1760722075

შესაძლოა თუ არა არქიტექტურის სწავლა სამ წელიწადში?

ჰედერ 1

უკვე მეორე დღეა, ქართველი საზოგადოება განათლების სისტემაში დაანონსებული ცვლილებების შესახებ საუბრობს. საქმე ეხება საშუალო სკოლაში კლასების 12-იდან 11 წლამდე შემცირებას, ხოლო უნივერსიტეტებში 3+1 სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი — მაგისტრატურას. როგორც ცნობილია, საკითხზე უკვე მუშაობს უმაღლესი განათლების რეფორმის კომისია, რომელიც 15 წევრისგან შედგება და მას, თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ქართული განათლების სისტემის დონე რომ არადამაკმაყოფილებელია, ამას ძალიან ბევრი კვლევა მოწმობს, მაგრამ აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო დიდ ეჭვებს ბადებს განათლების სისტემის მომავალზე. პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ ბოლონიის პროცესი, რომელმაც თავის დროზე ქართველი მოსწავლეებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩინა.

რას ნიშნავს ბოლონიის პროცესი?

ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (Magna Charta Universitatum). ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე. ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წელს შეუერთდა. სწორედ ამიტომ, 2008 წელს მანამდე არსებული 11 საფეხურიანი საშუალო განათლება გაიზარდა 12 წლამდე, რამაც საქართველოში გაცემული ატესტატის ძალა იმ დონემდე გაზარდა, რომ კურსდამთარებულებისთვის ევროპული უნივერსიტეტების კარი შედარებით მარტივად გაიღო. კითხვაზე პასუხი, თუ რით აპირებს მთავრობა ატესტატისთვის მსგავსი სტატუსის შენარჩუნებას, პასუხი არ გვაქვს. უფრო მეტიც, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ ვისაც სურთ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება, შეუძლიათ ევროპის რომელიმე სკოლაში დაასრულონ მე-12 კლასი, კვალიფიციური ატესტატის მისაღებად.

დავუბრუნდეთ აკადემიურ სივრცეში დაანონსებულ ცვლილებებს. „რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მედიცინასთან ერთად სხვა სპეციალობები არ დაუკონკრეტებია და არავინ იცის, ამ სხვა პროფესიებს შორის მოიაზრება თუ არა არქიტექტურა. ამასთან ერთად, გააჟღერა იდეა: „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“. მისივე თქმით, ეს გულისხმობს თბილისში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, რითაც ფაკულტეტების დუბლირება გამოირიცხება და სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია არ მოხდება დედაქალაქში.

ჩვენ, როგორც მედია, რომელიც არქიტექტურით, ურბანისტიკითა და მშენებლობით ვართ დაინტერესებულნი, მოკლედ გაგაცნობთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებშიც დღეის მონაცემებით არქიტექტურის სწავლა არის შესაძლებელი:

  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი წესი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეხებათ, მაგრამ რამდენად საკმარისია სამი წელი ისეთი საპასუხისმგებლო პროფესიის დასაუფლებლად, როგორიც არქიტექტურაა?

არქიტექტურა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ სფეროს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ტექნიკურ მეცნიერებებს, გარემოსდაცვით მიდგომებსა და სოციალურ პასუხისმგებლობას. როგორც პროფესია, შემოქმედებით ხედვასთან და ესთეტიკურ გემოვნებასთან ერთად, მოითხოვს ზუსტ ინჟინერულ აზროვნებას, კრიტიკულ ანალიზს და ტექნოლოგიური ცოდნის მაღალ დონეს. შესაბამისად, არქიტექტურის სწავლა ერთ-ერთ ყველაზე შრომატევად აკადემიურ პროცესად მიიჩნევა თანამედროვე უმაღლეს განათლებაში. ის აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. სტუდენტებს უწევთ საფუძვლიანად შეისწავლონ მშენებლობის ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, კონსტრუქციული ინჟინერია, არქიტექტურის ისტორია, ურბანისტიკა და ეკოლოგიური დიზაინი. ამასთან, აუცილებელია თანამედროვე ციფრული პროგრამების (AutoCAD, Revit, Rhino, ArchiCAD, Blender, Lumion და სხვ.) დაუფლება, რაც კიდევ უფრო ზრდის სწავლების ინტენსივობას.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება სტუდენტური პროექტების ფორმატია. თითოეული სამუშაო მოითხოვს სიღრმისეულ კვლევას, კონცეფციის შექმნას, სივრცის ანალიზს და მოდელირების მრავალფეროვან მეთოდებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად ატარებენ სტანდარტულზე ბევრად მეტ დროს სასწავლო სტუდიებში, რისი მიზეზიც არის არა მხოლოდ სირთულე, არამედ მოთხოვნილი ხარისხის მაღალი დონე.

კვალიფიციური განათლების მნიშვნელობა

არქიტექტორის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ადამიანის საცხოვრებელ და საზოგადოებრივ გარემოს, რაც მას განსაკუთრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას აკისრებს. სწორედ ამიტომ, პროფესიული კვალიფიკაცია და აკადემიური საფუძველი ამ დარგში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. არქიტექტურული განათლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებით, ის უნდა მოიცავდეს ღრმა კულტურულ, ეთიკურ და ეკოლოგიურ ცოდნასაც, რაც აუცილებელია თანამედროვე ურბანული გამოწვევების დასაძლევად — ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და ინკლუზიური სივრცის დიზაინის კუთხით.

გლობალური ურბანიზაციის ფონზე არქიტექტორის პროფესია დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. მოთხოვნა პროფესიონალ არქიტექტორებზე მუდმივად იზრდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ამის გათვალისწინებით, თუ ქართული განათლების სისტემა ისწრაფვის ევროპულ სტანდარტებთან რეალური და არა ფორმალური დაახლოებისკენ, ცვლილებები უნდა ემყარებოდეს არა დათმობებსა და შემცირებას, არამედ ცოდნის გაღრმავებასა და ხარისხის ამაღლებას. არქიტექტურის მსგავს კომპლექსურ და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიისთვის სამი წელი აშკარად არასაკმარისია. ამასთანავე უნივერსიტეტური განათლების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ დიპლომის გაცემა, არამედ იმ პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სივრცითი განვითარების, ურბანული დაგეგმარებისა და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნაში მონაწილეობის მიღებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში აუცილებელია განსხვავება გაკეთდეს იმ დისციპლინებს შორის, სადაც დროის ფაქტორი პირდაპირ განსაზღვრავს ცოდნის სიღრმესა და პროფესიული უნარების ხარისხს.

თუ ახალ მოდელში არქიტექტურა და მსგავსი სპეციფიკური პროფესიები მოხვდებიან საერთო 3+1 სისტემაში, არსებობს რისკი, რომ მომავალში მივიღოთ თაობა, რომელსაც ექნება ზედაპირული განათლება, მაგრამ არა ის კომპეტენცია, რომელსაც პროფესიონალიზმი მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები