1748007360

თბილისის გერმანული არქიტექტურა

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

მე-19 და მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბებასა და კულტურულ განვითარებაში გერმანელ არქიტექტორებს, აქ დასახლებულ გერმანელებს დიდი წვლილი მიუძღვით. მათ მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენს ურბანულ გარემოში და თბილისის იდენტობას განსაზღვრავს. დღევანდელ სტატიაში სწორედ გერმანულ არქიტექტურასა და გერმანელ არქიტექტორებს შევეხებით და საინტერესო შენობების შესახებ ბევრისთვის უცნობ ისტორიებს გაგიზიარებთ.

დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც ნებისმიერი ტურისტის ყურადღებას იპყრობს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრია. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ის რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის დაპროექტებულია. გადმოცემის თანახმად, შრეტერი გატაცებული ყოფილა თეატრების პროექტებით და გარდა თბილისისა, კიევში, ირკუტსკში, ნიჟნი-ნოვგოროდშიც მსგავსი ფუნქციის ნაგებობები აქვს შექმნილი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც ადრე თბილისის სახაზინო თეატრის სახელით იყო ცნობილი, ძველი, დამწვარი თეატრის ნაცვლად აიგო 1896 წელს გოლოვინის, ახლანდელი რუსთაველის გამზირზე. პროექტი 1200 მაყურებელზე იყო გათვლილი და რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრის კონსტრუქციის შთაგონებით შეიქმნა. შენობა ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით ხასიათდებოდა და ინტერიერი ფსევდო-მავრიტანული მოხატულობით იქცევდა ყურადღებას. 1973 წელს სახაზინო თეატრი დაიწვა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც შენობის შიდა, ისე გარეთა ნაწილები. რეკონსტრუქციის შემდეგ, ნაგებობამ სახე იცვალა, თუმცა ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ფასადის უნიკალური დეტალები და შენობის აღმოსავლური, ფსევდო-მავრიტანული სტილი შენარჩუნდა.

თბილისში დაბადებული, გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის სახელს უკავშირდება კიტა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რომლის მშენებლობაც 1870 წელს დაიწყო და 1891 წელს დასრულდა.

ალბერტ ზალცმანის პროექტს წარმოადგენს დღევანდელი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შენობაც, რომელიც დიდების ტაძრის სახელითაა ცნობილი. შენობა, რომელიც 1890-92 წლებში აიგო, სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ფუნქციით გაიხსნა და მასდიდების ტაძარიეწოდა. მისი მიზანი რუსეთის არმიის კავკასიაში წარმატებული ბრძოლების აღნიშვნა და რუსი ჯარისკაცების უკვდავყოფა იყო. სწორედ ამიტომ, მთავარი ფასადის კედელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ლითონის ათი დაფა ამშვენებდა, რომლებზეც კავკასიის ომში მნიშვნელოვანი გამარჯვებები და ცნობები იყო აღწერილი. ხოლო მუზეუმის დარბაზი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით ყოფილა გაფორმებული, რომლებიც კავკასიის ომის ისტორიულ მოვლენებს შეეხებოდა. მოგვიანებით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, შენობა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა და 1920 წელს, საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – „საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეაგაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა.

საქართველოში მოღვაწე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი, რომელიც თბილისში არაერთი საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი შენობის ავტორი გახლავთ, ლეოპოლდ ბილფელდია. მისი დაპროექტებულია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სასტუმროვეტცელისშენობა, რომელიც 1897-1900 წლებში აშენდა. სასტუმროს მფლობელი კი გერმანელი II გილდიის ვაჭარი, მეცენატი ფრიდრიხ ვეტცელია. „ვეტცელიიმ პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ ითვლებოდა. შენობაში ფუნქციონირებდა ლიფტი, ყველა ოთახი აღჭურვილი იყო გათბობის სისტემით, ინტერიერში გვხვდებოდა რესტორნები და თეატრალური სივრცეც, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში თოჯინების თეატრად გადაკეთდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრიდრიხ ვეტცელს ეკუთვნოდა თბილისში ერთ-ერთი პირველი ლუდსახარში ქარხანაც, რომელიც ასევე გერმანელმა არქიტექტორმა, პავლე გოტგარდტმა დააპროექტა.

გერმანულ დასახლება ნოი ტიფლისში, წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია, რომელიც მიხეილის ქუჩაზე, დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა, ასევე ლეოპოლდ ბილფელდის ნამუშევარს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლი ააშენეს.

ლეოპოლდ ბილფელდის პროექტის მიხედვით აიგო 1904-1910 წლებში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაც და აღმაშენებლის გამზირზე, ანზორ ერქომაიშვილის N12-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომელიც რენესანსულ-ბაროკოული ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს და ევროპული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გამოირჩევა.

ოტო სიმონსონი ალბერტ ზალცმანთან ერთად ის გერმანელი არქიტექტორია, რომელმაც იმდროინდელი რენესანსულ-ბაროკოული ფასადების გამოყენებით თბილისის XIX-XX საუკუნის განაშენიანებას ახლებური ხასიათი შესძინა. მისი ავტორობით აშენდა 1865-67 წლებში თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა. ნაგებობამ ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა, 1895 წელს ჯერ ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასტუმროორიენტად“ გადაკეთდა, 1908 წელს კი პირველ სართულზეზინგერისსაკერავი მანქანების მაღაზია გაიხსნა. საბოლოოდ შენობა 1990 წელს დაიწვა და განადგურდა.

ოტო სიმონსონის სახელს უკავშირდება დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეც, რომელიც ძველად მეფისნაცვლის სასახლედ იწოდებოდა. მან შენობას ჯერ ნაწილობრივი, შემდეგ კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა და ფასადთან ერთად, ინტერიერისა და ავეჯის განახლებაშიც მიიღო მონაწილეობა. გერმანელი არქიტექტორის ნამუშევარს ეკუთვნის თბილისის კლასიკური გიმნაზიის რეკონსტრუქციის პროექტიც, რომლის სამუშაოები 1870-71 წლებში მიმდინარეობდა.

ფოტო - Supanut Arunoprayote

ევროპული არქიტექტურის მემკვიდრეობას წარმოადგენს ია კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სასახლე, რომელიც არქიტექტორ პაულ შტერნის დაპროექტებულია. მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ გადაკეთდა, დღემდე ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად ითვლება.

თბილისის საკრებულოს შენობამ სახე არაერთხელ იცვალა, მას რეკონსტრუქცია ჯერ ალექსანდრ ოზეროვმა, შემდეგ კი გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ჩაუტარა. მან ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს მესამე სართული დაუმატა, რითაც შენობას საფეხუროვანი სილუეტი შესძინა. ამას გარდა, მანამდე არსებული სახანძრო კოშკურა უფრო მაღალი, ფანჩატურით დაგვირგვინებული რატუშით და საათით ჩაანაცვლა. ფასადი კი არქიტექტორის გადაწყვეტილებით მავრიტანული ელემენტებით მოირთო.

ამგვარად, თბილისში გერმანელი არქიტექტორების სახელებს არაერთი შენობა უკავშირდება. მათმა ნაწილმა სახე იცვალა და რეკონსტრუქცია განიცადა, ზოგი განადგურდა, ზოგი კი პირვანდელი სახით შემორჩა და დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები