1755018418

სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში — ძველი იდეა ახალი შეფუთვით

ჰედერი

საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების იდეები ძირითადად ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: პირველი ის, რაც წლების განმავლობაში მხოლოდ იდეად და გეგმად რჩება და მეორე ის, რასაც მაინც აშენებენ, ოღონდ ცოტა დაგვიანებით, ცოტა უფრო ძვირად, ვიდრე მანამდე იყო დაგეგმილი… და ზოგჯერ უხარისხოდაც.

ორთაჭალაში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა, როგორც ჩანს, უფრო მეორე კატეგორიაში გადის. უფრო კონკრეტულად კი, 4 აგვისტოს ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, დეტალური საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და ხარჯების 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით ზედაპირულია, მაგრამ იდეა, რომელიც თავის დროზე ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნოდა, თბილისში მიმოფანტული სამინისტროების ერთ „წერტილში“ მოქცევას გულისხმობდა. ჯერჯერობით ასევე უცნობია რომელი სამინისტროების ოფისების გადატანა იგეგმება ორთაჭალაში, რამდენი მილიონი დაჯდება ახალი ობიექტების მშენებლობა და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამინისტროების „ძველ“ შენობებთან დაკავშირებით.

რატომ არის აუცილებელი და რას ემსახურება მთავრობის ქალაქის აშენება — ეფექტურობას, ოპტიმიზაციას, უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას თუ რამეს სხვა, ოფიციალური პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამინისტროების ძირითადი ნაწილი — ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა მაინც ორთაჭალაში მდებარეობს.

თავის დროზე, როდესაც 2017 წელს ეს იდეა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა, ითქვა, რომ ეს იქნებოდა ერთიანი სივრცე, რომელშიც ყველა სამინისტრო განთავსდებოდა და მმართველობითი რეფორმის ფარგლებში განხორციელდებოდა.

„გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება და ამ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, გამონაკლისების გარდა. რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები,“— განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რატომ უნდა დავხარჯოთ ფული

რატომ მაინცდამაინც ახლა გადაწყდა ამ იდეის განხორციელებასთან დაბრუნება არავინ იცის, ვიდრე კითხვებზე პასუხი გვექნება, კი, ეს პროექტი უფრო დიდი ბიუროკრატიული მყუდრო კუნძული იქნება და სარკასტულად, რომ ვთქვათ, ორთაჭალის რამდენიმე კვადრატულ მეტრში მოიყრის თავს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

ოფიციალური არგუმენტის მოსმენის შესაძლებლობა საზოგადოებას, ალბათ, მალე ექნება და იმედია, ის არგუმენტირებული გამოდგება და გათვლილი იქნება გრძელვადიან ინვესტიციაზე, რომელიც მომავალში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე იქნება გათვლილი (რაც ნაკლებ მოსალოდნელია).

და ბოლოს, სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში შეიძლება ოფიციალურად როგორც ეფექტურობის და მოდერნიზაციის ნაბიჯი იყოს, თუმცა საერთაშორისო მაგალითები და ადგილობრივი გამოცდილება აჩვენებს, რომ უფრო ჰგავს დიდ და ძვირადღირებულ დეკორაციას, რომლის მთავარი ფუნქცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ საჯარო უწყებების განთავსება, არამედ „ძალაუფლების დემონსტრირების“ ლოკაცია და, რა თქმა უნდა, მისი მშენებლობა ისევ, ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს ძვირი დაგვიჯდება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები