1760543712
დღეს, როცა ქალაქები სწრაფად იზრდება და სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, კომპანიებისთვის ნარჩენების გადამუშავება არა მხოლოდ ეკოლოგიური ჟესტი, არამედ აუცილებლობა გახდა. ამიტომაც მშენებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ძველი მასალების გადამუშავების მეთოდს, რომლის წყალობითაც მილიონობით ტონა სამშენებლო ნაგავი არა პრობლემად, არამედ რესურსად აღიქმება. გადამუშავებული ბეტონი, აგური, მინა, მეტალი და პლასტმასა უკვე მასობრივად გამოიყენება, რამაც არქიტექტურას ახალი მიმართულება მისცა, ე. წ. „ცირკულარული მშენებლობა“, რომლის მთავარი პრინციპია, რომ არაფერი დაიკარგოს და ყველაფერს მიენიჭოს მეორე სიცოცხლე.
ბეტონის გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის. ძველი შენობების დემონტაჟისას მიღებულ ბეტონს ფშვნიან და ახალი ბეტონის მისაღებად ან საძირკვლების მოსამზადებლად მოიხმარენ. ამ გზით მნიშვნელოვნად მცირდება როგორც ნედლეულის მოპოვება, ისე ცემენტის წარმოებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯი.
აგურის ნატეხები ხშირად გამოიყენება გზების საფარისა და საძირკვლის გასამაგრებლად. ფოლადი და ალუმინი კი იმდენად მარტივად გადამუშავებადია, რომ მათი ინტეგრაცია ახალ კონსტრუქციებში თითქმის შეუზღუდავია.
ევროპაში გადამუშავებული მასალების გამოყენება უკვე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. მაგალითად, ნიდერლანდებში აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის ფასადები მთლიანად გადამუშავებული აგურითაა შექმნილი. ამავე ქვეყანაში გადამუშავებული მასალების გამოყენების ერთ-ერთი შთამბეჭდავი მაგალითია De Ceuvel — პროექტი, რომლის ფარგლებშიც ძველი ნავები ხმელეთზე გადაიტანეს და არტ-სტუდიებად და ოფისებად გადააკეთეს. ამასთანავე, კომპლექსი მთლიანად ენერგოეფექტურია: იყენებს მზის პანელებსა და ბიოფილტრაციულ მცენარეებს ნიადაგისა და წყლის გასაწმენდად. ნიდერლანდებშივე დაიგო პირველი PlasticRoad, რომლის საფარი მთლიანად გადამუშავებული პლასტმასითაა შექმნილი. ასეთი გზა უფრო გამძლეა, ნაკლები მოვლა სჭირდება და, ამავდროულად, ათასობით ტონა პლასტმასას აცილებს ნაგავსაყრელს. რაც მთავარია, ეს პროექტები ამტკიცებს, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და თანამედროვე დიზაინის შეთავსება სრულიად შესაძლებელია.
დანიაში, ქალაქ როსკილეში მდებარე უბანი — Musicon — მთლიანად რეგიონში მიღებული ბეტონის ნარჩენებით აშენდა. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს გადამუშავების პროცესს და მის ახალ სამშენებლო პროექტებში ინტეგრირებას.
ციურიხში კი საჯარო პროექტებში უკვე სავალდებულო გახდა გადამუშავებული ბეტონის გამოყენება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა ახალი სახელმწიფო ობიექტის მშენებლობისას გამოყენებული ბეტონის მინიმუმ 25% გადამუშავებული უნდა იყოს. ამ ინიციატივამ არა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედება შეამცირა, არამედ კერძო სექტორიც აიძულა, გაეზარდა ინვესტიციები ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში.
ეკოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, ნარჩენების გადამუშავება ეკონომიკურადაც გამართლებულია, რადგან გადამუშავებული მასალების გამოყენება ახალი ნედლეულის შეძენის საჭიროებას ამცირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური პროექტებისთვის. გარდა ამისა, გადამუშავების პროცესში ჩართული ადგილობრივი საწარმოები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებენ რეგიონულ ეკონომიკას.
გადამუშავება ახალ ეკონომიკურ მიმართულებებსაც ქმნის. ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს სპეციალური ონლაინ პლატფორმები და ბაზრები, სადაც სამშენებლო კომპანიები მეორად მასალებს ყიდულობენ. სოციალური თვალსაზრისით, ეს მიდგომა ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებასაც. ადამიანები აცნობიერებენ, რომ ქალაქის განვითარება ბუნებასთან დაპირისპირებას კი არა, მასთან თანამშრომლობას გულისხმობს.
თანამედროვე არქიტექტურა სულ უფრო მეტად ეფუძნება პრინციპს, რომ შენობა არ უნდა იყოს ერთჯერადი პროდუქტი. იგი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მომავალში მისი დაშლა და მასალების ხელახალი გამოყენება მარტივად შეიძლებოდეს. დღეს უკვე არსებობს „მასალის პასპორტები“, ციფრული დოკუმენტები, სადაც აღწერილია მშენებლობისას გამოყენებული ყველა კომპონენტი, მათი წარმომავლობა და გადამუშავების შესაძლებლობა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ მასალები მომავალში სწორად და უსაფრთხოდ გამოიყენონ.
შესაბამისად, ნარჩენების გადამუშავება და სამშენებლო ინდუსტრიაში მისი გამოყენება საუკეთესო გზაა მდგრადი განვითარებისთვის. ქალაქები, სადაც თითოეული აგური, მინა ან ბეტონის ფრაგმენტი ახალ სიცოცხლეს იწყებს, უფრო სუფთა და ადამიანზე მორგებული ხდება.