1779556560
ოდესღაც მანქანა სტატუსის სიმბოლო იყო. დღეს კი, პარადოქსულად, სტატუსს უფრო მისი გაჩერების შესაძლებლობა განსაზღვრავს. თბილისში ეს განსაკუთრებით ნაცნობი სურათია — პარკირების ადგილის ძიება ხშირად თავად მგზავრობაზე მეტ დროს მოითხოვს. თუმცა, მიუხედავად მუდმივი დეფიციტისა, დედაქალაქში კერძო საპარკინგე ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ ვითარდება, რადგან მრავალსართულიანი ან თანამედროვე კერძო პარკინგის აშენება ინვესტორისთვის ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველ პროექტად რჩება.
კერძო ფასიანი საპარკინგე სივრცეები თბილისში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს, თუმა მძღოლების დიდი ნაწილი არჩევანს ისევ ქუჩაზე აკეთებს — თუნდაც ტროტუარზე დგომის, მწვანე ზონის დაკავების ან ერთმანეთის გზის ჩახერგვის ფასად. თბილისი დღეს იმ ეტაპზეა, როცა პარკირების კულტურა ჯერ კიდევ ვერ იქცა სრულფასოვან ურბანულ ეკონომიკად განსხვავებით იმ ქალაქებისგან, სადაც ავტომობილის სადგომი სივრცე უკვე დიდი ხანია ცალკე, მაღალშემოსავლიან ინფრასტრუქტურულ ბიზნესად ჩამოყალიბდა.

აღმოსავლეთ ევროპა:
აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებმა დიდი ხანია აითვისეს ის გაკვეთილი, რომელიც დასავლეთმა ათწლეულების წინ მიიღო — ქალაქის ცენტრში მანქანა კომფორტი კი არ უნდა იყოს, არამედ გათვლილი, ფასიანი არჩევანი. პრაღაში ეს ლურჯ, იასამნისფერ და ნარინჯისფერ ზონებად გამოიხატება. ლურჯი მხოლოდ ადგილობრივებისთვის, დანარჩენი კი ფასიანია. ისტორიულ ცენტრში საათი 60-90 კრონა ჯდება, ანუ დაახლოებით 2.5-3.8 ევრო. ამავდროულად, მეტროს სადგურებთან P+R ავტოსადგომები მუშაობს და მთელი დღით გაჩერება 2-4 ევრო ღირს.
ვარშავამ ფასიანი ზონის გაფართოებასთან ერთად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: სპეციალური ელექტრომობილები კამერებით დადიან ქალაქში, ნომრებს ავტომატურად კითხულობენ და გადახდასაც ამოწმებენ. პირველი საათი 1 ევრომდე ჯდება, ყოველი მომდევნო კი ძვირდება.
ბუდაპეშტი ოთხ ზონად - A, B, C, D - არის დაყოფილი. ყველაზე მკაცრი "A" ზონაა, ბუდას ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორია და პეშტის ცენტრი. იქ საათი 1.6-2.1 ევრო ღირს და 3 საათის შემდეგ მანქანა უნდა გაიყვანო.
ბაქო და ერევანი
ბაქო და ერევანი ათწლეულების განმავლობაში სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოადგენდნენ, თუმცა ბოლო წლებში ორივე ქალაქმა სერიოზული გარდასახვა განიცადა.
აზერბაიჯანში სახელმწიფო სააგენტო AYNA-მ სექტორი ფაქტობრივად ნულიდან ააშენა. გაქრნენ არაფორმალური გადამხდელები, შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო აპლიკაცია - Azparking და დაწესდა გამჭვირვალე ტარიფები. ცენტრალურ, წითელ ზონაში საათი 1 მანათია (დაახლოებით 60 ამერიკული ცენტი), სხვა ზონებში კი 0.70, 0.40 და 0.20 მანათი. საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე და კვირა დღეს ქუჩის პარკირება სრულად უფასოა.
ერევანს სხვა პრობლემა აქვს. ქუჩები ვიწროა და სატრანსპორტო კოლაფსი ყოველდღიური რეალობაა. აქ გამოსავლად ფინანსური ზეწოლა აირჩიეს. "A" ზონაში საათი 0.50-0.75 დოლარია, ცენტრში კი წლიური აბონემენტი 400 დოლარი ღირს. მიწის სიმცირის გამო ახალი ტენდენციაც გაჩნდა: კერძო ინვესტორები პატარა ნაკვეთებს ყიდულობენ და ლიფტური კონსტრუქციით 10-15 სართულზე ანაწილებენ ავტომობილებს, რაც მინიმალურ ფართობზე მაქსიმალური ტევადობას უზრუნველყოფს.
დასავლეთი:
ამსტერდამი დიპლომატიას არ მიმართავს. ქალაქი ღიად ამბობს, რომ ეკუთვნის ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით მოსარგებლეებს. ყოველწლიურად ათასობით პარკინგი უქმდება. ცენტრში დარჩენილი ადგილი საათში 7.5 ევრო ღირს, მთელი დღის ღირებულება კი თითქმის 60 ევრომდე ადის. გადახდის გარეშე გაჩერება ევაკუაციით ან ბლოკირებით სრულდება, რომლის მოხსნაც ცალკე თანხა ჯდება.
პარიზმა ტარიფებში ახალი ნიუანსი შეიტანა - ფასი ავტომობილის ზომასა და წონაზეა დამოკიდებული. სტანდარტული მანქანისთვის 1-11 ოლქში საათი 6 ევროა, SUV-ისა და მძიმე მანქანებისთვის - 18 ევრო, ანუ სამჯერ მეტი.
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ურბანული ინვესტიციაა. მიზეზი მარტივია: მიწა ლიმიტირებულია, მოთხოვნა კი მუდმივი.
თანამედროვე მსოფლიოში კერძო პარკინგი თითქმის ავტომატური სისტემაა. ANPR კამერები ამოიცნობენ ნომრებს, ავტომატური ბარიერები მართავენ შესვლა-გასვლას, ციფრული სალარო კი გადახდას ამუშავებს. ადამიანური ფაქტორი, შესაბამისად, ოპერაციული ხარჯი მინიმუმამდეა დაყვანილი. ევროპული გამოცდილებით, ასეთი კომპლექსის წლიური მოგებიანობა 8-12%-ია, ინვესტიციის ამოღების ვადა კი - 8-12 წელი. უძრავი ქონების სექტორისთვის ეს ძალიან კარგი პარამეტრებია.
დამატებით შემოსავლის წყაროებს შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების სწრაფ დამტენ სადგურებს. ევროპაში EV გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება და პარკინგი, სადაც დამტენი სადგური დგას, უკვე კონკურენტული უპირატესობაა. მძღოლი აქ 30-40 წუთს ატარებს, ამ დროის განმავლობაში პარკინგი შემოსავალს ორი წყაროდან ერთდროულად იღებს. ამას ემატება ავტოსამრეცხაოები, ამანათების შესანახები და სარეკლამო სივრცეები.
დასავლეთ ევროპაში ბაზარი APCOA-ს, Interparking-სა და Q-Park-ს უჭირავთ. ისინი ძირითადად მიწის ყიდვით არ არიან დაკავებულნი. ქალაქებისა და სავაჭრო ცენტრებისგან 20-30 წლიანი კონცესიით იღებენ არსებულ პარკინგებს, ახდენენ მათ სრულ გაციფრულებას და იღებენ სოლიდურ შემოსავალს.