1763478660
„თბილისში ჰაერი დაბინძურებულია, ნუ გახვალთ გარეთ", — ეს ფრაზა ხშირად გვხვდება სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმებსა და გვერდებზე, მათი სიხშირე კი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღითი დღე იზრდება. თბილისის მცხოვრებლები ყოველდღიურად განიცდიან სუფთა ჰაერის უკმარისობას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ცხელ დღეებში, როდესაც ტრანსპორტის გამონაბოლქვს, მშენებლობებისგან წარმოქმნილ მტვერს, მწვანე ზონების დეფიციტს გაუსაძლისი სიცხე ემატება და ქალაქში გადაადგილება თუ შიდა სივრცეში ყოფნა გაუსაძლისი ხდება.
ჰაერის დაბინძურება გლობალური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, თუმცა ურბანულ გარემოში ამ პრობლემის შემსუბუქება და ჯანმრთელობის შენარჩუნება ახალი, ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიით, ჰაერის გამწმენდი მექანიზმით — ჰაერის რეკუპერატორით არის შესაძლებელი.

ჰაერის რეკუპერატორი ვენტილაციის სისტემაა, რომელიც შიდა სივრცეში სუფთა ჰაერის მიწოდებასა და სითბოს დანაკარგის შემცირებას უზრუნველყოფს. მისი მთავარი ფუნქცია ინტერიერში არსებული ნახშირორჟანგის გარეთ გატანა და ოთახში ჯანსაღი, ტენიანი ჰაერის ნაკადის შემოტანაა.
რეკუპერატორის მუშაობის პრინციპი სითბოს მიმოცვლას ეფუძნება. სისტემა შედგება ორი ვენტილატორისგან: ერთი გამოდევნის დაბინძურებულ ჰაერს შენობიდან, ხოლო მეორეს შემოაქვს სუფთა ჰაერი გარედან. ჰაერის ნაკადებს შორის ფუნქციონირებს სითბოს გამცვლელი - სპეციალური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს გადასვლას ერთი ნაკადიდან მეორეში (ჰაერის ნაკადების ფიზიკური შერევის გარეშე). შესაბამისად, ზამთარში, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია, გამავალი თბილი ჰაერი გადასცემს სითბოს შემომავალ ცივ ჰაერს. ზაფხულში კი პირიქით - შენობიდან გამომავალი გრილი ჰაერი აგრილებს შემომავალ თბილ ჰაერს.

ჰაერის რეკუპერატორი თანამედროვე სამყაროში აქტიურად გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო შენობებში, ისე სამრეწველო და კომერციულ ობიექტებში. იმისდა მიხედვით, როგორ სივრცეში ხდება გამწმენდის გამოყენება, არსებობს რამდენიმე ტიპის რეკუპერატორი:
ფირფიტოვანი ჰაერის რეკუპერატორი — ყველაზე გავრცელებული ტიპია, სადაც ჰაერის ნაკადი ერთმანეთისგან გამოყოფილ თხელ ფირფიტებს შორის გადაადგილდება.
როტორული ტიპის ჰაერის რეკუპერატორი — იყენებს მბრუნავ თბოგადამცემ ელემენტს სითბოს გადასაცემად ერთი ჰაერის ნაკადიდან მეორეზე.
კედლის ტიპის ჰაერის რეკუპერატორი — ამ შემთხვევაში კედელშია ჩამონტაჟებული კომპაქტური რეკუპერატორი.

თანამედროვე მოწყობილობის დამონტაჟება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებულ, ურბანულად დატვირთულ გარემოში. ისეთ ზონებში, სადაც სიმწვანის დეფიციტია და ნახშირორჟანგის გამოყოფა აქტიურად მიმდინარეობს.
ჰაერის რეკუპერატორი საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებში უზრუნველყოფს:
ჰაერის განახლებას — დაბინძურებული ჰაერი ახალი, ჟანგბადით მდიდარი, ფილტრირებული ნაკადით იცვლება და გარემო ჯანსაღდება.
ნახშირორჟანგის შემცირებას — ენერგოეფექტური დანადგარის და მუდმივი ჰაერის გაწმენდის გზით შენობაში მცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო იქმნება.
ენერგიის დაზოგვას — ჰაერის გამწმენდის დახმარებით შესაძლებელია გათბობასა და გაგრილებაზე დახარჯული ენერგიის 30%-50%-ით შემცირება.

ტენიანობის კონტროლს — რეკუპერატორის დახმარებით შესაძლებელია ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება - გარე ჰაერი შედარებით დაბალი ტენიანობით ხასიათდება, ვიდრე შიდა. ხოლო მოწყობილობა ჰაერის ტენიანობას აბალანსებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რაც მნიშვნელოვანია კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად.
შესაბამისად, ჰაერის რეკუპერატორის დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღება შეგიძლიათ:
ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს მიღება — გარდა ჰაერის მუდმივი წმენდისა, ნახშირორჟანგის შემცირებისა და ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებისა, ჰაერის რეკუპერატორი მნიშვნელოვნად ამცირებს მტვრისა და ალერგენების წარმოქმნის რისკებს და ხელს უშლის დამაბინძურებელი ნაწილაკების შენობაში შეღწევადობას, რის გამოც შენობის მოსარგებლეთა ჯანმრთელობას ნაკლები საფრთხე ექმნება.

ენერგოეფექტურობის ზრდა — ჰაერის გამწმენდი უზრუნველყოფს სითბოს მინიმუმამდე დაყვანას. სისტემა გარემო პირობების შესაბამისად, შემომავალ ჰაერს ათბობს ან აგრილებს, რაც სივრცეში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შედეგად მცირდება გათბობისა და გამაგრილებელი მოწყობილობების დატვირთვა და კომუნალური ხარჯები იკლებს.
კომფორტული გარემოს ჩამოყალიბება — კედელზე დამონტაჟებული სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივი დასაინსტალირებელია, ადვილად, პულტის დახმარებით იმართება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მისი გამოყენება ამცირებს ბუნებრივი ვენტილაციის ხშირ საჭიროებას, რაც ზაფხულში განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან შენობაში სიცხე შემოდის, ზამთარში კი სიცივე. ამასთან ერთად, იზოლირებულ შენობაში ხმაურიც ნაკლებად შეღწევადია.

ევროპის ქვეყნებსა და განვითარებულ რეგიონებში ჰაერის რეკუპერატორი როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და სამრეწველო შენობებში აქტიურად გამოიყენება. ბოლო პერიოდში ამ მხრივ საინტერესო ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც, სადაც თბილისის რამდენიმე პრემიუმ-კლასის კომპლექსში უკვე დაპროექტებულია ჰაერის გამწმენდი სისტემა.