1747836300
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თბილისს ახალი ვიცე-მერი ეყოლება. ქალაქის მერის მოადგილის პორტფელს გიორგი ტყემალაძე ჩაიბარებს. ის თანამდებობაზე კახა კალაძემ მას შემდეგ წარადგინა, რაც ყოფილმა ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
„გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია“ და მას „დიდი წარდგენა არ სჭირდება“ — ასე დაახასიათა დედაქალაქის მერმა გიორგი ტყემალაძე და აღნიშნა, რომ ის წლებია ჩართულია ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. კახა კალაძემ ისიც თქვა, რომ გიორგი ტყემალაძეს დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებში, როგორც თბილისის საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს (რომლის პოსტს ის ორი მოწვევის განმავლობაში იკავებდა) მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და ამიერიდან „ამბიციურ გეგმებს ქალაქისთვის“ სწორედ მასთან ერთად განახორციელებს.
50 წლის ვიცე-მერობის კანდიდატს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის. თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა (ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობა) პირველი ნაბიჯები კარიერაში საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს, „ჩალას-ვაინსის" მენეჯერობიდან დაიწყო. 2-წლიანი მუშაობის შემდეგ ის სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე დაინიშნა, მოგვიანებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პირველი მოადგილე გახდა. საქმიანობიდან 3 წელში კი უკვე სააგენტოს დირექტორის პორტფელი ჩაიბარა. 2004-2006 წლებში საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2006-2008 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „ვეტპრეპარატის“ დირექტორად.
გიორგი ტყემალაძე პოლიტიკაში 2007 წლიდან გამოჩნდა როცა „თოფაძე - მრეწველების“ პროპორციული საარჩევნო სიით თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა, იყო საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
2010 წლიდან დღემდე ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ ვიცე-მერს 2010-2012 წლებში ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.
იმისთვის, რომ გავიგოთ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა ვიცე-მერობა, შეგვიძლია, ორგანულ კანონშიც ჩავიხედოთ. აქ კი ნათქვამია, რომ „ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
„მერის პირველი მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს“.
კანონის მიხედვით, თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. მათ გათავისუფლების საკითხსაც თბილისის მერი წყვეტს.
„ვიცე-მერის და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა“, — ნათქვამია კანონში.
იქვე აღნიშნულია, რომ თუ საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია, არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილისა (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.
როდის დაამტკიცებს საკრებულო გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას, ჯერ კონკრეტული თარიღი ჩანიშნული არ არის.
კანონის მიხედვით, ვიცე-მერს საკმაოდ დიდი უფლება-მოვალეობები აქვს. თბილისში კი მრავალი გამოწვევაა, რომელთა მოგვარებაც გიორგი ტყემალაძეს ქალაქის მმართველ გუნდთან ერთად მოუწევს. მათ შორის არის ურბანული დაგეგმარება და სივრცითი განვითარება, ქაოსური მშენებლობები და ისტორიული შენობების განახლება-შენარჩუნება, მწვანე სივრცეების მწვავე დეფიციტი, გზებზე არსებული საცობები, არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქვეითებისთვის თუ ველოსიპედით მოსარგებლეთათვის არასახარბიელო გარემო. ამას ემატება ჰაერის დაბინძურება და ნარჩენების მართვის არასაკმარისი პოლიტიკა.
ეს ჩამონათვალი, ალბათ, მინიმუმია იმ პრობლემებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქს აწუხებს. თუმცა ერთი რამ ცხადია — ახალ ვიცე-მერს რთული და ერთდროულად საპასუხიმგებელო მისია აქვს დაეხმაროს ქალაქს განვითარებაში ისე, რომ მოქალაქეთა საჭიროებები და გარემოზე ზრუნვაც თანაბრად იყოს გათვალისწინებული.