1748358540
ალბათ ყველანი ვყოფილვართ მოწმენი, მზის ჩასვლის შემდეგ რომ ბნელდება და უცებ, თითქოს ერთდროულად, ლამპიონები ინთება. ყველა მბჟუტავი ან კაშკაშა სინათლე რაღაცას ჰყვება — ქალაქის იდენტობაზე, მის ისტორიასა და მისწრაფებებზე. ის, რაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილი გეგონათ, სინამდვილეში კულტურული ენაა — უთქმელი დიალოგი ქალაქსა და მის მცხოვრებლებს, ან წარსულსა და მომავალს შორის.
დღეს ვეცდებით, გავაშიშვლოთ სინათლისა და ურბანული კულტურის ღრმა კავშირი, გამოვიკვლიოთ, როგორ ასახავს განათება ტექნოლოგიურ ინოვაციებს, სოციალურ დინამიკასა და კულტურულ სიმბოლიზმს. ისტორიის, იდენტობისა და მომავლის ტენდენციების ანალიზით, ვაჩვენებთ, როგორ ჰყვებიან ქალაქები თავიანთ ისტორიებს სინათლის საშუალებით და როგორ ყალიბდება ამ ისტორიების გავლენით ჩვენი ყოველდღიურობა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში გაზის ნათურამ ურბანულ ცხოვრებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ქუჩები, რომლებიც მანამდე სიბნელეში იყო ჩაფლული, ღამის ცხოვრების ეპიცენტრად იქცა. დაიწყო ქალაქის ფუნქციონირების სრულიად ახალი ეტაპი, რამაც უსაფრთხოებასთან ერთად ხელი შეუწყო ღამის კომერციის, თეატრებისა და სოციალური ცხოვრების აყვავებას.
გაზის ნათურებმა ურბანული ლანდშაფტიც გარდაქმნა. ურბანისტებმა სივრცეების დიზაინი განათების გარშემო ააგეს, რაც ქუჩებს სრულიად ახალ სიცოცხლეს მატებდა. ბულვარები და გამზირები, რომლებიც ღამით მკვდარი სივრცე იყო, ახლა სავსე გახდა სიცოცხლითა და მოძრაობით.
დიდი ქალაქები ელექტრო განათებას საკუთარ ძლიერებაზე სასაუბრო ინსტრუმენტად იყენებდნენ. ეს იყო ინდუსტრიული და ურბანული ევოლუციის ძლიერი სიმბოლო, რომელმაც მკაფიოდ წარმოაჩინა ქალაქების სწრაფვა ტექნოლოგიური ლიდერობისკენ. მაგალითისთვის, ეიფელის კოშკის ელექტრიფიკაცია 1889 წლის მსოფლიო გამოფენაზე არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევების დემონსტრაცია გახლდათ, არამედ პროგრესის, ინოვაციისა და საერთაშორისო პრესტიჟის განაცხადი.
თუმცა ეს შუქი ყველასთვის თანაბრად არ ანათებდა. მდიდარი უბნები ელექტრო განათებით გარდაიქმნა ბრწყინვალე სიმდიდრის სიმბოლოებად. პარალელურად კი, მუშათა კლასის რაიონები და ღარიბი კვარტალები სიბნელეში რჩებოდა, რაც ურბანულ ხარვეზებსა და უთანასწორობაზე მიანიშნებდა. მაგალითად, პარიზის გარეუბნებში სინათლის ნაკლებობა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის იზოლაციას კიდევ უფრო ამწვავებდა, რაც სოციალური უთანასწორობის სივრცით გამოხატულებას ქმნიდა.
ელექტრო განათების გავრცელებამ სხვა კულტურული კონტექსტებიც გამოავლინა. მაგალითად, ტოკიოს შიბუიას ციმციმა ნეონები და ჰონგ-კონგის ვიქტორია ჰარბორის განათებული ცათამბჯენები არა მხოლოდ თანამედროვე ურბანიზმის სიმბოლოა, არამედ იმ რეგიონების უნიკალური იდენტობის ამსახველი ნიშნებიც. ტოკიოს ნათებები ტექნოლოგიური ინოვაციის მუდმივ მოძრაობას განასახიერებს, მაშინ როდესაც ჰონგ-კონგის განათებული შტრიხები ქალაქის, როგორც საერთაშორისო კომერციული ცენტრის როლს ასახავს.
„საერთოდ, თბილისში მთელი სიბნელე იყო. მხოლოდ სადაც დუქნები და მაღაზიები იყო, იქიდან თუ გამოიბჟუტებოდა ნავთის ლამფის სინათლე, თორემ გზის გაგნება ადვილი არ იყო მოუქარწყლავ ქუჩებში,“ ვკითხულობთ, დავით მთვრალაშვილის ჩანაწერებში (სტილი დაცულია). მანამ, სანამ 1920-იან წლებში პირველი ჰიდროელექტროსადგურის, ზაჰესის მშენებლობა დაიწყებოდა და თბილისს ელექტროენერგია მიეწოდებოდა, ქუჩების განათებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. თავდაპირველად, ღამის თბილისში სინათლის წყარო ნავთის ფარანი ყოფილა. მცირე, კერძო ელექტროსადგურებით კი სარგებლობდნენ მხოლოდ მდიდარი ოჯახები და ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა, მაგალითად, თეატრი.
„ქუჩებში სრული სიბნელე იყო. შენობების ქუჩის კარებზე, სამისამართო ტრაფარეტების გამოსაჩენად, ფარნები იყო მიმაგრებული. მეეზოვეს ამისათვის კიბე ჰქონდა. დილით კიბეს დაიდგამდა, ავიდოდა, ჩამოიღებდა ფარნიდან ნავთის ლამფას, გასწმინდავდა, ჩაასხამდა ნავთს და მოამზადებდა საღამოსთვის. საღამოთი ბინდისას თავისი კიბეთი აანთებდა. ეს ნავთის ლამფები ფანარში მოთავსებული იყო და მაინც და მაინც ისეთი სინათლეს ვერ იძლეოდა, რომ ტრაფარეტზე ნომერი გაგერჩია და ქუჩა როგორ უნდა გაენათებინა,“ — კითხულობთ ჩანაწერებში, — „გალავინსკის პროსპექტკზე, შუა ქუჩაზე რკინის მილის დიდი ბოძები იყო მიწაში ჩასმული. ამ ბოძის მაღლა წვერზე ჩამოკიდებული ტროსით დიდი ფანარი, რომელიც გაზის სინათლეს იძლეოდა და ბოძის დაბლა კაცის მისაწვდომად ბუდე ჰქონდა სადაც ფარნის ტროსი იხვეოდა ძირს დასაშვებად და მაღლა ასაწევად. საღამოთი ბინდისას მოვიდოდა მისი მოხელე კაცი ამ ფანარს ჩამოუშვებდა ძირს, აანთებდა და ისევ ასწევდა ტროსით მაღლა თავის ადგილას. დილით მოვიდოდა, ჩამოუშვებდა, ჩააქრობდა და ისევ ასწევდა თავის ადგილას, მაგრამ არც ეს აძლევდა ისეთ სინათლეს“(სტილი დაცულია).
თბილისის განათებაში მნიშვნელოვანი წვლილი ოტო სიმენსს მიუძღვის. გერმანული კომპანიის, Siemens & Halske-ს დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის ძმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ნავთობის ბიზნესში, საქართველოში ცხოვრობდა. ოტო სიმენსი, სხვა ბევრ მნიშვნელოვან საქმიანობასთან ერთად, თბილისს გარე განათების მოწყობაშიც დაეხმარა. ისტორიულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, დედაქალაქის ქუჩებში პირველი ელექტრო განათება, სიმენსის ინიციატივით, 1887 წელს ჩაირთო. თუმცა, ნათურები განთავსებული იყო მხოლოდ დიდ, მდიდრულ შენობებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ განათება ირთვებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ქუჩებს მთვარის სინათლე არ ჰყოფნიდა.
კიდევ ერთი სახელი, რომელიც თბილისის გარე განათებებს უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეა, ადამიანი, რომელსაც ქვეყნის წინაშე არაერთი დამსახურება აქვს. ნიკო ნიკოლაძე ცნობილია იმით, რომ მაქსიმალურად ცდილობდა, საუკეთესო ევროპული გამოცდილება საქართველოში ადგილობრივი საჭიროებებისთვის მოერგო და გამოსდიოდა კიდეც. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, პარიზში მიღებული ცოდნა ჯერ ფოთში გამოიყენა და პორტიდან მიღებული ელექტროენერგიით ზღვისპირა ქალაქი გაანათა, შემდეგ კი იგივე გამოცდილება თბილისშიც გადმოიტანა.
დღეს, ერთი შეხედვით, დედაქალაქში სინათლის პრობლემა არ გვაქვს. ქუჩებს ელექტროენერგია მიეწოდება, სანათები დამონტაჟებულია და ანათებს. თუმცა, რადგან 2025 წელია და ნავთის სანათების ეპოქა დიდი ხნის წინ გამოვიარეთ, მოთხოვნაც უფრო მაღალ სტანდარტზეა. ახლა მნიშვნელოვანია განათების ფერიც, ტიპიც და სიმძლავრეც.
მაგალითისთვის, თბილისის ბევრ უბანში ჯერ კიდევ მოძველებული, ყვითელი ფერის ნათებაა. ეს კი, რეალურად, საბჭოთა პერიოდიდანაა შემორჩენილი, რადგან ევროპული სტანდარტებით უპირატესობა ნეიტრალურ ნათებას ენიჭება. ეს ყველაფერი კი უარეს შედეგს გვაძლევს მაშინ, როცა ერთმანეთს ერევა ძველი და ახალი, ანუ ყვითელი და ნეიტრალური ნათებები. შედეგად ვიღებთ არათანაბარ სინათლეს, რაც განსაკუთრებულ სირთულეებს ავტომობილების მძღოლებს უქმნით.
ცუდად განათებული ქუჩები უსაფრთხოებაზეც დიდ გავლენას ახდენს. ბნელი საფეხმავლო გადასასვლელები საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებს. ხშირად შეამჩნევთ ლამპიონებს, რომლებიც ხეების ფოთლებშია შემალული და, თავისთავად, ნათებაც არასაკმარისია.
პრობლემებია თბილისის შემოგარენშიც. მაშინ, როცა ცენტრალური მაგისტრალი განათებულია, დედაქალაქის შემოვლითი გზა, რომლითაც უმეტესად სატვირთო ავტომობილები მოძრაობენ, ფაქტობრივად, ჩაბნელებულია. იმის გათვალისწინებით, რომ გზის საფარიც დაზიანებულია, იქ გადაადგილება არც ისე კომფორტული და უსაფრთხოა.
არადა, 2025 წელს, თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს შესაძლებლობას, გარე განათებები არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ ენერგოეფექტურიც გავხადოთ.
სინათლე ყოველთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგია. ის ქალაქების ტრიუმფებს, ტრავმებსა და ისტორიას ასახავს. მაგალითად, ბერლინი, ქალაქი, რომელიც ოდესღაც ცივი ომის ეპოქის სიმბოლო იყო, დღემდე ამ გაყოფის კვალს სინათლით ატარებს. ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ დომინირებს ინდუსტრიული, უფრო მკრთალი და პრაგმატული განათება, რომელიც საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობაა. დასავლეთ ბერლინის ქუჩები, პირიქით, მკვეთრი, ენერგოეფექტური ნათურებით ანათებს. ეს კონტრასტი თითქოს უხმოდ ჰყვება ისტორიის გაყოფილ გზებზე და იმ იდეოლოგიურ უფსკრულზე, რომელიც ოდესღაც ქალაქს ორ ნაწილად ყოფდა.
დღესდღეობით, ყოველწლიური სინათლის ფესტივალი ბერლინს სინათლის ტილოდ აქცევს, სადაც ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ბერლინის კედლის ნარჩენები, განათებული პროექციებით ცოცხლდება. ეს ღონისძიება არა მხოლოდ ხელოვნების დღესასწაულია, არამედ შერიგებისა და იმედის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება გაყოფილი წარსული ერთიან მომავალში გადაიზარდოს.
დღეს, როცა ქალაქები ცდილობენ შეამცირონ ნახშირბადის გამოყენება და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანები გახდნენ, ჭკვიანი განათების სისტემები არა მხოლოდ ინოვაციად, არამედ აუცილებლობად იქცა. ადაპტირებადი განათება ქალაქებს საშუალებას აძლევს ენერგია დაზოგონ და გარემოზე ზემოქმედება შეამცირონ. მსგავსი ტექნოლოგიაა მაგალითად კოპენჰაგენის „ჭკვიანი“ ქუჩის ნათურები. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გარემოს დაცვასთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, განსაკუთრებით მათი გადაადგილების დროს. მაღალწნევიანი ნატრიუმის ნათურების ნეიტრალური LED განათებით შეცვლამ, შესაძლებელი გახადა, რომ ბნელ საათებში ფერები, ურბანული სივრცე, ადამიანები და საგნები უკეთ გამოჩენილიყვნენ.
გზების განათების ტიპი და სვეტების ზომა კი გათვლილია თითოეული ტერიტორიის სპეციფიკის მიხედვით:
მთავარ გზებზე ველობილიკებისა და ტროტუარების განათება გაიზარდა, იგივე მიდგომა გამოიყენეს სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების გარშემო სინათლისთვის.
მეორეხარისხოვან გზებზე, საცხოვრებელ უბნებსა და სოფლებში, დამონტაჟებულია უფრო მცირე ზომის ნათურები, რაც ქმნის მყუდრო შთაბეჭდილებას და რაც მთავარია მიანიშნებს გამვლელ მძღოლებს, რომ ისინი მშვიდ, ნაკლებად დასახლებულ გარემოში იმყოფებიან.
ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი
მდგრადი განათების დანერგვა ხშირად გამოწვევად იქცევა ისტორიული ქალაქებისთვის, როგორებიცაა ვენეცია ან კიოტო, სადაც თითოეული შუქი კულტურულ მემკვიდრეობას ემსახურება. ამ ქალაქებისთვის მთავარი ამოცანაა, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ისე შეითვისონ, რომ არ დააზიანონ მათი ისტორიული იდენტობა. მაგალითად, კიოტოში LED ტექნოლოგია მორგებულია ტრადიციული ფარნების სტილზე, რაც ისტორიულ ესთეტიკას უცვლელად ინარჩუნებს. ვენეციაში კი, ულტრათანამედროვე განათება დიზაინში ფრთხილად ინტეგრირდება, რათა ქალაქის ძველმოდური ხიბლი უცვლელი დარჩეს.
ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ტექნოლოგიური გამოწვევის დასაძლევად არაა შექმნილი; ისინი ქალაქის დამოკიდებულებას აჩვენებენ წარსულის პატივისცემისა და ეკოლოგიური მომავლის მიმართ.