1764781020

რას გულისხმობს ქალაქის ურბანული განვითარება? — კითხვა, რომელიც თანამედროვე რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

დეფინიციური თუ ლექსიკონური განმარტებით, ქალაქის ურბანული განვითარება სულაც არ არის მხოლოდ ქუჩების დაგება ან ახალი კორპუსების აშენება. მარტივად რომ ავხსნათ, ეს სტრატეგიული პროცესია და ვინაიდან სტრატეგიას ვახსენებთ, ნიშნავს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას არა მხოლოდ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ ქალაქის ზრდის საპასუხოდ და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გამოსადეგი იქნება დასახული მიზნები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბინაო პოლიტიკა, რაიონების განაშენიანება, სატრანსპორტო და საპარკინგე სისტემა, მწვანე და საზოგადოებრივი სივრცეები, უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობა — ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ქალაქის ურბანული განვითარება აერთიანებს.

თბილისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, უძრავ ქონებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ მშენებლობებზე ნებართვების რაოდენობა გაზარდა, რასაც უკონტროლო და ქაოსური მშენებლობებიც მოჰყვა, რაც ერთგვარ წნეხად იქცა ქალაქისთვის. ამას ემატება ავტომობილების რაოდენობის ზრდა, პარკირების არასაკმარისი ადგილები, საცობები... ავტომობილების სიმრავლე და მწვანე სივრცეების ნაკლებობა კი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.

ამ რეალობის ფონზე არის პასუხგაუცემელი კითხვები. ყველაზე მთავარი კი ისაა, არსებობს თუ არა თბილისის განვითარების გეგმა და თუ კი, ვის ინტერესს ემსახურება იგი? სად არის საზოგადოება? სად არიან არქიტექტორები და ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ქალაქის განვითარებაზე?

მშენებლობები

იქმნება შთაბეჭდილება, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ თბილისი ბოლო წლებში დეველოპერული ბიზნესის არენად აქცია და ქალაქის სივრცით განაშენიანებაზე გავლენას, ძირითადად, სწორედ კერძო ინვესტორები ახდენენ. მუნიციპალური გეგმები კი ან არ არსებობს ან დიდი ხნით ქაღალდზე რჩება.

არაერთხელ გვსმენია თავად მოსახლეობის მოსაზრება, რომ მშენებლობის ნებართვები გაიცემა უბნების სიმჭიდროვის, სატრანსპორტო ან ეკოლოგიური დატვირთვის გათვალისწინების გარეშე. მაგალითად, საბურთალოზე და ვაკეში ახალი მაღალი შენობების დამატებამ შეცვალა უბნების მიკროკლიმატი — იზრდება ხმაური, მტვერი და ტემპერატურა.

სად არის გამოსავალი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ხშირად ცდილობს პოლიტიკოსთა ნაწილიც, მაგალითად, არაერთგზის გავრცელდა მოსაზრება, რომ გამოცხადდეს მშენებლობებზე მორატორიუმი.

მორატორიუმი, შესაძლოა, ლოგიკურად ჟღერდეს პოლიტიკოსების გადმოსახედიდან, მაგრამ ურბანული განვითარების თვალსაზრისით ეს პრობლემის მოგვარების საშუალება ნამდვილად არ არის. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, დროებით შეამსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ვერ მოაგვარებს პრობლემას, უფრო მეტიც, ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დაამახინჯოს ქალაქი. რატომ? როდესაც საზოგადოებაში არსებობს საცხოვრისის გაფართოების მოთხოვნა, შავი ხვრელი ყოველთვის მოიძებნება მიზნის მისაღწევად და აღდგება 90-იანი წლების „უგვანი მიშენებების“ პრაქტიკა.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ უფრო გრძელვადიანი და გონივრული გამოსავალია ქალაქის განვითარების წესების გადახედვა, გამჭვირვალე სამშენებლო ნებართვის სისტემის დანერგვა და საჯარო კონტროლი.

უნდა ითქვას, რომ მორატორიუმი აჩერებს არა მხოლოდ პრობლემურ, არამედ სოციალურ და ინფრასტრუქტურულად საჭირო პროექტებსაც და ზარალდება სამშენებლო სექტორიც, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია.

მეორე მხრივ, ბიზნესისთვის პროგნოზირებადობა მნიშვნელოვანია, მორატორიუმის პირობებში კი იკარგება ნდობა, მსგავსი გადაწყვეტილება იძლევა ნიშანს, რომ სამშენებლო სექტორში რეალობა პოლიტიკური მოტივით ან მოულოდნელად იცვლება, რაც აფერხებს ინვესტიციებს.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ნებართვები ზედმეტი რეგულაციაა და მშენებლობის უფლებას უნდა გვაძლევდეს არა მარეგულირებელი, არამედ უბანი და მეზობლები. რას მოგვიტანს მსგავსი რეალობა? რთული წარმოსადგენია, თუმცა მაინც ღირს მსჯელობად.

თავისუფალი ბაზრის ხედვა კარგია, თუმცა ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რამდენიმე რეალური რისკი არსებობს. როგორც წესი, რეგულაციების შემცირება იწვევს არათანმიმდევრულ განვითარებას. მშენებლობა უსაფრთხოების სფეროა და მხოლოდ კომპანიებისა და მშენებლების კეთილსინდისიერებაზე ამ საქმის დატოვება რამდენად გონივრული იქნება? ან როდესაც კერძო პირს მოესურვება საკუთარი ეზოს გაფართოება, რა შედეგამდე მიგვიყვანს ეს საკითხი?

რეგულაციები ხშირად სასურველი არ არის, მაგრამ ის იცავს ქალაქის არქიტექტურულ სახეს, ბალანსს, ისტორიულ უბნებს…

სატრანსპორტო სისტემა

სწორი ურბანული განვითარება კარგ სატრანსპორტო სისტემას გულისხმობს, უმთავრესი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების გამართული მუშაობაა. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლო წლებში ნაწილობრივ განახლდა, მაგრამ მთლიანობაში ქალაქი მაინც კერძო მანქანებზეა დამოკიდებული. მეტროს მოძველებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს, მისი გაფართოების, საბაგირო გზების აღდგენა-გაყვანისა და ტრამვაის ხაზის დაბრუნების გეგმები კი ჯერჯერობით ძალიან შორეულ პროექტებად მოჩანს.

სპეციალისტები, ურბანისტები, არქიტექტორები დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ თბილისს ჯერ კიდევ აქვს შანსი გახდეს ქალაქი, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება. ამისთვის კი, პირველ რიგში, ქალაქის განვითარების ხედვასთან დაკავშირებული დისკუსიებია საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები