1757350995

ძველი ავეჯი გადავყაროთ თუ განვაახლოთ – მდგრადი არჩევანი ინტერიერში

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ძველი მაგიდა, კარადა, სავარძელი და განჯინა - გადავაგდოთ თუ შევინახოთ? ეს კითხვა მაშინ ჩნდება, როცა სახლისთვის ახალ ავეჯს ვყიდულობთ, ან ძველი ჩვენს მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. დღეს, როდესაც ინტერიერის დიზაინში ტენდენციები სწრაფად იცვლება და მაღაზიებში ავეჯის უსასრულო არჩევანს გვთავაზობენ, ძველი სკამი ან ჭრელი კამოდი თითქოს გამოუსადეგარ ნივთებად გამოიყურება, თუმცა რეალობა და რესტავრაციის ხელოვნება აჩვენებს, რომ ძველ ავეჯს შეუძლია, არა მხოლოდ ახალი სიცოცხლე დაიბრუნოს, არამედ გახდეს თანამედროვე ინტერიერის ღირებული ელემენტი.

რესტავრატორები ძველ ავეჯს რამდენიმე მიზეზით ანიჭებენ უპირატესობას. პირველ რიგში, ძველი ავეჯი ხშირად ბევრად ხარისხიანია, ვიდრე სერიული წარმოების ახალი ნივთები. მუხის, კაკლის ან სხვა ჯიშის ხისგან დამზადებული კარადა ათწლეულებს უძლებს და თავისებური, ნამდვილი ხის სუნი აქვს. თანამედროვე მასიური ავეჯი (ძირითადად ე. წ. დეესპე თუ ემდეეფი) კი რამდენიმე წელიწადში ფუჭდება და ინდივიდუალიზმითაც არ გამოირჩევა. გარდა ამისა, ძველ ნივთებს ხშირად უნიკალური ხელნაკეთი ელემენტები ამშვენებს, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

მაგალითად, საბჭოთა პერიოდის უბრალო სკამი, თანამედროვე ქსოვილით განახლებული, ექსკლუზიურ დიზაინერულ ნივთად შეიძლება იქცეს; ხოლო ბებია-ბაბუის დროინდელი კარადა, სწორად შერჩეული მდიდრული ფერითა და შესაბამისი სახელურებით — თანამედროვე ლოფტ-ინტერიერის მთავარ დეკორად. საბოლოოდ, ასეთი ნივთი ინდივიდუალურია და მაღაზიაში ნაყიდ ახალ ავეჯზე ძვირად ფასობს.

ასევე, ავეჯის რესტავრაცია ეკოლოგიური არჩევანია. მისი გადაგდებით ვზრდით ნარჩენებს, ახალი წარმოებით კი გარემოს კიდევ უფრო ვაზიანებთ. მსოფლიოში ძველი ავეჯის განახლება მდგრადი დიზაინის (რომელიც ითვალისწინებს იმგვარ გადაწყვეტებს, რომლებიც გარემოზე ზეგავლენას ამცირებს და რესურსებს უფრო გონივრულად იყენებს) ნაწილი გახდა. დიზაინერები ძველი ნივთების გამოყენებით ქმნიან უნიკალურ კოლექციებს, რაც ეკოლოგიას ემსახურება და მომხმარებლებს ინდივიდუალურ სტილს სთავაზობს.

გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ტონა ავეჯი ხვდება ნაგავსაყრელებში, რაც მთლიანი მყარი ნარჩენების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1960-იანი წლებიდან, როცა იაფი და „მოკლევადიანი ავეჯის“ (fast furniture) მასობრივი მოხმარება გავრცელდა. ბევრი ასეთი ნივთი არც გადამუშავებადია და არც ხანგრძლივად გამძლე. განსაკუთრებით პრობლემურია ლამინატით დამზადებული ავეჯი, რომელიც გარემოში ტოქსიკურ ნივთიერებებსა და მიკროპლასტიკებს გამოყოფს.

მსგავსი ვითარებაა ევროკავშირშიც, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ტონა ავეჯი გადაიქცევა ნარჩენად. ამ ნარჩენების უმეტესობა ან ნაგავსაყრელზე ხვდება, ან იწვის ინსინერატორებში, რაც დამატებით კლიმატურ ზიანს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში უკვე მოქმედებს „ცირკულარული ეკონომიკის“ სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს ავეჯის გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების ხელშეწყობა, პრობლემის მასშტაბი მაინც ძალიან დიდია.

აშშ-სა და ევროკავშირის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ავეჯის წარმოებისა თუ მოხმარების გლობალური ტენდენცია პირდაპირ აისახება გარემოზე. ნაგავსაყრელებში მოხვედრილი ავეჯი არამარტო დიდ მოცულობას იკავებს, არამედ გამოყოფს მავნე ქიმიკატებს, ზრდის სათბურის გაზების ემისიებს და ამძიმებს ნარჩენების მართვის სისტემას.

როგორ იქცევა ძველი ავეჯი მდიდრულ და თანამედროვე ნივთად

საქართველოში ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ახალია, თუმცა ნელ-ნელა პოპულარული ხდება. განსაკუთრებით ახალგაზრდები და ინტერიერის დიზაინერები ეძებენ უნიკალურ ავეჯს, რომელიც მასშტაბურ ქსელურ მაღაზიებში არ იძებნება.

რესტავრაცია მხოლოდ ნივთის შეკეთება არ არის – ეს ხანგრძლივი და შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ავეჯს ახალ სტილსა და სიცოცხლეს აძლევს. ძველი ავეჯის განახლებამდე დიზაინერ-რესტავრატორთან მის ფუნქციონალზე უნდა იფიქროთ: ძველი ბუფეტი შეიძლება წიგნების კარადად იქცეს, პატარა კამოდი კი — ბარის კარადად. ამის შემდეგ იწყება ზედაპირის გაწმენდა და აღდგენა, სკამის ფეხისა და კარადის სახელურის გამოცვლა, ფერებისა და ქსოვილის შერჩევა. სპეციალისტები ძველი ავეჯის გამძლეობისთვის ეკოლოგიური ლაქ-საღებავების გამოყენებას გვირჩევენ, სავარძლებისა და დივნებისთვის ქსოვილის შეცვლისას კი უმჯობესია გამძლეობაზე ვკონცენტრირდეთ, თუმცა ვიზუალისა და ფუნქციონალის ოქროს შუალედით შერჩევა შეგვიძლია. დეტალების სწორად გათვლის შემთხვევაში, საბოლოოდ ვიღებთ არა მხოლოდ კარგად რესტავრირებულ ნივთს, არამედ ავეჯს, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

მოკლედ, ძველი ავეჯის რესტავრაცია მხოლოდ ნივთის გადარჩენა კი არა, ისტორიის შენარჩუნებაცაა. ის აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას, ტრადიციასა და თანამედროვე დიზაინს. ასე რომ, სანამ ძველ სკამს ან მაგიდას გადააგდებდეთ, დაფიქრდით – შესაძლოა, სწორედ ის გახდეს თქვენი ინტერიერის ყველაზე მდიდრული და მოდური დეტალი.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები