სივრცის შეძენისთანავე შეუძლია. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ბინა ყველაზე ძვირად სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ფასობს.
იმისათვის, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოთ, საჭიროა: განსაზღვროთ თქვენი შემოსავლები, ფინანსური რესურსები, შეაფასოთ რისკები, გამოიკვლიოთ კომპანიის სანდოობა, მისი მიდგომები, სამშენებლო სტანდარტი და დაფიქრდეთ, რამდენად გეჩქარებათ ახალი საცხოვრებლის დასრულება და რამდენ ხანს შეძლებთ მოცდას. რადგან პირველივე ეტაპებზე ბინის შეძენისას, მართალია, რამდენიმე წელი მოგიწევთ ლოდინი, თუმცა თანხებს საგრძნობლად დაზოგავთ და შემდგომი, დამატებითი სარემონტო პროცესისთვის უკეთ მოემზადებით.