1767715389

თბილისი რეკორდული ბიუჯეტით — შეძლებს ქალაქი 2.2 მილიარდით პრობლემების დამარცხებას?

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისი 2026 წელს რეკორდული, 2 193 388 700 ლარიანი ბიუჯეტით შეხვდა. 2025 წელთან შედარებით დედაქალაქის მთავარი ხაზინა 210 მილიონ ლარზე მეტად არის გაზრდილი. მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების მასშტაბებთან შედარებით, ეს ციფრები, შესაძლოა, მოკრძალებულად გამოიყურებოდეს, თუმცა ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით, ფაქტია, თბილისისთვის ეს თანხა მცირე არ არის და აჩენს მოლოდინს, რომ ქალაქი არა მხოლოდ არსებულ პრობლემებს გაუმკლავდება, არამედ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩაუყრის საფუძველს.

ბიუჯეტის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება წელს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე გამახვილდება. ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებაზე 601.7 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მთლიანი ხარჯების 27%-ია. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება წინა წელთან შედარებით 68 მილიონით არის გაზრდილი და ამ თანხამ ინფლაციური წნეხისა და სოციალური გამოწვევების პირობებში, მოსახლეობისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში უნდა შექმნას.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 573 მლნ ლარამდე დაიხარჯება, ანუ ბიუჯეტის 26%. ეს წელი იმით იქნება გამორჩეული, რომ ქალაქში ტრადიციული და მივიწყებული იდეების რეალიზაცია იგეგმება. მაგალითად, იწყება ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს. ამას ემატება სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია.

საინტერესოა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილიც, სადაც 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ქალაქის საკუთარი შემოსულობებია. ეს მიუთითებს დედაქალაქის ეკონომიკურ აქტივობაზე, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები 630 მილიონიანი კაპიტალური ტრანსფერი კვლავ რჩება იმ მთავარ ბერკეტად, რომლითაც მსხვილი პროექტები ფინანსდება. მათ შორისაა ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა მდინარე დიღმულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირება, რაც საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ლოგისტიკურ კავშირს გააუმჯობესებს.

ქალაქის მმართველობა წელს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რაიონულ განვითარებაზეც. თითქმის 300 მილიონი ლარი გამგეობებზე გადანაწილდება და ლოკალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული, კერძოდ, გზების მოვლა-შეკეთება, ამხანაგობების ხელშეწყობა და მცირე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა.

რაც შეეხება დანარჩენ მსხვილ პროექტებს, ბიუჯეტის მიხედვით, გათვალისწინებულია ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა, ვაკის პარკის შადრევნების კასკადისა თუ ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ერისთავის ქუჩაზე სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაცია; საყრდენი კედლების მშენებლობა-რეკონსტრუქცია; ილიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია; გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში;

მიუხედავად ოპტიმისტური ციფრებისა, 2026 წლის ბიუჯეტი რთული გამოწვევების წინაშეც დგას. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ნარიყალას ციხის, ფიროსმანის ქუჩისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მოითხოვს არა მხოლოდ დიდ ფინანსებს, არამედ ამ თანხის ყაირათიან განკარგვასა და პროექტების ხარისხიანად შესრულებას.

საბოლოოდ, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი იქნება ერთგვარი მცდელობა, ქალაქმა მეტ-ნაკლებად უპასუხოს სოციალურ მოთხოვნებს და არ ჩამორჩეს თანამედროვე ურბანულ ტემპსაც. ყოველ შემთხვევაში ტრამვაი, ახალი ხიდები, რეაბილიტირებული ისტორიული უბნები და გაზრდილი სოციალური პაკეტები - ეს ის დაპირებაა, რომლის შესრულებაზეც ქალაქის მთავრობას უპრეცედენტო, 2-მილიარდიანი რესურსით მოუწევს მუშაობა. რამდენად იგრძნობს ამ ციფრების სიკეთეს რიგითი თბილისელი (საკუთარ ეზოსა თუ საცობში მდგომ ტრანსპორტში), ამას უკვე 2026 წლის ბოლოს შევაჯამებთ.

მსგავსი სიახლეები

ტრამვაი

თბილისს ტრამვაი უბრუნდება?

1761238020

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები