1749571115
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
ტივები, წისქვილები, მეთულუხჩეები, მადათოვის კუნძული და მტკვრის პირას გაშენებული ორთაჭალის ბაღები დიდი ხანია ისტორიად იქცა.
საუკუნეების განმავლობაში მტკვარი თბილისის ერთ-ერთი მთავარი სოციალური და ეკონომიკური აქტივი იყო, თუმცა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში მდინარე ჯებირებში მოაქციეს და, შეიძლება ითქვას, რომ მალევე ქალაქის მთავარ საკანალიზაციო კოლექტორად იქცა და ყველა სხვა ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა.
ვიყენებთ თუ არა მტკვრის პოტენციალს? საერთოდ, არსებობს თუ არა ეს პოტენციალი და რა სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოს მთავარ მდინარეს დედაქალაქისათვის?
კომპოზიციურად თბილისი ტერასულად მტკვრის გასწვრივ ვითარდებოდა, თუმცა ქალაქი დიდი ხანია მასთან ზურგით დგას. ამ რეალობის შეცვლა უკვე რთულია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მტკვრის სანაპიროს განვითარება შესაძლებელია.
მტკვარს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. მისმა გონივრულმა და მდგრადმა განვითარებამ, შესაძლოა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისითაც.
მტკვრის ნაპირების საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბებას ალტერნატივა რომ არ აქვს ნათქვამია თბილისის გენგეგმაშიც და განმარტებულია, რომ მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა. ჰაერის გაგრილებისა და განიავების ფუნქციასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებით, მტკვრის სანაპირო საფეხმავლო თუ საველოსიპედო გადაადგილების დატვირთვასაც შეიძენდა.
„მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი, დაახლოებით, ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ჯამურ ფართს.
არსებული მდგომარეობით არათუ გაწყვეტილია კავშირი მდინარის ნაპირებსა და თავად მტკვარს შორის, არამედ მდინარე, რომელიც ქალაქის დამაკავშირებელი არხი უნდა იყოს, ბარიერად გვევლინება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე კულტურულ, საგანმანათლებლო თუ საცხოვრებელ დაწესებულებათა შორის.
ჩვენი ხედვით, პირველ რიგში, აუცილებელია მტკვრის ნაპირების რეგენერაცია, რის შედეგადაც ქალაქი მიიღებს ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებულ სარეკრეაციო სივრცეს. მხოლოდ ასეთი ინტერვენციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მტკვარზე, როგორც მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებების მთავარ საფეხმავლო თუ საველოსიპედო კავშირზე“, — განმარტავდნენ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.
მტკვრის პოტენციალზე არაერთხელ უსაუბრიათ. თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო გეგმაში ნათქვამი იყო, რომ მდინარე მტკვრის გასწვრივ საერთო საქალაქო რეკრეაციული სივრცე განვითარდებოდა, თუმცა გეგმა არ განხორციელებულა.
არსებული რეალობა მოქმედ მერსაც რომ არ მოსწონს. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა და განაცხადა, რომ მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარების რეალური გეგმა 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის შესაბამისი დიზაინის მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. მაშინ ითქვა, რომ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობდა. იმ პერიოდისთვის გეგმის განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა. მას შემდეგ ხიდის ქვეშ ბევრმა წყალმა ჩაიარა და პროექტის განხორციელების შესახებ არაფერი თქმულა. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არც მერიას აქვს მიღებული. შეიძლება ითქვას, პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ პროექტად რჩება.
მსოფლიოში მდინარეების განვითარების არაერთი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია სეული. სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჩხონგეჩხონის პროექტის განხორციელებით მოხერხდა მდინარის რეაბილიტაცია და ქალაქის შუაგულში ეკოლოგიური დერეფნის შექმნა. მოეწყო პარკები და ბილიკები, რამაც ხელი შეუწყო, რომ მდინარე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად იქცა.
მაშინ ბევრი მედიასაშუალება წერდა, რომ პროექტი ურბანული რეგენერაციის, ეკოლოგიური აღდგენისა და ტურისტული მიზნების მიღწევის წარმატებული მაგალითი იყო.
ჩხონგეჩხონი XX საუკუნის შუა წლებში დაიფარა და მასზე საავტომობილო მაგისტრალი მოეწყო. დაბინძურებულმა მდინარემ მიმზიდველობა დაკარგა და მოსახლეობამ თითქმის დაივიწყა კიდეც. 2003 წელს სეულის მერმა, ლი მიონ ბაკმა, მისი აღდგენა გადაწყვიტა. მიზანი მდინარის გზისგან გათავისუფლება და მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება იყო.
მდინარის აღდგენის შედეგად ქალაქის მიკროკლიმატი გაუმჯობესდა, აღდგა ეკოსისტემა და სეულმაც ბუნებრივი სილამაზე დაიბრუნა. პარკებისა და რეკრეაციული ზონების განვითარებამ ქალაქისთვის ახალი კომერციული შესაძლებლობებიც გააჩინა, ამასთან, ის პოპულარულ ადგილად იქცა კულტურული და სოციალური აქტივობებისთვის.