1732104719

მომავლის იმპერია ანუ მდგრადი ურბანული დაგეგმარება

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

იდეალურად აწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველობილიკების უწყვეტი ზოლი, ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული გარემო, საცობებისგან თავისუფალი ქუჩები, სუფთა ჰაერი და მწვანე სივრცეები - ქართული ქალაქებისთვის ეს რეალობა ჯერ კიდევ ზღაპარივით ჟღერს, თუმცა მსოფლიოს ბევრი ქალაქი მდგრადი განვითარების მისაღწევად ზუსტად ამ გზას ადგას.

მაინც რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მთავარ მიზნად იქცა და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ტერმინი პირველად გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში 1987 წელს გამოჩნდა. მარტივად რომ ვთქვათ, ის საზოგადოების და ეკონომიკის ისეთი განვითარებაა, რომელიც გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით ადამიანის კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მდგრადი განვითარება მხოლოდ ფურცელზე რომ არ დარჩენილიყო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 2015 წელს, 193 ქვეყანასთან ერთად მდგრადი განვითარების 17 მიზანი დაისახა. ეს გლობალური განვითარების ერთგვარი გეგმაა 2030 წლისთვის და სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის ქალაქებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქების განვითარებას მე-11 მიზანი ეხება, სხვა მიზნებიც ურბანულ ცენტრებს პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება.

თანამედროვე ურბანული დაგეგმარება მდგრადი პრინციპების შემუშავებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სატრანსპორტო სისტემის განახლებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავებას გულისხმობს.

მე-6 მიზანი სუფთა წყალი და სანიტარიაა. ქალაქების წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან.

მდგრადი განვითარების მე-7 მიზანი იაფი და სუფთა ენერგიის გამომუშავებაა. ეს ქალაქებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას და ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ უბიძგებს, ამით ისინი გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირებას მიაღწევენ.

მე-9 მიზანი მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის შექმნა მდგრადი ეკონომიკური ზრდის და გარემოს დაცვის თვალსაზრისით ქალაქებისთვის მნიშვნელოვანია.

მე-13 მიზანი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ზომების მიღებაა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის გაუმჯობესება და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ქალაქების მესვეურები ამ მიზნებმა დიდი საფიქრალის წინაშე დააყენა, რადგან სწორედ მათ უწევთ ადამიანებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ზრუნვა. ურბანიზაციის განვითარებასა და ბუნებრივ გარემოს შორის ბალანსის დაცვა კი მიუწვდომელი რომ არ არის, ეს ბევრმა ქალაქმა დაამტკიცა.

გრენობლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსს ატარებს. საფრანგეთის ამ პატარა ქალაქმა ტიტული 2020 წელს მოიპოვა და სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს. „ალპების დედაქალაქში“, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კარგად იციან, რომ თუ თავად არ იქნება ეკომეგობრული, პლანეტაც მემკვიდრეობას კარგს არაფერს დაუბრუნებს.

მთების შუაგულში უნიკალური მდებარეობით გამორჩეული ქალაქი მოსახლეობას ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და ჯანსაღ გარემოს სთავაზობს. 160 000 ადამიანით დასახლებული ქალაქი ყურადღებას იპყრობს თავისი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. მის სახეს სფერული საბაგიროები ე. წ. „ბუშტებიც“ კარგად წარმოაჩენს. მასზე არაერთხელ დაუწერია საერთაშორისო მედიას და მისი აღწერისას ხშირად უთქვამთ, რომ ქალაქი ყოველთვის იყო პიონერი და ერთი ნაბიჯით უსწრებდა ყველა დროის გამოწვევებს.

ევროპის მწვანე დედაქალაქმა სტატუსთან ერთად ჯილდოდ 350 000 ევროც მიიღო სისტემური ცვლილებების გასაგრძელებლად. როგორც ქალაქის მმართველობა ამბობს, ტრანსფორმაციებისთვის არც პარიზის შეთანხმებას ელიან და არც Cop-ის გადაწყვეტილებებს. ქალაქში მიიჩნევენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე თავად უნდა იზრუნონ და ემზადებიან მომავლისთვის. კლიმატის ცვლილებები კი ყველას უნდა აერთიანებდეს.

გრენობლს ჭკვიან ქალაქსაც უწოდებენ, მაგრამ „ალპების დედაქალაქში“ მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ქალაქის სტატუსი ყველგან და ყველაფერში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას სულაც არ გულისხმობს. მსგავსი გადაწყვეტილება მეცნიერულ ცოდნას, ტექნოლოგიურ სიახლეს და ეკოლოგიურ საკითხებს თანაბრად ეფუძნება და საჯარო გადაწყვეტილების საფუძველი ხდება. წახალისებულია პარტნიორობა, მათ შორის კერძო ინიციატივებიც.

ქალაქში ეკონომიურად მოიხმარენ ენერგიას, შენობები ისეა დაპროექტებული, რომ ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს. გამორჩეულია ავტონომიური საცხოვრებელი სახლი მოქალაქეებისთვის (ABC). ის 5000 მ²-ს შეადგენს და 62 საცხოვრებელს აერთიანებს, მათგან 20 — სოციალურად დაუცველთათვის. ABC ენერგეტიკული და წყლის თვითკმარი შენობის კონცეფციას ეფუძნება, სადაც წყლის მოხმარება 40%-ით არის შემცირებული. მოქმედებს წვიმის წყლის დაგროვებისა და შემდეგ მისი შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობა. ყველა საცხოვრებელი აღჭურვილია დამზოგველი ტექნიკითა და აქსესუარებით. ამ გადაწყვეტილებამ მთლიანობაში წყლის მოხმარება 2/3-ით შეამცირა.

გრენობლი საფრანგეთში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია კმ²-ზე 8861 მოსახლით. სრულად ურბანიზებულ ქალაქს სხვა არჩევანი არც ჰქონდა და ურბანულ რეგენერაციას და რეაბილიტაციას მიმართა, შექმნა ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჯარო სივრცეები, წამყვანი ადგილი დაიკავა ბრაუნფილდების (ურბანულ დაგეგმარებაში სხვადასხვა დანიშნულების მქონე მიწა, რომლის ფუნქცია დაკარგულია ან გამოუყენებელია) განახლებამ და მათ ეკომეგობრულ გარემოდ გადაქცევამ.

ქალაქის ინფრასტრუქტურა მორგებულია შშმ პირების საჭიროებებს, ინერგება „ჭკვიანი“ კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა. ქალაქის მიზანია, 2040 წლისთვის იქცეს ნახშირბადისგან ნეიტრალურ ტერიტორიად. მიღწევადია? გრენობლისთვის, ალბათ, კი. ქალაქი ბოლო 15 წლის განმავლობაში აქტიურად აღადგენს და აშენებს ახალ პარკებს. მისი ბევრი ეკოუბანი ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა. გრენობლი შეზღუდული მწვანე სივრცის რაციონალური გამოყენების გზას დაადგა და ამით მოსახლეობას საცხოვრებლად გაუმჯობესებული გარემო და მწვანე სივრცეები შესთავაზა. მომავლისთვის აქვს ხეების დარგვისა და პატარა სკვერებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ამბიციური პროგრამა.

ალპების დედაქალაქმა ამ გადაწყვეტილებებით, 2005-2016 წლებში, სათბურის აირები 25%-ით შეამცირა, 2030 წლისთვის კი ამ ნიშნულს 50%-მდე მიიყვანს. ის, ამავდროულად, გეგმავს ენერგიის გამოყენების 40%-ით შემცირებას, 2050 წლამდე კი 50%-ით.

ეკომეგობრული ურბანული დაგეგმარების გზაზე გამორჩეული მხოლოდ გრენობლი არაა.

მსოფლიოში ველოსიპედისთვის ყველაზე მოსახერხებელ ქალაქად კოპენჰაგენი მიიჩნევა. მან 2015 წლიდან რამდენჯერმე მსოფლიოს ყველაზე ველოსიპედისტული დედაქალაქის სახელი სრულიად სამართლიანად მოიპოვა. კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის მონაცემებით, 2022 წელს, ქალაქმა ველოსიპედების ინფრასტრუქტურის გამართვაში 10 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. კოპენჰაგენელები 745 000-ზე მეტ ველოსიპედს ფლობენ და ეს 5-ჯერ აღემატება მანქანების რაოდენობას. მოსახლეობა ველოსიპედით დღის განმავლობაში, საშუალოდ, 9,3 კმ-ს ფარავს.

„კოპენჰაგენის მწვანე მომავალი სახურავებზეა.“ — ასე გამოეხმაურა არაერთი მედია დანიის დედაქალაქში მწვანე სახურავების ინიციატივას. მწვანე სახურავები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქალაქს ტრადიციული ზედაპირები მწვანე სიცოცხლის ოაზისებად გარდაქმნას. ამავდროულად ისინი ხელს უწყობს ტემპერატურის კონტროლს და წვიმის წყლის ეფექტურ მართვას. ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო კოპენჰაგენმა წვიმის წყლის შეგროვება-დამუშავების ალტერნატიულ გზებზე გადასვლა.

წარმატებულ ქალაქებს შორისაა სინგაპური თავისი მწვანე სივრცეებითა და ვერტიკალური ბაღებით. ქალაქის უამრავ მაღალ შენობაში ინტეგრირებულია ბუნებრივი ელემენტები, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.

ფრაიბურგი ცნობილია მზის ენერგიის გამოყენებითა და ენერგოეფექტური არქიტექტურით. სწორედ ამიტომ, მას ხშირად „სოლარულ ქალაქს“ უწოდებენ, თუმცა მისი სიდიადე მხოლოდ ეს როდია. გერმანული ქალაქის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, ველობილიკები და გამწვანება ქალაქში ჰაერის დაბინძურებას ამცირებს და ზრდის ცხოვრების ხარისხს.

მწვანე სივრცეები, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტის მდგრადობა, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვა, მდგრადი არქიტექტურა და მშენებლობა მთლიანობაში ქმნის ეკომეგობრულ, მდგრად ურბანულ დაგეგმარებას და ქალაქებს საცხოვრებლად უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.



მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები