1762961700
მშენებლობა ეს არის კულტურის მატერიალიზაცია და სამყაროს აღქმის კონკრეტულ ფორმაში გადმოტანა. ყოველი შენობა, ხიდი ან ურბანული ელემენტი დროისა და სივრცის განზომილებაში ჩამოყალიბებული ისტორიული და ესთეტიკური დოკუმენტია, რომელიც ასახავს საზოგადოების ღირებულებებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და სილამაზის შესახებ წარმოდგენებს.
კლასიკური ეპოქიდანვე ცნობილი იყო, რომ მშენებლობა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ არის. ძველი რომაელი არქიტექტორი, მარკუს ვიტრუვიუს პოლიო, თავის ტრაქტატში „De Architectura“ წერდა, რომ არქიტექტურას უნდა ახასიათებდეს სამი მთავარი პრინციპი: firmitas (სიმტკიცე), utilitas (სარგებლიანობა) და venustas (სილამაზე). ეს პრინციპები დღემდე განიხილება როგორც მშენებლობის საფუძველი: შენობა უნდა იყოს სტრუქტურულად გამძლე, პრაქტიკულად მოსახერხებელი და ვიზუალურად შთამბეჭდავი.

თანამედროვე ეპოქაში ესთეტიკის მნიშვნელობა უფრო კომპლექსური გახდა. იგი ვიზუალურ ჰარმონიასთან ერთად ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც შეიცავს, რაშიც მოიაზრება, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს კონკრეტულ სივრცეში, როგორ გავლენას ახდენენ მის განწყობაზე მასალები, განათება და მასშტაბი. სწორედ ეს ურთიერთობა ადამიანსა და სივრცეს შორის ქმნის მშენებლობის ესთეტიკის ნამდვილ არსს.

მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილემა უკავშირდება ფორმასა და ფუნქციის თანხვედრას. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოდერნისტულ არქიტექტურაში გაჩნდა ცნობილი პრინციპი — form follows function („ფორმა მიჰყვება ფუნქციას“), რომელიც ამერიკელ არქიტექტორს, ლუის სალივანს მიეწერება.
ამ პრინციპის თანახმად, შენობის ფორმა უნდა გამომდინარეობდეს მისი დანიშნულებიდან. არქიტექტურა არ უნდა იყოს ზედმეტი დეკორით დატვირთული, სილამაზე უნდა იბადებოდეს თავად სტრუქტურიდან, პროპორციებიდან და ფუნქციური ლოგიკიდან. თუმცა შემდგომ პერიოდში პოსტმოდერნისტებმა ამ მიდგომას კრიტიკულად შეხედეს. მათი აზრით, ფორმა მხოლოდ ფუნქციის გამოხატულება კი არა, სიმბოლური და კულტურული მნიშვნელობის მატარებელიცაა. ამიტომაც, თანამედროვე ესთეტიკური მიდგომა ცდილობს ბალანსის დაცვას: ფორმა უნდა იყოს ფუნქციურად გამართლებული, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გადმოსცემდეს ემოციასა და იდენტობას.

მასალა არის მშენებლობის „ენა“, რომლის მეშვეობითაც არქიტექტორი თავის იდეებს გამოხატავს. თითოეულ მასალას (ქვას, ბეტონს, მინას, ხეს, ლითონს) საკუთარი ხასიათი, ტექსტურა, ფერი და ტაქტილური ხარისხი აქვს. ეს თვისებები ქმნიან შენობის ატმოსფეროს და გავლენას ახდენენ ადამიანის ემოციურ აღქმაზე. ქვა ასოცირდება სიმტკიცესთან და ტრადიციასთან; მინა — გამჭვირვალობასთან და თანამედროვეობასთან; ხე — სითბოსა და ბუნებასთან; ხოლო ბეტონი — ინდუსტრიულ სიძლიერესთან. სწორედ ამ ასოციაციების ცოდნაა აუცილებელი არქიტექტორისთვის, რათა შეძლოს გარემოს ჰარმონიული განწყობის შექმნა.
თანამედროვე ტენდენციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი და მდგრადი მასალების გამოყენებას. მაგალითად, ხის ან ქვის ელემენტები ქმნის „თბილ“ და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს, ხოლო გადამუშავებული მასალები ხაზს უსვამს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. ამგვარად, მასალის არჩევანი ტექნიკურთან ერთად ესთეტიკური გადაწყვეტილებაა.

სინათლე მშენებლობის ესთეტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. სწორედ სინათლე აჩენს ფორმას, ხაზს უსვამს მასალებს და ქმნის ემოციურ განწყობას. არქიტექტურის ისტორიაში არსებობს ცნობილი ფრაზა, რომელიც ეკუთვნის ლე კორბუზიეს: „არქიტექტურა არის სინათლის თამაში ფორმებზე“. მზის სხივების მოძრაობა დღის განმავლობაში ცვლის შენობის ატმოსფეროს, აჩენს ახალ ჩრდილებს და ხაზს უსვამს სივრცის დინამიკას.
სინათლის ესთეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივ და რელიგიურ არქიტექტურაში, იქ, სადაც სინათლე სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. მაგალითად, ტაძრებში ბუნებრივი შუქი ხშირად ასოცირდება სიწმინდესა და ზეციურ ენერგიასთან, რაც სივრცეს ემოციურად ამაღლებულ ხასიათს ანიჭებს. სინათლე და ჩრდილი ქმნიან სივრცის ვიზუალურ რიტმსაც. სწორედ ამ რიტმის მეშვეობით არქიტექტორი ახერხებს ადამიანის მზერისა და მოძრაობის მართვას — როგორ შევიდეს შენობაში, სად შეაჩეროს ყურადღება და როგორ აღიქვას სივრცე მთლიანობაში.

არქიტექტურაში პროპორციის ცნება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არსებობს: ვიტრუვიუსმა ადამიანი დაინახა როგორც პროპორციის სრულყოფილი მოდელი და მიაჩნდა, რომ სხეულის ნაწილების თანაფარდობა შეიძლებოდა გადატანილიყო შენობის ელემენტებზე.
რენესანსის ეპოქაში ლეონ ბატისტა ალბერტი და შემდგომში ლე კორბუზიე პროპორციას ჰარმონიის მისაღწევად უმთავრეს საშუალებად განიხილავდნენ. ლე კორბუზიე ცდილობდა შეექმნა უნივერსალური პროპორციული სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ადამიანის სხეულზე და ოქროს კვეთის პრინციპზე.
პროპორციული ჰარმონია აღიქმება არაცნობიერად — როდესაც შენობაში ყველა ელემენტი (სვეტები, კარები, ფანჯრები, სიმაღლე) ერთმანეთს ერგება, ადამიანი გრძნობს სიმშვიდესა და ბუნებრივ ბალანსს, ხოლო როცა ეს ბალანსი ირღვევა, ჩნდება დისკომფორტი, სივრცე აღიქმება დამძიმებულად ან დამაბნევლად. ამრიგად, შესაძლოა, თამამად ითქვას, რომ პროპორცია მშენებლობის ესთეტიკაში არა მხოლოდ მათემატიკური სიზუსტე, არამედ ფსიქოლოგიური ჰარმონიის ინსტრუმენტია.

21-ე საუკუნეში მშენებლობის ესთეტიკა ახალ გამოწვევებს ხვდება — ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკოლოგიური მოთხოვნები და სოციალური პასუხისმგებლობა ქმნიან ახალ ესთეტიკურ კატეგორიებს. დღეს არქიტექტორის ამოცანა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ეკოლოგიურად გამართლებული გარემოს შექმნაა. ბიოკლიმატური დიზაინი, ენერგოეფექტური შენობები, გადამუშავებადი მასალების გამოყენება — ეს ყველაფერი ქმნის ახალ ესთეტიკას, სადაც სილამაზე განისაზღვრება არა დეკორით, არამედ ჰარმონიით ბუნებასთან.
და ბოლოს, მშენებლობის ესთეტიკა წარმოადგენს ინტერდისციპლინურ სფეროს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას. ის მოითხოვს ცოდნას როგორც ინჟინერიაში, ისე ფსიქოლოგიაში, ხელოვნებათმცოდნებასა და ფილოსოფიაში. თუ ვიტრუვიუსის სამი პრინციპი — სიმტკიცე, სარგებლიანობა და სილამაზე — დღესაც აქტუალურია, თანამედროვე ეპოქამ მათ დაამატა მეოთხე: მდგრადობა. სწორედ ამ ოთხი ელემენტის სინთეზში იბადება თანამედროვე სამშენებლო ესთეტიკა — ტექნოლოგიურად გამართული, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი და კულტურულად ღირებული არქიტექტურა.