1753196863

მე-20 საუკუნის თბილისის ურბანული პლაკატები

ჰედერი

ავტორი

ბაკურ გაბუნია

პლაკატი, ეს არის საინფორმაციო-სარეკლამო საშუალება, რომელიც მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. ბეჭდური ეპოქიდან ციფრულ ტრანსფორმაციამდე, ხელოვნების ეს მიმართულება დიდი პოპულარობით სარგებლობს — ერთი მხრივ, ვიზუალური თვალსაზრისით; მეორე მხრივ კი, მასზე დატანილი ინფორმაციისა თუ რეკლამის შინაარსით.

თუმცა დღეს არც პლაკატის წარმოშობაზე ვისაუბრებთ და არც მის ციფრულ სამყაროში განვითარებაზე. სანაცვლოდ, მე-20 საუკუნის ქართულ პლაკატებს შევეხებით — გაჟღენთილს იმ პერიოდში დამკვიდრებული იდეოლოგიით, მოწოდებებითა და გაფრთხილებებით.

თეატრის აფიშები, სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის რეკლამა, საგზაო წესების დაცვა, უსაფრთხოება, ქალაქებისა და სოფლების აყვავება — ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს მე-20 საუკუნის ქართული პლაკატები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი საბჭოეთის პერიოდს განეკუთვნება და შესაბამისად, პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა, როგორც „სანიმუშო მოქალაქის“ ხატი.

ამ ყველაფრის მიღმა კი ძალიან საინტერესოა, როგორ აღიბეჭდებოდა პლაკატებში ურბანული გარემო. ერთი მხრივ, ასახავდა იმდროინდელი თბილისის და სხვა ქალაქების არქიტექტურულ, ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს; მეორე მხრივ კი, ცდილობდა სოციალისტური იდეალების, პროგრესისა და „ახალი საზოგადოების“ ხედვის დემონსტრირებას.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, პლაკატებში ქალაქის ურბანული დეტალები ხშირად სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. მაგალითად:

  • მშენებლობა და ინდუსტრიული პროგრესი: ხშირად გამოსახავდნენ ამწეებს, შენობების კონტურებს; ან ახლებური ქალაქების იდეალიზებულ სურათებს. რეალურად, ეს საბჭოთა საზოგადოების ურბანული მოდერნიზაციისა და პროგრესის სიმბოლო იყო;

  • რკინიგზები და ტრანსპორტი: ურბანულ გარემოში ჩართული ტრანსპორტის ვიზუალები ასახავდა არა მხოლოდ ურბანულ მობილობას, არამედ სახელმწიფოს განვითარებასაც უსვამდა ხაზს.

ბუნებრივია, თბილისი, როგორც მე-20 საუკუნის საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ცენტრი, ხშირად იყო პლაკატების თემატიკის ნაწილი. ამ მხრივ, ხშირად პლაკატებზე დატანილი იყო ძველი და ახალი შენობების შერწყმა — ტრადიციული ქართული არქიტექტურა (მაგალითად, ძველი თბილისის აივნები) და ახალი, მოდერნისტული შენობები, ინდუსტრიული სიმბოლოების ელემენტებთან ერთად. ამასთან, მტკვარი ხშირად იყო წარმოდგენილი, როგორც ურბანული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ისიც საგულისხმოა, რომ პლაკატებზე დიდი ყურადღება ექცეოდა ურბანულ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში ახალი სოციალური ფუნქციებით იტვირთებოდა:

  • თეატრები, კინოთეატრები და კულტურის სასახლეები: ეს ადგილები წარმოდგენილი იყო როგორც კულტურული განვითარებისა და განათლების სიმბოლოები;

  • ქუჩები და მოედნები: პლაკატებზე ხშირად იყო ასახული თბილისის ცნობილი ქუჩები, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, რაც ხაზს უსვამდა ქალაქის ცენტრალურ როლს ქვეყნის ცხოვრებაში.

ხოლო ესთეტიკური თვალსაზრისით, ურბანული პლაკატები მკვეთრი ფერებითა და გეომეტრიული ფორმებით გამოირჩეოდა. ასე ქალაქის დინამიკურ და მუდმივად განვითარებად ბუნებას უტრირებდნენ. მუქი და კონტრასტული ფერები, სიმბოლურად, ენერგიულ, პროგრესულ ხასიათზე მიანიშნებდა. ასევე, პლაკატებში ურბანული გარემო ხშირად უფრო იდეალიზებული და სიმბოლური იყო, ვიდრე რეალისტური. ამიტომაცაა, რომ იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები იშვიათად ჩანდა ამ ნამუშევრებში.

ამავდროულად, ამ სტატიკურ სურათებთან ერთად, ყოველდღიური ცხოვრების ურბანულ ასპექტებსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ. კერძოდ, ფონურ გამოსახულებებში ვხედავთ მუშებს, საქმიან ადამიანებს, მასწავლებლებს, „ბეჯით“ ბავშვებს და, ზოგადად, შრომისმოყვარე ადამიანებს.

მთლიანობაში, მე-20 საუკუნის ქართულ პლაკატებში ურბანული გარემო წარმოჩნდებოდა როგორც საქართველოს მოდერნიზაციისა და პროგრესის დიდი არეალი. აქ თითოეული დეტალი, იქნება ეს არქიტექტურა, საზოგადოებრივი სივრცეები თუ ტრანსპორტი, ატარებდა პოლიტიკურ, კულტურულ და ესთეტიკურ დატვირთვას.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები