1772546700

ხიდი, როგორც სივრცის გაერთიანების ხელოვნება

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისი მტკვრის ორივე სანაპიროზე გაშენებული ქალაქია, თუმცა მდინარე, რომელმაც ურბანული სივრცე უნდა გააერთიანოს, ხშირად გადაულახავ ბარიერად იქცევა ხოლმე. სწრაფად მზარდ ქალაქში ხიდების რაოდენობა და მათი გამტარუნარიანობა აშკარად აღარ შეესაბამება რეალურ მოთხოვნას, რასაც ყოველდღიური საცობები და გადატვირთული სატრანსპორტო დერეფნები ადასტურებს.

რამდენიმე ხიდზე კონცენტრირებული მოძრაობა ზრდის მგზავრობის დროს, აძვირებს ტრანსპორტირებას და ქმნის ურბანულ დისბალანსს უბნებს შორის. ქალაქი ფართოვდება, ჩნდება ახალი საცხოვრებელი უბნები, მაგრამ მათ შორის კავშირი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ნაკლებია, ან სულაც არ არის.

ურბანისტებმა და სატრანსპორტო სისტემის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ხიდები მხოლოდ გადაკვეთის წერტილები არ არის, ისინი ინფრასტრუქტურას, ადამიანებს, უბნებს და მთელ სისტემას აკავშირებს ერთმანეთთან. როცა მათი რაოდენობა შეზღუდულია და არ არსებობს ალტერნატივა, დატვირთვაც არსებულ რამდენიმე არტერიაზე მოდის და ამიტომაც გვაქვს პიკის საათებში პარალიზებული მოძრაობა. შესაბამისად, დედაქალაქს სჭირდება არა მხოლოდ მეტი ხიდი, არამედ გააზრებული, გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მდინარეს ბარიერიდან შესაძლებლობად გადააქცევს.

ლამაზი ხიდები

ხიდი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ნაპირს ნაპირთან არ აკავშირებს. თანამედროვე ურბანულ რეალობაში ის გაცილებით მეტია და შეიძლება იქცეს ქალაქის სიმბოლოდ, იდენტობის ნაწილად და ტურისტული მიზიდულობის ცენტრადაც კი. ლამაზი ხიდები ურბანულ ლანდშაფტს მეტ ესთეტიკურ ღირებულებას სძენს და ხშირად თავისი ფუნქციური დატვირთვისა თუ არქიტექტურის წყალობით მსოფლიო რუკაზეც იკავებს ადგილს.

TimeOutWorldwide-მა მსოფლიოს ლამაზი ხიდების ჩამონათვალი შეადგინა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწაზე მილიონობით ხიდია და ბევრი მათგანი იპყრობს ყურადღებას, გამოცემას რეიტინგის სრულყოფილებაზე არ აქვს ამბიცია.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში 1557-1566 წლებში აშენებული „სტარი მოსტი“ ბალკანური არქიტექტურის მშვენებად მიიჩნევა. ქალაქ მოსტარში მდინარე ნერეტვაზე არსებული ხიდი ბოსნიის ომის დროს, 1993 წელს დაანგრიეს, თუმცა 2001-2004 წლებში მისი აღდგენა მოხერხდა, ხიდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და „შერიგების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალფეროვანი კულტურული, ეთნიკური და რელიგიური თემების თანაარსებობის სიმბოლოდ“ მიიჩნევა.

გამორჩეულებს შორისაა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაიაში მდებარე „ცოცხალი ხიდი“, რომელიც ფიკუსის ფესვებისგან იქმნება. ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდებოდა საკმარისად მტკიცე ნაგებობა, რათა გაეძლო მუსონური სეზონისთვის. მსგავსი ცოცხალი ხიდები ინდოეთში ბევრია, თუმცა ეს ორსართულიანი ვერსია განსაკუთრებით ლამაზია და იზიდავს ტურისტებს, რომლებიც მზად არიან კიბის 3500 საფეხური ჩაიარონ „ცოცხალი ნაგებობის გადასაკვეთად“.

ხეობებისა და წყლის გზების გადაკვეთის მნიშვნელოვანი უპირატესობა შეუფერხებელი ხედებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთს მოიცავს. ზიმბაბვეს 198 მეტრიანი ფოლადის თაღოვანი ხიდი ზამბეზის მდინარის ხეობაზეა გადაჭიმული ზამბიას საზღვართან, დიდებული ვიქტორიას ჩანჩქერის სამხრეთით. ხიდთან ურთიერთობის ტურისტული ვარიანტები განსხვავდება თქვენი მიდრეკილების მიხედვით — შეგიძლიათ ზიპლაინით „გაფრინდეთ“, ქვედა პოდიუმზე ან ხიდზე გაისეირნოთ ჩანჩქერისა და ჯუნგლების ლანდშაფტის სანახავად.

როგორც TimeOutWorldwide-ი წერს, ვიეტნამის ოქროს ხიდის დამჭერი ქვის ხელები, შესაძლოა, ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებდეს, თუმცა ეს ტურისტული ღირსშესანიშნაობა სოციალური მედიის ეპოქისთვის შეიქმნა. 150 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ „კაუ ვანგი“, 2018 წელს გაიხსნა და ქალაქ დანანგს გადაჰყურებს.

ჩამონათვალში ასევე მოხვდა ბრუკლინის და კოპენჰაგენის წრიული ხიდი, ისპაჰანში 1599-1603 წლებში აშენებული ალაჰვერდი ხანის ხიდი, ასევე შვეიცარიაში არსებული 205 მეტრიანი ლუცერნის საფეხმავლო ხიდი. ვინც პრაღასა და ბუდაპეშტში ყოფილა, არ გაუკვირდება, რომ რჩეულებს შორისაა პრაღის ჩარლზის ხიდი, უნგრეთის ლეგენდარული დაკიდული ხიდის მასიური ქვის თაღები და ბუდასა და პეშტს შორის აღმართული ხიდი, რომლის ორივე შესასვლელს ქვის ლომები იცავს.

მსგავსი სიახლეები

ხიდები ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხიდები

1730702400

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები