1761238020
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის დაანონსებული პროექტი, ანონსიდან რეალობაში ნელ-ნელა ინაცვლებს. პროექტის განხორციელებამდე, სულ მინიმუმ, 5 წელია საჭირო, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
მერიამ ტრამვაის ხაზის დაპროექტება-მშენებლობაზე 417 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 22 დეკემბრამდე გაგრძელდება და სამშენებლო სამუშაოები Design-Build მეთოდით ჩატარდება, ეს კი გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასაც და უშუალოდ მშენებლობასაც.
თავის მხრივ, საპროექტო სამუშაოები ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს და მგზავრთნაკადის ანალიზს მოიცავს, ასევე გულისხმობს საინჟინრო გათვლებსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. გათვალისწინებულია სალიანდაგო, ტრამვაის დეპოს, ადმინისტრაციული შენობის, ტექნიკური მომსახურების ცენტრისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პრეტენდენტ კომპანიას პორტფოლიოში 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზის პროექტი უნდა იყოს ჰქონდეს განხორციელებული. კონცეპტუალური პროექტი შემსყიდველთან შესათანხმებლად 3 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს, დეტალური პროექტი კი დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს და ამის შემდეგ უკვე მშენებლობის ნებართვა 9 თვეში უნდა მოიპოვოს შესაბამისი ორგანოდან. სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის დამკვეთთან შეთანხმებიდან სამშენებლო სამუშაოები 24 თვეში უნდა შეასრულოს.
სატენდერო განაცხადის ეს ნაწილი არ მოიცავს ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვას და ამიტომაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი ტენდერის გამოცხადება ცალკე მოუწევს.
როგორც პროექტის წარდგენისას ითქვა, 7,5 კილომეტრიან ტრამვაის ხაზზე 11 გაჩერება იქნება, ტრამვაის შემადგენლობა კი 10-ით განისაზღვრება. გეგმის მიხედვით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ტრამვაის მარშრუტი მირიან მეფის ქუჩიდან დაიწყება, გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს, ბოლო გაჩერება კი მეტრო დიდუბესთან იქნება.
დიდი დიღომი-დიდუბის დასაკავშირებლად ტრამვაის ხაზის გამოყენება რამდენიმე მიზეზით გადაწყდა. დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილება, დეფიციტური სატრანსპორტო კავშირის გამო, გართულებულია. ამის ფონზე კი უბანი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად არის განაშენიანებული და მოლოდინია, რომ არსებული მშენებლობების ფონზე, მგზავრთნაკადი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. გამოსავალი, შესაძლოა, მართლაც იყოს ტრამვაის ხაზის დამატება, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რამდენად საკმარისი იქნება დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ამ ხაზის ამოქმედება. მომავალში კი, შესაძლოა, მერიას ტრამვაის ხაზის სხვა მიმართულებით გაგრძელება დასჭირდეს. მაგალითად, წერეთლის გამზირსა და სამგორისკენ.
თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ტრამვაის დაბრუნებამ მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოიტანოს — ყოველ შემთხვევაში, ასეთია თბილისის მერიის მოლოდინი. მერიის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ტრამვაის ერთმა შემადგენლობამ 300 ადამიანის გადაყვანა უნდა შეძლოს, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად ტრამვაის 10 შემადგენლობა 3000 ადამიანს გადაიყვანს. მომძლავრებული მგზავრთნაკადის პირობებში პრობლემა, ბუნებრივია, სრულად ვერ მოგვარდება, თუმცა ტრამვაის ინტეგრირება სატრანსპორტო ქსელში საშუალებას იძლევა, შემცირდეს კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება. მეორე მხრივ კი თითქმის ნულოვანი ემისიის მქონე ტრანსპორტმა ხელი უნდა შეუწყოს არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქებას.
მაინც უნდა ითქვას, რომ ტრამვაის ქსელის გამართვა ძვირად ღირებული ფუფუნებაა. თბილისური ტრამვაის პროექტის სრული და დაზუსტებული ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 417 მილიონიანი სატენდერო შესყიდვა უკვე გამოცხადდა, 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის ფასი კი 200-250 მილიონ ლარის ფარგლებში იქნება, ანუ ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში პროექტის განხორციელება 600-650 მილიონი ლარი დაჯდება.
აქვე საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თანამედროვე ტრამვაის სისტემის შექმნა 1 კმ-ზე 10-30 მილიონ ევროს ფარგლებშია და მოიცავს ენერგოინფრასტრუქტურის, დეპოს, სადგურების, ტრამვაის ვაგონის ხარჯებს. თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქზე, მის რეალობაზე, სურვილებსა და გათვლებზე. მსგავსი მასშტაბის პროექტებში, როგორც წესი, საერთაშორისო დონორების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ ზედამხედველობასაც და ხარისხის კონტროლსაც.