1757437490
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მალე საქართველოში შენობების ფასადები, ღობეებისა და გადახურვის იერსახე კონკრეტულ სტანდარტებს დაექვემდებარება. „მალე“ ზოგადი ნათქვამია, თუმცა მთავრობამ სტანდარტებზე მუშაობის დაწყება უკვე დააანონსა.
ამ დროისთვის ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა უკვე ითქვა, რომ რეგულაციას დაექვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მთავრობის გეგმით, პროგრამის ფარგლებში შენობა-ნაგებობების ვიზუალური მხარე ქვეყნის მასშტაბით უნდა მოწესრიგდეს და გაუმჯობესდეს მათი „ფუნქციური სიცოცხლისუნარიანობა“.
პროექტზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და როგორც გავიგეთ, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნორმატიული აქტის პროექტის პროფესიული წრეებისთვის (კონკრეტულად ვისთვის არ ვიცით) გაცნობისა და შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.
პროგრამის მიზანი შენობა-ნაგებობების ფასადების, სახურავებისა და ღობეების ესთეტიკური პარამეტრების დადგენაა, მათ შორის, განისაზღვრება ფერები, მასალები და ა. შ.
ქვეყანაში ფასადები რომ ხშირად სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტია. მთავრობა ამბობს, რომ ფასადები, შემოღობვა და გადახურვა „უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსელს, ლანდშაფტს“, ანუ არსებული რეალობა არც მთავრობას მოსწონს.
„თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ჩვენი ლანდშაფტი ძალიან ლამაზია, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პროგრამის დაანონსებისას და აღნიშნა, რომ „როცა გაიცემა ახალი ნებართვა მშენებლობის ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე“.
ფასადების მნიშვნელობა ქალაქებისა და დასახლებებისთვის
ქალაქს გარეგნული იერიც აქვს და შინაარსიც, მისი იდენტობა კი ხშირად ფასადებში იკითხება. სწორედ ის ქმნის ქალაქზე პირველ შთაბეჭდილებას. იერის გარდა, ფასადები ქალაქის ისტორიისა და კულტურული მეხსიერების ნაწილიცაა, დროთა განმავლობაში კი გადმოსცემს თანამედროვე ცხოვრების სტილსაც.
სპეციალისტების შეფასებით, მოვლილი ფასადები გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე და აქვს სოციალური ეფექტი, რადგან გარემო ადამიანის განწყობაზეც მოქმედებს. ფასადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყნის დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში ბევრი ისტორიული შენობაა დაუვიწყარი ფასადით, თუმცა უფუნქციო და თითქმის განადგურებული. ნაწილი, შესაძლოა, აღდგა კიდეც, ან ახალი ფასადი გაკეთდა, მაგრამ ზოგჯერ მისმა თვითნებურმა (და სტანდარტების გარეშე) რეაბილიტაციამ (იქნება ეს გადაღებვა, პლასტმასას კარ-ფანჯრის დაყენება, რეკლამების განთავსება თუ კიდევ ათასი სხვა რამ) და კონკრეტული უბნის კონტექსტიდან ამოვარდნამ მისი მნიშვნელობა დაკარგა.
ბევრმა ევროპულმა ქალაქმა კარგად გაიაზრა, რომ ფასადების მოვლა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის. მაგალითად, სხვადასხვა ევროპულ ქალაქში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, სახელმწიფო და კერძო მფლობელები ერთად აფასებენ როგორი უნდა იყოს ფასადები და მათ რეაბილიტაციასაც ერთად აფინანსებენ. მსგავსი მოდელი ბევრგან წარმატებით მუშაობს, რაც ქალაქის ისტორიული იერის შენარჩუნებასა და ტურიზმისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას ემსახურება.
ფასადების მოვლის პრობლემა საქართველოში, ფაქტია, სისტემურ მიდგომას საჭიროებს. ამ რეალობაში კი არ გვაქვს კონკრეტული მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ამ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. გასათვალისწინებელია ბიზნესის მზაობაც სახელმწიფოსთან პარტნიორობაზე, რადგან ქალაქის განვითარების სარგებელი ორივე მათგანს ექნება. აქვე საჭიროა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, რადგან ხშირად ჩვენი უმრავლესობა იმას აკეთებს, რაც თავად მოსწონს და არა იმას, რაც ქალაქს ან უბანს სჭირდება. ზუსტად ასეთი მიდგომებით ფასადი ჩვენს ქვეყანაში იქცა მხოლოდ კერძო საკუთრებად და არა ქალაქის ვიზუალად.
მოსაზრება ფასადების რეგულირებაზე
მთავრობის ახალ ინიციატივაზე არქიტექტორი და ურბანისტი, ირაკლი როსტომაშვილი ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგან ინფორმაცია ამ დროისთვის ძალიან მწირი და ზოგადია. არქიტექტორს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს სურს, ჩვენი საცხოვრებელი გარემო და დედაქალაქი იყოს ლამაზი, თუმცა ამ სურვილში მნიშვნელოვანია მიდგომები.
„ქალაქგეგმარებასა და ქალაქის განვითარებაში არქიტექტურა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არ არის გადამწყვეტი კონკრეტული შენობის იერსახე. გარდა ამისა, მეორეა ქალაქგეგმარება და ქალაქმშენებლობა, რომელიც საქართველოში ნულის დონეზეა. ჩვენთან პროექტები თანხმდება როგორც ერთი კონკრეტული შენობა თავისი კონკრეტული პარამეტრებითა და გამწვანებით და არა დეტალური დაგეგმარების დონეზე. მსგავსი მიდგომებით მივიღეთ არსებული რეალობა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის დეტალური დაგეგმარების პროექტების შესრულება, ანუ ერთი შენობა უნდა იყოს განხილული მინიმუმ კონკრეტული კვარტალისა თუ უბნის დონეზე. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი კვარტალი ერთდროულად უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გაიდლაინი თუ როგორ უნდა მოპირკეთდეს კონკრეტული ქუჩა, როგორი უნდა იყოს გადახურვა, თუ ვინმე გრანიტით მოაპირკეთებს ან კონკრეტული საღებავით შეღებავს, მის გვერდითაც მსგავსი მოპირკეთება უნდა იყოს, ანუ უნდა შეიქმნას მთლიანი ანსამბლი, რომელიც ქმნის ქალაქს, მყარ არქიტექტურას და არა ცალკეულ შენობებს“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორი მიიჩნევს, რომ თუ ამ მიმართულებას ავირჩევთ, ჩვენი ქალაქი გარანტირებულად სხვა განვითარებულ ქალაქებს გაუთანაბრდება. ირაკლი როსტომაშვილი განიხილავს ხევსურეთისა და საქართველოს მაღალმთიანეთის განაშენიანებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემპირიული წესით შეიქმნა და გადაწყდა იმის მიხედვით, რომელიც უფრო მოხერხებული იყო. მაგალითად, ხევსურეთში ფიქალია გამოყენებული, რომელმაც 5-6 საუკუნეს და უამრავ კატაკლიზმას გაუძლო, სხვა მიდგომაა სვანეთში. „ყველაფერს აქვს თავისი წესი, ეს წესი უნდა დადგინდეს და ასეთ ადგილებში გამოყენებული უნდა იყოს ავთენტიკური მიდგომები და საჭიროებები“, — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
მთავრობა ფასადების რეგულაციის ამოქმედებით ცდილობს, სისტემურ დონეზე მიხედოს ქალაქის იერსახეს, მაგრამ მხოლოდ ფასადების რეგლამენტირება ამ ეტაპზე, ალბათ, საკმარისი ვერ იქნება, რადგან ქალაქგეგმარება მხოლოდ ცალკეული მშენებლობა არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია — როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი.