1748615340

პარკირების პრობლემა თბილისში და ევროპული ქალაქების გამოცდილება

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

თბილისის მზარდი ურბანიზაცია, მოსახლეობის მატება და მასშტაბური განაშენიანების პროცესი ავტომობილების რაოდენობის ზრდასა და თავისუფალი ტერიტორიების სიმცირეს განაპირობებს, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პარკირების მიმართულებით და ქალაქში გადაადგილებისას დისკომფორტს იწვევს. დედაქალაქი დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწორედ პარკირების ადგილის დეფიციტი და არასათანადო ინფრასტრუქტურაა.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისში პარკირების პრობლემა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული:

  • ავტომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა;
  • არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები;
  • არაორგანიზებული/არაეფექტური პარკირების პოლიტიკა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები.

თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლით სარგებლობაც უფასოა ელექტრო ავტომობილების მფლობელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის. სხვა შემთხვევაში კი საპარკინგე ზონა მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაშია უფასო.

ხანგრძლივი დაპარკინგების შემთხვევაში ქალაქი სხვადასხვა ზონად არის დაყოფილი, სადაც განსხვავებული ფასები მოქმედებს. მაგალითად, A ზონა (ძირითადად ცენტრალური ქუჩები/უბნები), სადაც ერთი საათის საფასური ერთი ლარია; B ზონაშიერთი საათი 2 ლარი, ხოლო C ზონაში — ერთი საათი 3 ლარი ღირს. ასევე, ფასიანი პარკინგის შემთხვევაში შესაძლებელია პარკირების საშვის შეძენა parking.tbilisi.gov.ge-ის საიტზე.

თბილისის უბნების უმეტესობაში დღემდე არსებობს . . „სტაიანშიკის“ სისტემა სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები თვითნებურად დაყოფილ ზონებს მეთვალყურეობენ, მანქანის მძღოლებს თავისუფალი ადგილების მოძებნასა და მანქანის დაყენებაში ეხმარებიან და სანაცვლოდ შესაბამის საფასურს იღებენ, რომელიც ძირითადად 1-2 ლარს შეადგენს.

როგორია ევროპული გამოცდილება?

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ავტომობილების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით მეტია, მათ ქალაქში გადაადგილებისას ისეთი პრობლემები არ აქვთ, როგორც თბილისში. ცხადია, პარკინგის პრობლემა ყველგან დგას, თუმცა არა ისე მწვავედ, როგორც ჩვენთან. ამის ძირითადი მიზეზი ეფექტური და განვითარებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემაა. ევროპის ბევრ ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტულ და ეფექტურ საშუალებად ითვლება ტრამვაი, შემდეგ მეტრო და ავტობუსი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა უბნისთვის ხელმისაწვდომია. უნდა ითქვას ისიც, რომ 70-იან წლების დასაწყისში, ავტომობილების სწრაფმა წარმოებამ და მოხმარებამ, დასავლეთ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში ტრამვაის გაუქმების პროცესი გამოიწვია, რადგან მიაჩნდათ, რომ პერსონალური ავტომობილების შემთხვევაში მისი საჭიროება აღარ არსებობდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან, როდესაც ქალაქებში ავტომობილებით გადაადგილება განსაკუთრებით გართულდა და მასიური გამონაბოლქვისგან გარემო დაბინძურდა, ბევრმა ქვეყანამ ტრამვაის აღდგენა დაიწყო (მაგ. საფრანგეთმა), რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოძრაობის განტვირთვას.

ამასთან, განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად უპირატესობა ენიჭება ველოსიპედების მოძრაობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ქალაქის სხვადასხვა უბანში საპარკინგე ადგილების საჭიროებას ამცირებს და მოძრაობის გადატვირთვას უწყობს ხელს. ამასთანავე, მაგალითად კოპენჰაგენში, შექმნილია სპეციალურიმწვანე ზონები“, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებსა და ველოსიპედებს აქვთ.

ასევე, ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს Park & Ride სისტემა, რომელიც გულისხმობს დიდი ზომის ავტოსადგომების მოწყობას ქალაქის გარეუბნებსა და მეტროს/საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მოქალაქეები ავტოსადგომებამდე მანქანით მივიდნენ, შემდეგ კი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტით/მეტროთი განაგრძონ.

ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას ხელს უწყობს მაღალი პარკინგის საფასურიც. ქალაქები ხშირად სხვადასხვა ზონებად არის დაყოფილი, სადაც განსხვავებული ტარიფები მოქმედებს. ცენტრალურ უბნებში ღირებულება ბევრად მაღალია, რაც ამცირებს ხანგრძლივი პარკირების მსურველთა რაოდენობას და ხელს უწყობს ქალაქში ავტომანქანების შემცირებას.

თბილისის მერიას პარკინგის პრობლემის მოგვარების მიზნით, გარკვეული იდეები ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის მიწისქვეშა თუ მიწისზედა პარკინგის პროექტი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ განხორციელებულა სრულად. მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა ინვესტორებისთვის არც თუ ისე მომგებიანი აღმოჩნდა, ირგვლივ არსებული იაფფასიანი პარკირების ან უფასო ადგილების ფონზე. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მრავალსართულიანი რკინის კონსტრუქციის პარკინგების მშენებლობაზეც, რომელიც რკინის კოშკურის მსგავსი კონსტრუქცია იქნებოდა და 12-ადგილიან საპარკინგე სივრცეს შექმნიდა, თუმცა ეს პროექტიც ჩაიშალა.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თბილისში საპარკინგე პოლიტიკა გაუმჯობესდეს?

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მისი ეფექტურობის ზრდა

პარკირების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, ამიტომ პირველ რიგში, ამ მხრივ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს, მეტროში გადაადგილების დრო შემცირდეს და ყველა უბნისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს.

საცხოვრებელ კომპლექსებში საპარკინგე ზონების მოწყობა

მნიშვნელოვანია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები მცხოვრებლთა რაოდენობის შესაბამის საპარკინგე სივრცეს უზრუნველყოფდეს, რაც ადგილობრივებს უპრობლემოდ გაჩერების შესაძლებლობას მისცემს და ბინის მფლობელებს მიმდებარე ტერიტორიის ათვისებისკენ არ უბიძგებს.

მრავალსართულიანი მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე ზონები

ქალაქის სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილზე აშენებული მრავალსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომები შეამცირებს ქუჩისპირა პარკირების საჭიროებას და განტვირთავს მოძრაობას.

ველოსიპედების ინფრასტრუქტურის განვითარება

უსაფრთხო ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების სისტემის დანერგვა ალტერნატიული ტრანსპორტის გამოყენებას წაახალისებს, რაც არა მარტო კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები