1728997440

თბილისში აივნებიც სახიფათოა

აივანი 2

ავტორი

ბაკურ გაბუნია

აივნები თბილისის ურბანული ლანდშაფტის ერთ-ერთი გამორჩეული და დამახასიათებელი ელემენტია. ეს მძლავრი არქიტექტურული დეტალები საუკუნეების განმავლობაში არა მხოლოდ ქალაქის ესთეტიკას აყალიბებდა, არამედ თბილისელების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დედაქალაქის ისტორიულ უბნებში თითქმის ყველა სახლს ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღია აივანი, რაც დღესაც თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.

აივნების მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ესთეტიკას. ისინი მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სიმბოლოებია. თითოეული აივანი თითქოს პატარა სცენაა, სადაც ყოველდღიურობის ფრაგმენტები კინოკადრებივით გაიელვებს ხოლმე ქალაქის, ანუ მუდმივი მაყურებლის თვალწინ.

თბილისში მსგავსი ტიპის აივნები მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან დამკვიდრდა. ამ დროს ჩნდება ქუჩის მხარეს დაკიდებული აივნები შუშაბანდებით, მოაჯირებით, ლამაზი რიკულებითა და ორნამენტებით. ერთმანეთს ერწყმის თავს მოხვეული რუსული კლასიცისტური ფორმები და ადგილობრივი ელემენტები. საკუთარი სიდიდით, მომხიბვლელობითა და ფუნქციურობით, ის არა მარტო სახლის, არამედ ძველი თბილისის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ქუჩების ნაწილი ხდებოდა. ეს ტრადიცია გაგრძელდა მე-20 საუკუნეშიც და საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლებიც, უმეტეს შემთხვევაში, აივნებით იყო დამშვენებული.

აივნებიც ზიანდება

აივნები დროთა განმავლობაში ზიანდება, ამიტომაც ტექნიკურ შემოწმებას, სათანადო მოვლასა და შეკეთებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევებში კი სტრუქტურულმა სისუსტემ, შესაძლოა, მოულოდნელი კოლაფსი გამოიწვიოს. დაზიანებული და საფრთხის შემცველი აივნები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც მესაკუთრისთვის, რომელიც მისით ყოველდღიურად სარგებლობს, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

დაზიანებული აივანი სხვადასხვა ნიშნით გამოიცნობა. ყველაზე გავრცელებულია ბზარები კედელზე ან აივნის იატაკის სტრუქტურის რღვევა, რაც მიუთითებს, რომ მისი გამძლეობა დაქვეითებულია. ასევე, უკვე დაჟანგული რკინის კონსტრუქციები საგრძნობლად ასუსტებს საყრდენი ელემენტების სიმტკიცეს. ამას ემატება ხის ან სხვა მასალების გაფუჭება, დამპალი ფენები და დეფორმაცია, რაც აივნის სრული ან ნაწილობრივი ჩამოშლის საფრთხის წინაშე გვაყენებს. ეს კი არა მხოლოდ მფლობელებს უქმნის რისკს, არამედ მოქალაქეებსაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აივანი ხალხმრავალ ქუჩას გადაჰყურებს.

დაზიანებული აივანი განსაკუთრებით საშიში ხდება ცუდ ამინდში — ძლიერი წვიმა, ქარი ან თოვლი უფრო მეტად არღვევს გაფუჭებული კონსტრუქციის მდგრადობას და ზრდის ჩამოშლის ალბათობას. ზამთარში შიგნით შესული წყლის გაყინვისა და დნობის პროცესში ბზარები უფრო ფართოვდება, რაც აჩქარებს აივნის დეფორმაციას.

თბილისის სახიფათო აივნები

უკვე წლებია სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას თბილისის მოსახლეობა. ფოტოებზე ხედავთ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდგარი შენობების აივნებს, რომლებიც დიდი ხანია დაზიანებულია და თითოეულ გამვლელს საფრთხეს უქმნის. ამ საკითხზე მოსახლეობა ხშირად საუბრობს, ბევრი ერიდება კიდეც მსგავსი აივნების ქვეშ ტროტუარზე გავლას, რადგან ხშირია ბეტონის ნაშალის ჩამოცვენის შემთხვევები, მაგრამ წლები ისე გადის, რომ არავინ ზრუნავს მათ კეთილმოწყობაზე.

აივნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მესაკუთრეა, რადგან ის საცხოვრებელი სახლის შემადგენელი ნაწილია და ისევე საჭიროებს მოვლასა და რემონტს, როგორც ბინის დანარჩენი სივრცე. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსახლეობა აივანს „სათავსოდ“ იყენებს, ამიტომაც გადატვირთულია ზედმეტი ავეჯითა და მძიმე ნივთებით. გადაჭარბებული წონა და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას, რადგან ასეთ დროს ბევრად მარტივად ზიანდება საყრდენები და ზედაპირი.

როდესაც საკუთარი ძალებით ვერ ხერხდება დაზიანებული აივნის შეკეთება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, ან თავად დაზიანებული აივნის მეპატრონემ, განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. თავად მერიის მოვალეობაში კერძო ავარიული აივნების შემოწმება, კონტროლი და მონიტორინგი არ შედის, თუმცა ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ, დახმარებას უწევს მობინადრეებს საჭირო სამუშაოების ჩატარების პროცესში, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს რემონტს, დალუქვასა თუ დემონტაჟს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, 21-ე საუკუნის თბილისში კონტრასტული სურათი მივიღეთ — ძველი თბილისის უნიკალური აივნების ანტიპოდად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეული, მოშლის პირას მყოფი აივნები მოსახლეობის ჯანმრთელობას ყოველდღიურად სასწორზე აგდებს. ერთი სიტყვით, სახიფათო აივნების შეკეთება ან დემონტაჟი აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მესაკუთრეებს აქვთ ვალდებულება, დროულად იზრუნონ მათ მდგომარეობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართონ შესაბამის უწყებებს, რათა თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები.

მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები