1750612474

დედაქალაქის ბიუჯეტი 2,272 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ფინანსები ყველაფრის არა, თუმცა ბევრი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საკმარისი ფინანსური რესურსი თანამედროვე ქალაქებისთვის კომფორტის საკითხი კი არა, განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობად ითვლება. რაც მეტი ბიუჯეტი აქვს ქალაქს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა თუ ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, ქალაქის ფინანსური სიძლიერე პირდაპირ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე — იქნება ეს უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა თუ ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სწორედ ამიტომ, ქალაქების მმართველებისთვის ბიუჯეტის ზრდა და მისი გონივრული მართვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

წლის დაწყებიდან მეექვსე თვეს თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება მომზადდა და ქალაქის მთავარი ხაზინის 62,15 მილიონი ლარით გაზრდა გადაწყდა. მთლიანობაში, დედაქალაქის ბიუჯეტი 2,272 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების, მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.

როგორც ქალაქის მერმა ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება.

კახა კალაძეს კონკრეტულად არ უთქვამს, რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა კვლავაც ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. წლის განმავლობაში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი საფეხმავლო ქუჩებისა და ველოტრასების მოწყობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განახლება. იქვე მითითებულია, რომ წელსვე მერია თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ახალ, M3 კატეგორიის 18 მეტრიან ავტობუსებს შეიძენს. იგეგმება სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება და მშენებლობა. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის ახალი ზოოპარკის ფუნქციონირებისა და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა. გაწერილია სოციალური დახმარებების საჭიროებები და ჯანდაცვის საკითხები.

მაგალითისთვის, 2025 წლის ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მოვლა-შეკეთებაზე 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული; კეთილმოწყობის ღონისძიებები — 77,4 მლნ ლარი, გამწვანების ღონისძიებები — 35,148 მლნ ლარი, რეკრეაციული ზონების მოწყობა — 44 მლნ ლარი...

წელს თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ძალიან კარგია, თუმცა ეს რიცხვიც ადასტურებს და ფაქტია, ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ, რომ ის უყაირათოდ გამოვიყენოთ. თითოეული თეთრი კონკრეტულ მიზანზე უნდა იყოს გათვლილი და რეალურად უნდა შექმნას მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის და თავად ქალაქისთვის.

ბიუჯეტის ზრდამ საზოგადოებას მნიშვნელოვანი შედეგი რომ მოუტანა, ამის ბევრი მაგალითია მსოფლიოში. ერთ-ერთი გამორჩეულია ბარსელონა, სადაც 2000-იანი წლებიდან ქალაქს უფრო და უფრო მეტი შემოსავლები უჩნდება. მაგალითად, 2019 წლიდან 2025 წლამდე ბიუჯეტი მთლიანობაში 45%-ით გაიზარდა. მუნიციპალური ბიუჯეტი ქალაქმა გადასახადების სისტემის გაუმჯობესებით, ევროკავშირის ფონდების მოზიდვითა და ინვესტიციების წახალისებით გაზარდა და ის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ სოციალური საკითხების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.

ვინც ბარსელონაში ნამყოფია, მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ბლოკებად დაყოფილი ქუჩები, ბევრ მათგანში მანქანებით გადაადგილება დაუშვებელია და იქ მოძრაობა მხოლოდ ქვეითებისა და ველოსიპედებისთვის არის ნებადართული. ამან ხელი შეუწყო მწვანე ტრანსპორტის განვითარებას, მით უმეტეს, რომ ქალაქში გაიზარდა ეკოავტობუსების რაოდენობაც. საბოლოო ჯამში კი ამან გააუმჯობესა ჰაერის ხარისხის მაჩვენებელიც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქალაქის ბიუჯეტირებაში მოსახლეობის ჩართვაა. მაგალითად, ბარსელონაში, 2020 წლიდან, ბიუჯეტის გარკვეული თანხა (30 მლნ ევრო) რა მიმართულებებზე უნდა დაიხარჯოს სწორედ ქალაქის მოსახლეობა წყვეტს კენჭისყრის საფუძველზე. ამ პროექტებში შედის ბევრი ცნობილი მოედნის მოწყობა, გამწვანება თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები