1744387200

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი — მაგალითები ევროპის ქალაქებიდან

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი — ირეალურად ჟღერს? ალბათ, ჩვენს რეალობაში კი, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქალაქში მსგავსი გადაწყვეტილებები კარგად აპრობირებულია და რამდენიმე მიზანს ემსახურება.

ევროპის სხვადასხვა ქალაქში უფასო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უკვე ბევრი სარგებელი მოიტანა: უპირველესად, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა, გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა, კერძო ავტომობილების გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა, რაც დადებითად აისახა ჰაერის დაბინძურების დონესა და საცობების რაოდენობაზე.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაკვირვებას სულაც არ იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ ის ისეთივე „ინსტიტუტად“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უფასო სკოლები, პარკები, ბაღები და ბიბლიოთეკებია. თუმცა კეთილი განზრახვა, რა თქმა უნდა, ყოველთვის საკმარისი არ არის და ბევრ ქალაქში, სადაც უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა სურთ, მცირე ფინანსური რესურსის გამო, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული გამოცდილება

ესტონეთის დედაქალაქი, ტალინი, ევროპის ქალაქებს შორის, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას საფასურის გადახდა არ უწევს. ქალაქის მმართველებმა გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს. 2013 წელს, გამოკითხული მოსახლეობის 75% დათანხმდა, რომ ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გამხდარიყო.

ტალინის ამ ინიციატივასა და შედეგებს World Economic Forum-იც გამოეხმაურა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის რეზიდენტებისთვისაა განკუთვნილი და სისტემაში ჩართვა „მწვანე ბარათის“ (რომლის ღირებულება 2 ევროა, ერთჯერადად) საფუძველზეა შესაძლებელი.

ტალინის მაგალითმა გამოკვეთა, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე პოპულარული დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებშია, თუმცა მას აქტიუარდ იყენებს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობაც. ამ შემთხვევაში, მართალია, ისინი მგზავრობაში ფულს არ იხდიან, მაგრამ როგორც World Economic Forum-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, სამაგიეროდ, მათ აქვთ შესაძლებლობა იარონ ადგილობრივ კაფე-რესტორნებსა და მაღაზიებში და თანხაც იქ დახარჯონ.

PopUpCity-ს ტალინის ოფისის ხელმძღვანელი, ალან ალაკულა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განმარტავდა, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებით ქალაქმა უფრო მეტი მიიღო, ვიდრე დაკარგა. თუმცა უფასო სისტემის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე შედეგები სახარბიელო მაინც არ იყო. კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 14%-ით გაიზარდა, კერძო ტრანსპორტის გამოყენება კი მხოლოდ 5%-ით შემცირდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძირითადად, გაიზარდა მოხუცების, მოზარდებისა და დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის სარგებლობის მაჩვენებელი.

ტალინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანია Tallinna Linnatranspordi-ია. მთლიანობაში სისტემაში ჩართულმა ტრანსპორტმა 2023 წელს 36 მილიონი კილომეტრი დაფარა, გადაიყვანა 133 მლნ მგზავრი და ეს მაჩვენებელი 36,5 მლნ-ით მეტი იყო 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.

„მგზავრების რაოდენობა და გავლილი კილომეტრების მატება ადასტურებს, რომ უფასო და კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. ამ შემთხვევაში, მოქალაქე დროს არ კარგავს პარკინგის მოსაძებნად და რაც უფრო მეტად გაუმჯობესდა სატრანსპორტო ქსელი, ის ნამდვილად გახდა პირადი ავტომობილის რეალური ალტერნატივა“, — წერია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ტალინი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებს. წარმატებულ მაგალითებად მიიჩნევა ლუქსემბურგი და დუნკერკი. საფრანგეთის ამ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2018 წელს დაინერგა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ერთი წლის თავზე ავტობუსებით სარგებლობა სამუშაო კვირის დღეებში 65%-ით გაიზარდა, შაბათ-კვირას კი 125%-ით. გამოკითხული მომხმარებლების ნახევარმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ხშირად დაიწყეს სარგებლობა მას შემდეგ, რაც ის უფასო გახდა. სხვათა შორის, გამოკითხულთა 10% აღნიშნავს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ საერთოდ უარი თქვეს კერძო ავტომობილზე ან საერთოდ არ განიხილავენ მის შეძენას.

გამოკითხულთა თითქმის 40% საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ხშირად სარგებლობის მიზეზად ქსელის გაზრდილ ეფექტურობასა და საიმედოობას ასახელებს. მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს, რადგან მათ არ უწევთ ფიქრი სამგზავრო ბარათებზე, ფულსა თუ პირადობის მოწმობაზე.

დუნკერკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ უფასო უხარისხოს ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან სწორედ ამ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, დუნკერკმა განავითარა საქალაქთაშორისო სატრანსპორტო კავშირი, დამატებით დაინიშნა ექსპრეს მარშრუტები, რომლებზედაც ტრანსპორტი ყოველ 10 წუთში მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ამ პერიოდში გერმანული მედია წერდა, დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა შვიდი ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე.

ლუქსემბურგმა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის 3 წლის იუბილე 2023 წელს აღნიშნა. ეს პატარა სახელმწიფო იქცა მსოფლიოში პირველ ქვეყნად, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ბარათის ერთჯერადად შეძენაც კი არ არის საჭირო. გამონაკლისი მხოლოდ პირველი კლასის მატარებელია.

ლუქსემბურგის მოსახლეობა მხოლოდ 0,6 მილიონს შეადგენს. როგორც 2023 წელს ქვეყნის პრემიერი, ფრანსუა ბაუში აცხადებდა, ამ გადაწყვეტილებაში უფრო მეტი თანასწორობაა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხალხს წაახალისებს, უარი თქვან საკუთარ ავტომობილებზე და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ლუქსემბურგის გეგმა 2030 წლისთვის ემისიების 55%-იანი შემცირებაა.

ამართლებს თუ არა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი? ამ კითხვაზე პასუხს ჯერ კიდევ სწავლობენ იმ ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში, სადაც მსგავსი სისტემები ინერგება. პარალელურად, ექსპერიმენტებს ატარებს ევროპის სხვა ქალაქიც, მათ შორისაა, მაგალითად, მონპელიე სამხრეთ საფრანგეთში. ქალაქმა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2023 წლიდან დანერგა, ძირითადი მიზანი კლიმატის კრიზისთან ბრძოლა და მოსახლეობის ხარჯების შემცირება იყო. მონპელიემ, სადაც 510 000 ადამიანი ცხოვრობს, ერთი წლის თავზე სასიამოვნო შედეგი მიიღო — საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება 30%-ით გაიზარდა. მონპელიეს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღია, თავდაპირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო მხოლოდ შაბათ-კვირას გახდა, შემდეგ ეტაპზე სისტემაში ჩაერთო 18 წლამდე მოქალაქეები და 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, შემდეგ ეტაპზე კი სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა.

„უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიშნავს მოქმედებას ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ“, — აცხადებენ ქალაქის მმართველები.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები