1727380020
ავტორი
ნინი მეტრეველი
სიმყუდროვე, გემოვნებიანი სტილი და სიმარტივე - ეს არის ის სამი მთავარი ასოციაცია, რომლებიც ინტერიერის სკანდინავიური დიზაინის შემხედველს გაგიჩნდებათ. ეს მიმართულება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დამკვიდრებული ინტერიერის დიზაინის ეს ფილოსოფია დროთა განმავლობაში განვითარდა და შიდა სივრციდანაც გავიდა. სკანდინავიურ სტილს უკვე თვალსაჩინო გავლენა აქვს ურბანულ განვითარებაზე.
სიმარტივისა და გემოვნების გარდა, სკანდინავიურ სტილს ბუნებასთან სიახლოვეც ახასიათებს. დიზაინერი ან ურბანისტი, რომელსაც ეს სტილი აქვს არჩეული, მოტივირებულია, შეამციროს ქაოსი და შექმნას მშვიდი გარემო. შენობები არ უნდა იყოს მხოლოდ ვიზუალურად ესთეტიკური, ის ფუნქციურადაც უნდა ითვისებდეს სივრცესა და რესურსებს.
ინტერიერის დიზაინში სკანდინავიურ სტილს სიმწვანით გამოარჩევთ. ასეთი საცხოვრებელი სივრცეები ყოველთვის მცენარეებითაა დატვირთული. ურბანულ გარემოში კი არქიტექტორებმა სკანდინავიური ხასიათი ბუნებრივი მასალების გამოყენებით გამოხატეს. ამ სტილში გადაწყვეტილი შენობები ხის ან ქვის მასალითაა მოპირკეთებული. უკეთეს შემთხვევაში კი ნაგებობებს მწვანე სივრცეები, სახურავზე მოწყობილი სკვერები ან ვერტიკალური ბაღები აქვს.
შვედეთში, მალმეში, მდებარე Västra Hamnen სკანდინავიური ურბანული არქიტექტურის იდეალური მაგალითია. სივრცეში განლაგებულია ენერგოეფექტური შენობები, გამწვანებული სკვერები. დაგეგმარებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეგმასა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს.
კიდევ ერთი მაგალითია პროექტი „8 სახლი“ (კოპენჰაგენი, დანია), რომლის ავტორიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანია Bjarke Ingels Group (BIG)-ია. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ სივრცეებსა და კომერციულ ფართებს. კონცეფციასთან ერთად, სკანდინავიურ ხასიათს გამოკვეთს ბუნებრივი მასალები და გამწვანებული სახურავები.
ცხადია, სკანდინავიურ დიზაინს ურბანულ გარემოზე გავლენა მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში არ ჰქონია. ამავე სტილის საინტერესო მაგალითებს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებშიც წააწყდებით. მაგალითად, ნიუ-იორკში - High Line-ს, ლონდონში – King’s Cross-ს და ა.შ.