1749660864

მოდულური მშენებლობის მნიშვნელობა და პრინციპები

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია, რომელიც ენერგოეფექტურ, მდგრად მიდგომებსა და ნარჩენების შემცირებისკენაა მიმართული, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდს, რომელსაც მოდულური მშენებლობა ეწოდება. ეს მოდელი რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული მშენებლობისგან და ახლებური, პრაქტიკული და ხარჯთეფექტური პრინციპით გამოირჩევა.

მოდულური მშენებლობა შენობის ცალკეული ნაწილების წინასწარ ქარხანაში დამზადებას და შემდეგ სამშენებლო ობიექტზე მათ ტრანსპორტირებასა და მონტაჟს გულისხმობს. მოდულებს შესაძლოა წარმოადგენდეს ნაგებობის სტრუქტურული ნაწილები (იატაკი, კედლები), ოთახები, სართულები და . ., რომლებიც ისეა დაპროექტებული, რომ მარტივად მიუერთდეს ერთმანეთს. იმის გამო, რომ მოდულები ცალ-ცალკე ქარხნული წესით მუშავდება და სათითაოდ იწყობა, ბევრად მდგრადი, ცვლადი და სწრაფად დასამონტაჟებელია. წინასწარი გეგმის მიხედვით, მკაცრი კონტროლის დაცვით შექმნილი მოდულები სამშენებლო მოედანზე შეფერხებების გარეშე იწყობა, ხოლო ამინდი და სხვა გარე ფაქტორები სამუშაოს მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს.

განვიხილოთ უფრო ვრცლად, თუ რატომ ირჩევენ წამყვანი ქვეყნები და სამშენებლო კომპანიები მოდულურ მშენებლობას და რა ძირითადი უპირატესობით სარგებლობს აღნიშნული მეთოდი:

ინდივიდუალური მიდგომა და სიმტკიცე

იმის გამო, რომ შენობის თითოეული მოდული სათითაოდ იწყობა და ინდივიდუალურად მუშავდება, კონსტრუქციები ბევრად მყარი, მდგრადი და ხარისხიანი გამოდის. თითოეული დეტალი პროტოკოლის დაცვით იქმნება და არაერთ შემოწმებას გადის, შესაბამისად შეცდომების დაშვების ალბათობა ნაკლებია, ხარისხი და სტრუქტურული მდგრადობა კი მეტი. ამასთან, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს.

დროის ეფექტური გამოყენება

დღესდღეობით, როცა დეველოპერულ ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ობიექტების რაოდენობა დაჩქარებული ტემპით იზრდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის დროულად დასრულებას და დროის ეფექტურად გამოყენებას. ამ მხრივ მოდულური მიდგომა განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს, რადგან სხვადასხვა ნაწილის დამზადება ერთდროულად, პარალელურ რეჟიმშია შესაძლებელი. ამასთანავე, მოდულური სისტემები ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა მოთხოვნისა და პირობის შესაბამისად, რის გამოც ბევრად მოქნილია, ეს კი აჩქარებს მშენებლობის მიმდინარეობას და დროის რაციონალურ გამოყენებას უწყობს ხელს.

ხარჯთეფექტურობა

მოდულურ მშენებლობაში დროისა და სამუშაო რესურსის ნაკლებობა პროდუქტის საერთო ღირებულების შემცირებასაც განაპირობებს. ტრადიციული სამშენებლო მეთოდისგან განსხვავებით, მოდულურ მშენებლობაში სამშენებლო პროცედურები წინასწარაა განსაზღვრული, ხარჯები კი ზუსტად შეფასებული, ამიტომ ნაკლებია გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა, რაც, საბოლოოდ, სამონტაჟო სამუშაოებს ამარტივებს და ზოგავს ფინანსებს.

ენერგოეფექტურობა და გარემოზე ზიანის შემცირება

სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით, მოდულური მშენებლობა ნარჩენების წარმოქმნას ამცირებს და, შესაბამისად, ნახშირბადის ემისიების რაოდენობაზეც სასიკეთოდ აისახება. იმის გამო, რომ კონსტრუქციული ელემენტები ქარხანაში იწარმოება, ნაკლები სამშენებლო ნარჩენი წარმოიქმნება, გარემო კი მავნე ნივთიერებებით არ ბინძურდება.

ამასთან, მოდულური კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი ძალიან მარტივია, რის გამოც სამშენებლო ნაწილების ხელახალი გამოყენებაა შესაძლებელი. ამის გარდა, ქარხანაში წარმოებული მოდელები ენერგოეფექტურობის ხარისხითაც გამოირჩევა. წარმოებისას კი მკაცრად კონტროლდება ვენტილაციისა და იზოლაციის სისტემები.

ცნობილი მოდულური შენობის ნიმუშები

Nakagin Capsule Tower

მოდულური არქიტექტურის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ნიმუში იაპონიაში, ტოკიოში მდებარე „Nakagin Capsule Tower“ შენობაა, რომელიც 1970-72 წლებში აიგო. მისი ავტორი კი იაპონელი არქიტექტორი კიშო კუროკავაა (Kisho Kurokawa). ნაგებობა 140 დამოუკიდებელი კაფსულისგან შედგება, რომლებიც საცხოვრებელ მოდულებს წარმოადგენს. ქარხნული წესით დამზადებული კაფსულები ფოლადის მასალითაა დამუშავებული, მათი მოხსნა და ჩანაცვლება კი მარტივადაა შესაძლებელი შენობის ძირითადი სტრუქტურის დაზიანების გარეშე. თავდაპირველი პროექტით მოდულები ყოველ 25 წელში უნდა შეეცვალათ, თუმცა იდეა არ განხორციელდა. „Nakagin Capsule Tower“ არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშადაა აღიარებული და პირველ მოდულურ საცხოვრებელ შენობად მიიჩნევა.

Habitat 67

მოდულური მშენებლობის კიდევ ერთი ცნობილი ნიმუშია „Habitat 67“, რომელიც 1967 წელს, კანადაში, არქიტექტორ მოშე საფდის მიერ აიგო. ნაგებობა 354 იდენტური ბეტონის მოდულისგან შედგება, თითოეული მათგანი კი დამოუკიდებელ საცხოვრებელ ერთეულს წარმოადგენს. ნაგებობა დღემდე ბრუტალისტური არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და ისტორიული ძეგლის სტატუსით სარგებლობს.

My Micro

მანჰეტენზე, ნიუ-იორკში მდებარე ცხრასართულიანი შენობა, 55 წინასწარ დამზადებული მოდულისგან შედგება, რომლებიც ფოლადისა და ბეტონის ფილისგნაა შექმნილი. პროექტი მიკრო-ბინების პირველ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის შექმნასა და საბინაო კრიზისის გადაწყვეტას ისახავდა მიზნად. კომპლექსი 1-2 კაციანი აპარტამენტებისგან შედგება და საინტერესო ინტერიერითაც იქცევს ყურადღებას, რომელიც მოდულირებული, კომპაქტური და მრავალფუნქციური ავეჯით არის დაკომპლექტებული, რაც სივრცის ოპტიმალურად ათვისებისა და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

Makoko Floating School

მოდულური არქიტექტურის საინტერესო და განსხვავებულ ნიმუშს წარმოადგენს პროექტი „Makoko Floating School“, რომელიც ქალაქ ლაგოსში, ნიგერიაში მდებარეობს და 2013 წლით თარიღდება. ნაგებობა წარმოადგენს სამსართულიან მცურავ სტრუქტურას, რომელიც სკოლის ფუნქციას ასრულებს. კონსტრუქციის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, რომელიც ერთმანეთზე დამაგრებული სამკუთხედის ფორმის ხის მცირე მოდულებისგან შედგება. მარტივი, განმეორებადი გეომეტრიული ფორმის კონსტრუქცია ეკოლოგიურ პრინციპებს ეფუძნება და გარე ფაქტორებისა და ბუნებრივი პირობების მიმართ მედეგობით გამოირჩევა. ამგვარი არქიტექტურული პროექტი საინტერესოდ უპასუხებს გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებს და მარტივ, იაფ, საინტერესო სამშენებლო გადაწყვეტილებას გვთავაზობს, რომელიც ადვილად დაშლადი და გადასაადგილებელია.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები