1741615195
მასობრივმა ურბანიზაციამ ქალაქები მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომელთაგან ერთ-ერთი სატრანსპორტო კოლაფსთან გამკლავებაა. ავტომობილების მზარდი რაოდენობის გამო, პიკის საათებში ხშირად დიდ ქალაქებში მოძრაობა საერთოდ ჩერდება. ამასთანავე, ტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. გამოდის, რომ ავტომობილების სიჭარბე არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიქმნის დისკომფორტს, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფით გავლენას ახდენს ქალაქის მცხოვრებლების ჯანმრთელობაზე.
დიდი ქალაქები საცობების პრობლემის მოგვარებას ორი მიმართულებით ცდილობენ — ერთ მხრივ, კერძო ავტომობილების შემცირებითა და, მეორე მხრივ, სატრანსპორტო ნაკადის რეგულირებით.
განვითარებულ ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადი ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ნივთების ინტერნეტის (IoT) დახმარებით რეგულირდება, რაც მოძრაობის მონიტორინგსა და ავტომობილების გადაადგილების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ამის მაგალითია სპეციალური სენსორებით აღჭურვილი შუქნიშნები, რომლებიც მანქანებისა და ფეხითმოსიარულეთა რაოდენობას აღრიცხავს და შუქნიშნის სიგნალების მოდიფიცირებას რეალურ დროში ახდენს. ჭკვიანი სისტემების მიერ მოპოვებული მონაცემების დახმარებით, ასევე, შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის შედგენა, საპარკინგე სივრცეების ოპტიმიზაცია და ა. შ.
ნავიგაციაში მძღოლებს დიდ დახმარებას უწევს Google Maps და Waze-ც, რომლებიც მომხმარებლებს რეალურ დროში აჩვენებს ქუჩებზე არსებულ მდგომარეობას და გადაადგილების ალტერნატიულ გზებს სთავაზობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კერძო მანქანებისა და, შესაბამისად, საცობების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. იმისათვის, რომ მოქალაქემ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას მეტროთი, ავტობუსითა თუ ტრამვაით მგზავრობა არჩიოს, პირველ რიგში, აუცილებელია ერთიანი სატრანსპორტო ქსელის არსებობა, რომელიც მგზავრს ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიიყვანს. თუმცა ეს საკმარისი არ არის — საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაცული უნდა იყოს საცობებისგანაც. ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად არის შესაძლებელი „ბასლეინების“ სისტემით. ბრაზილიის ქალაქი კურიტიბა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Bus Rapid Transit (BRT) მოდელი დანერგა, რაც ქალაქის გზებზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლების გამოყოფას გულისხმობს. სისტემამ გაამართლა, რის შემდეგაც ის მრავალ განვითარებულ ქალაქში დაინერგა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად მიიჩნევა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთიანი საფეხმავლო ქსელის მოწყობაც, რათა მოქალაქისთვის როგორც გაჩერებებთან და სადგურებთან, ისე ნებისმიერ ადგილას მისვლა იყოს კომფორტული და უსაფრთხო.
ავტომობილების ნაკადისა თუ მისით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირების კიდევ ერთი გზა საწვავზე მომუშავე მანქანების ელექტრო ავტომობილებით, ველოსიპედითა თუ სხვა არამოტორიზებული ტრანსპორტით ჩანაცვლებაა. სწორედ ამიტომ მათი გამოყენების წახალისებას აქტიურად ცდილობენ განვითარებულ ქვეყნებში.
დიდ ევროპულ ქალაქებში თითქმის ყველგან ნახავთ ველოსიპედებისთვის, სკუტერებისა და სხვა მსუბუქი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ბილიკებს, რათა მათი მძღოლები საცობებში მოხვედრის გარეშე, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. რაც შეეხება ელექტრო ავტომობილებს, მათი მძღოლებისთვის ხშირად მოქმედებს საგადასახადო შეღავათები. ზოგიერთ ქალაქში კი ისინი სრულად თავისუფლდებიან გადასახადებისგან, ამასთანავე, მათ აქვთ „ბასლეინებზე“ გადაადგილებისა თუ სპეციალური საპარკინგე ზონებით სარგებლობის უფლება.
ზოგიერთ ქალაქში დამატებითი გადასახადებია დაწესებული მათთვის, ვინც გადატვირთულ ზონებში ან პიკის საათებში ავტომობილებით გადაადგილდება. ლონდონის, სინგაპურის, სტოკჰოლმისა და სხვა არაერთი დიდი ქალაქის მაგალითმა აჩვენა, რომ ამგვარი მიდგომა მართლაც ამცირებს ქალაქში კერძო ავტომობილების რიცხვს და, შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადს.
დიდ განვითარებულ ქალაქებში მაღალი გადასახადია დაწესებული პარკინგზეც. გარდა ამისა, საპარკინგე სივრცეები მნიშვნელოვნად არის შემცირებული ცენტრალურ უბნებში. ამის მაგალითია პარიზი, რომელმაც ბევრ ადგილას პარკინგი საერთოდ გააუქმა და მათ ნაცვლად მანქანებისგან სრულად თავისუფალი, საფეხმავლო ზონები და ველობილიკები მოაწყო.