1744900260
ავტორი
ნინი მეტრეველი
1768 — ეს არის თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზუსტი რაოდენობა. ზოგ შემთხვევაში, შეხედვისთანავე მიხვდებით, რომ შენობა განსაკუთრებული სიძველითა და ისტორიით გამოირჩევა. თუმცა დედაქალაქის ძეგლების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია — ან ინგრევა, ან ცუდადაა რესტავრირებული. ცუდად რესტავრაცია კი პირვანდელი იერსახის დაკარგვას ნიშნავს.
მიზეზი არაერთია — პროფესიონალი კადრების ნაკლებობა და არაპროფესიონალების სიმრავლე, უკონტროლო პროცესი, პოლიტიკური ნების არარსებობა. კორუფციასთან ერთად, ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერების ზრდის ფონზე, თბილისი კარგავს პირვანდელ იერსახეს და, მარტივად რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი ფასადების ნაცვლად, შელესილ კედლებს ვიღებთ.
პრობლემის სათავეს მოსაძებნად კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს, ცირა ელისაშვილს ვესაუბრეთ.
„საქართველოში რესტავრაციის მიმართულებით პროფესიული რესურსი მწირია. სარესტავრაციო სამუშაოები სპეციფიკური თემაა და როცა სამუშაოებისთვის კომპანიის შერჩევა ტენდერის წესით ხდება, უკვე არასწორია. ტენდერში იმარჯვებს ის, ვინც დაბალ ფასს მიუთითებს. რესტავრაცია კი იაფი სიამოვნება არ არის და პროფესიონალი დაბალ ფასს არ მიუთითებს. იცის, რა ტიპის შრომაზეა საუბარი. შედეგად, იმარჯვებს დაბალი კვალიფიკაციის კომპანია და რესტავრაციისთვის ეს მომაკვდინებელია. საპროექტო დავალებაშიც კი არ არის ხოლმე რაიმე ფილტრი იმისათვის, რომ არაკვალიფიციური პერსონალის მონაწილეობა გამორიცხოს. თანაც, ჩვენთან არ არის სარესტავრაციო კომპანიები — მხოლოდ სამშენებლო კომპანიებია. აშენებენ კორპუსებს, ხიდებს. არ შეიძლება, იმავე კომპანიამ გააკეთოს ისტორიული ქუჩებისა თუ შენობების სარესტავრაციო სამუშაოები. ეს არ არის ერთი და იგივე. კარგი სპეციალისტები არ აძლევენ თავს უფლებას, პასუხისმგებლობა აიღონ 10 სახლის რეაბილიტაციაზე, რადგან იციან, რომ ვერ გააკეთებენ კარგად და იღებენ ორ სახლს. განსხვავებული განწყობა აქვთ სამშენებლოებს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია არა ხარისხი, არამედ რაოდენობა“, — განმარტავს ცირა ელისაშვილი.
ექსპერტის თქმით, სწორედ ასეთი მიდგომებით ვიღებთ ცუდად რესტავრირებულ ძეგლებს. გარდა ამისა, პრობლემებია მეთოდოლოგიაშიც, რადგან რესტავრაცია არ გულისხმობს სარემონტო სამუშაოებს და აუცილებელია კვლევითი კომპონენტი, რასაც კომპანიათა უმრავლესობა არ აკეთებს. პროცესის ჯაჭვი ცალსახად დარღვეულია — სარესტავრაციო პროექტს ერთი კომპანია აკეთებს, შემსრულებელი კი მეორეა, რომელმაც შეიძლება პროექტის კითხვა არ იცოდეს ან იცოდეს და ყურადღება არ მიაქციოს, რადგან არავინ აკონტროლებს.
„რესტავრაცია კვლევის გარეშე არის რემონტი. რემონტი არ კეთდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე. ასეთ დროს იმასაც ვკარგადვთ, რაც იყო. ახლა უკვე შანსი დაკარგულია, იუნესკოში თბილისის ისტორიული ნაწილი შევიდეს, თუმცა ამ ქალაქის ისტორიული ნაწილის შეფასების დოკუმენტში, რომელიც ჰელსინკიში იუნესკოს საკომიტეტო მოსმენის დროს შეიქმნა, ჩაწერილია ფრაზა: „ვაღიარებთ რა ნომინირებული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას“. ეს უნივერსალური ღირებულება განპირობებული იყო იმ ისტორიული ქსოვილით, რომელიც ძველ თბილისში გვაქვს და იქ არსებული შენობების არქიტექტურული ღირებულებით. თუ ეს ღირებულება რესტავრაციის დროს დაიკარგა, პროფესიონალების მხრიდან ასეთი შეფასება აღარ იქნება,“ — აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი.
ქვეყანაში რესტავრატორთა დეფიციტიცაა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოთხოვნის გათვალისწინებით, რესტავრატორების განათლებაში მეტ ინვესტიციასა და ძალისხმევას დებდეს, ამ ფაკულტეტს წლების განმავლობაში არაერთი გაუგებრობა უკავშირდებოდა. იყო საუბარი გაუქმებაზეც, სხვა კათედრასთან მიერთებაზეც და ა. შ.
ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ რამდენი ძეგლიცაა თბილისში, იმდენს სჭირდება რაღაც დოზით მაინც ჩარევა. თავის მხრივ, ეს იმითაა განპირობებული, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პოლიტიკა არ არსებობდა.