1778169118
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მარტივი შეფასებით, ტროტუარის მთავარი ფუნქცია, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა, თუმცა თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და დიზაინში მას ბევრი სხვა დამატებითი ფუნქციაც აქვს.
ერთი მხრივ, ტროტუარი საზოგადოებრივი სივრცეა, რომელიც გადაადგილების გარდა, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მოქალაქეების შეხვედრის ადგილად არის ქცეული და ერთგვარი სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, კოპენჰაგენში ქუჩის სივრცის დიდი ნაწილი სწორედ ქვეითებსა და ველოსიპედისტებს ეკუთვნის, რაც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს. მსგავსი მიდგომაა ვენაშიც, სადაც ქალაქის ცენტრში ტროტუარები სპეციალურადაა მოწყობილი ისე, რომ ერთდროულად იყოს გადაადგილების სივრცე და სოციალური აქტივობის ადგილი.

ტროტუარი ბევრგან ქალაქის ინფრასტრუქტურის დამხმარე ფუნქციის მატარებელია, აქ მოწყობილია სკამები, მწვანე ზოლები და ურბანული ავეჯიც კი. ამის მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც სპეციალური პროგრამის (NYC pedestrian plaza) ფარგლებში, ქუჩების ნაწილში ტროტუარები გაფართოვდა და საფეხმავლო სივრცეებში განთავსდა სკამები, მწვანე ზოლები და დროებითი საზოგადოებრივი სივრცეები.
ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველწლიურად სტუმრობს ევროპულ ქალაქებს და კარგად ხედავს, რომ ბევრგან ტროტუარი ეკონომიკური აქტივობის სივრცედაც არის ქცეული. მაგალითად, ტროტუარები ბევრგან იმდენად ფართოა, რომ მოწყობილია ქუჩის კაფეებიც, ველოსადგურებიც, ვენდორებიც, ღია ცის ქვეშ ბაზრობებიც და ისინი ერთად უპრობლემოდ თანაარსებობენ.
ტროტუარები გარემოს დაცვის შესაძლებლობასაც იძლევა და ბევრგან მისი დიზაინი ინტეგრირებულია ბიოფილტრაციის, წყლის გაჟონვის და მაღალი ტემპერატურის მართვის სისტემებთანაც კი. მაგალითად, როტერდამში ტროტუარებისა და ქუჩების ნაწილი სპეციალურად ისეა დაგეგმილი, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის დაგროვება და მისი ნიადაგში შეღწევა მოხდეს, რაც ქალაქისთვის დატბორვის რისკს ამცირებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ტროტუარი ეს არის ქალაქის დიზაინიც, არქიტექტურაც, საზოგადოებრივი სივრცეც და სოციალური მატრიცაც. ამ შესაძლებლობას მსოფლიოს ბევრ ქალაქში აქტიურად იყენებენ და ტრანსფორმირდებიან საკუთარი საჭიროებისა და მოთხოვნის მიხედვით.
თბილისში ტროტუარების მიმართ ჯერ კიდევ სტანდარტული მიდგომაა შემორჩენილი. სტანდარტული მიდგომა კი ბევრი გამოწვევის წინაშე გვაყენებს და არა თუ დამატებითი ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობა გვაქვს, არამედ ფეხით გადაადგილებაც კი ბევრ სირთულეს უკავშირდება.
ტროტუარები ხან ავტომობილებით და მშენებლობებით არის ჩახერგილი, ხანაც ისეთი დაზიანებულია, ფაქტობრივად, გადაადგილება წარმოუდგენელია. ჩვენს ქალაქში ისეთი ადგილებიც მოიძებნება, სადაც ტროტუარი საერთოდ დავიწყებიათ. კიდევ უფრო მეტად რთულია ცხოვრება ეტლით მოსარგებლეთათვის, უმრავლეს ადგილას პანდუსი საერთოდ არ არის და შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება თითქმის წარმოუდგენელია. ცხოვრება მარტივი არც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისაა, რადგან ბავშვთან ერთად ეტლით გადაადგილება ბევრგან რეკორდის დამყარების ტოლფასიც კი ხდება (შესაბამისი ექსპერიმენტი „ურბან მედიას“ არაერთხელ შეუთავაზებია მკითხველისთვის).

არადა თანამედროვე სტანდარტებით, ქალაქის დაგეგმარებისას, ჯერ ტროტუარები და ველობილიკები ეწყობა, შემდეგ კი კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გზა. ფაქტია, ამ მხრივ მდგომარეობა იცვლება, თუმცა ჯერჯერობით ძალიან ნელი ტემპით. ქალაქში თანამედროვესთან მიახლოებული, მოწესრიგებული ტროტუარები მხოლოდ რამდენიმე განახლებულ ქუჩაზე (რუსთაველზე, პეკინზე, ვაკეში, წერეთელზე) გვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არა სრულად…
ბევრი სპეციალიტი აღიარებს, რომ ამ რეაბილიტირებულ ქუჩებზე ბევრი ხარვეზი იყო, თუმცა ქალაქის მობილობის სისტემაში ქვეითის გათვალისწინების ამ მაგალითების არსებობა დადებით ფაქტორად უნდა შეფასდეს. ნოსტალგია, ალბათ, არავის შემორჩა ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟთან დაკავშირებითაც, რადგან ამ მხრივ ფეხით მოსიარულეთა პირობები ნამდვილად გაუმჯობესდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, ეს ზღვაში წვეთია და უნდა გვსურდეს ეს ტრანსფორმაცია კიდევ უფრო ფართო იყოს და მთელ ქალაქზე უნდა გავრცელდეს, მით უმეტეს, რომ ამ რეაბილიტირებულ ქუჩებზეც ბევრი პრობლემაა…
ჭავჭავაძის გამზირი, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი „რევოლუციური“ ცვლილება იყო თბილისისთვის, სადაც ტროტუარი და ქვეითი პრიორიტეტული გახდა. ტროტუარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ნაგვის ურნების მიწისქვეშ ჩატანაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, არსებობს გამწვანების ზოლი და სავალი ნაწილი, თუმცა მიუხედავად დიზაინისა, არის ადგილები, სადაც ველობილიკი, ავტობუსის გაჩერება და ქვეითთა ნაკადი ერთმანეთს კვეთს. ამავდროულად ცოტა ხნის წინ რეაბილიტირებულ გამზირზე ფილები უკვე ამოყრილია. როგორც წესი პრობლემებია უამინდობის დროს და მიწისქვეშა სისტემების გაუმართაობა ხშირად თავს გვახსენებს. უფრო მეტი პრობლემაა წერეთელზე, სადაც ტროტუარი პარკინგის ხარჯზე შემცირდა. ბევრ მონაკვეთზე ტროტუარი ისევ დანაწევრებულია.
ბუნებრივია, თბილისს მძიმე ურბანული მემკვიდრეობა აქვს და მრავალი წლის განმავლობაში არსებული რეალობის ფრაგმენტული და ცალკეული ინიციატივებით შეცვლა რთულია. საკითხი კომპლექსურია და მისი გადაჭრა, სპეციალისტების შეფასებით, მხოლოდ სისტემური მიდგომით, ცოდნითა და სპეციალისტების აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი. გამოსავალი მეტი ტროტუარისა და ველობილიკის მოწყობა, სპეციალური საფეხმავლო ზონების განვითარება, სატრანსპორტო სისტემის გაფართოება, ქალაქის შშმ პირებზე ადაპტაცია და პარკირების წესების გამკაცრებაა. სწორედ ასეთი სისტემური მიდგომით შეძლეო ბევრმა ქალაქმა, ქუჩის სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეითებისთვის დაებრუნებინათ.