1778601237
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
საქართველოს დიდი ქალაქების ჰორიზონტზე მომრავლებული ამწეები ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებს განსაზღვრავს. მშენებლობის სექტორი უკვე ახალი საცხოვრებლებისა და ინფრასტრუქტურის შექმნას კი არ ნიშნავს, არამედ გავლენას ახდენს დასაქმებაზე, მშენებლობასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებსა თუ საინვესტიციო გარემოზე.
რა როლს თამაშობს მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში „გალთ ენდ თაგარტმა“ კიდევ ერთხელ შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 7,3 მლრდ ლარს მიაღწია, მშპ-ში კი მისი წილი 8%-ს გაუტოლდა. ამ მონაცემებით საქართველო, საინვესტიციო ბანკის მიერ შერჩეული 15 ქვეყნიდან, პირველ სამეულშია და მესამე ადგილს იკავებს ყირგიზეთისა და ხორვატიის შემდეგ.

კვლევის მიხედვით, მშენებლობის ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და საჯარო თუ კერძო სექტორიდან რეკორდულმა მოთხოვნამ წაახალისა. სპეციალისტებს სექტორში ზრდის დინამიკის შენარჩუნების კვლავ მაღალი მოლოდინი აქვთ, ეს მოლოდინი კი კონკრეტულ მონაცემებს ეფუძნება, მათ შორის გაცემული ნებართვების ფართობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების გააქტიურებით არის განპირობებული.
მაგალითად, 2025 წელს ნებართვები 11.4 მლნ კვ.მ-ზეა გაცემული, რეგიონების მიხედვით, პირველ ადგილზე დედაქალაქია 6.4 მლნ კვ.მ-ით, მეორეზე კი აჭარა 1.9 მლნ კვ.მ-ით, დანარჩენი — სხვა რეგიონებზე. მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% კი ისევ საცხოვრებელ შენობებს უკავია.
ეკონომიკისთვის სამშენებლო სექტორის შენატანები მნიშვნელოვანია, თუმცა ამის პარალელურად ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური განაშენიანება სულ უფრო ხშირად აჩენს კითხვებს ურბანულ მდგრადობაზე, ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეებზე. მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში ქაოსური განაშენიანება ყოველდღიურად გვახსენებს თავს საცობებით, ჰაერის დაბინძურებით, ტროტუარებისა თუ პარკირების არ არსებობით.
ამ ფონზე კი მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება სწორედ წელს არის დაგეგმილი. მაჩვენებელი თბილისში 35 000-ს მიაღწევს, ბათუმში კი 18 000-ს. წარმოდგენის შესაქმნელად სტატისტიკას შეგვიძლია გადავხედოთ. თბილისში 2022 წელს 16 000 ბინის მშენებლობა დასრულდა, 2023 წელს მაჩვენებელმა 21 000-ს მიაღწია, 2024 წელს - 20 000-ს, 2025 წელს კი - 18 000-ს. ასეთივე დინამიკაა ზღვისპირა ქალაქშიც.

მშენებარე ბინების დასრულების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, თუმცა სამშენებლო სექტორი წელს ახალი გამოწვევის წინაშეა. ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამშენებლო მასალები გაძვირდება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს.
2025 წლის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების კომპონენტებში პირველ ადგილზე 50%-იანი წილით სამშენებლო მასალებია, მაღალია ხელფასების წილი და ის 31%-ს აღწევს. სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მშენებლობის გაძვირებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ხელფასების ზრდას შეჰქონდა. 2022 წლიდან მოყოლებული სექტორში დასაქმებულთა ხელფასის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 19%-ს არ ჩამოსცდენია, 2024 წელს კი ზრდამ 24%-ს მიაღწია. ამ შემთხვევაში წელს ტემპის შენელებაა მოსალოდნელი და მშენებლობის ღირებულება და მისი კომპონენტების საშუალო წლიური ზრდა 8-9%-ის ფარგლებშია.
