1764610200
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თბილისი რამდენიმე დღეა ნისლშია ჩაძირული, თუმცა ეს არც ბუნებრივი მოვლენაა და არც ამინდი რომანტიკული განწყობისთვის. ეს დაბინძურებული ჰაერია და ის დედაქალაქს მტვრის მძიმე ფენად „აწევს“.
ნოემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უფრო და უფრო დამძიმებული რეალობის ფონზე, სოციალურ ქსელებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, თბილისსა და თბილისის შემოგარენში გადაღებულმა ფოტო-ვიდეო მასალამაც იმატა. საზოგადოების შეშფოთებას გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებით გამოეხმაურა და ახსნა, რომ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ განაპირობა. იქვე აიხსნა, რომ დაბინძურების შენარჩუნებაზე გავლენა იქონია ნალექისა და ქარის არარსებობამაც.
„საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე,” — ასეთი იყო სააგენტოს გავრცელებული განცხადება და მან საზოგადოების დამშვიდება ვერ შეძლო.

ჰაერის დაბინძურება თბილისში უდაბნოს მტვრის გარეშეც აქტუალურია. ამ რეალობას ჰაერის ხარისხის რუკაც ადასტურებს, რომელზედაც დეტალურად არის ნაჩვენები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე არსებული რეალობა. რუკის მონაცემებით, თბილისში ყველაზე რთული მდგომარეობა ყაზბეგის ქუჩაზე, აღმაშენებლის, წერეთლისა და გელოვანის გამზირებზეა, სადაც მტვრის მყარი ნაწილაკების (PM10; PM 2,5) მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება.
შვეიცარიული ორგანიზაცია IQAir-ის მონაცემებით, საქართველო მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით 138 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა, 8954 ქალაქიდან კი თბილისი 1645-ე პოზიციაზეა. ორგანიზაცია რეიტინგის შედგენისას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით ხელმძღვანელობს და PM 2.5 ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში 5 ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა რეიტინგის ნიშნულით თბილისში მაჩვენებელი დადგენილ სტანდარტს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება.
ჰაერის დაბინძურების მიზეზი თბილისში არაერთია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ავტოპარკის მთლიანი რაოდენობა 1,9 მლნ-მდეა, მათგან 1 540 000 ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მთლიანი ავტოპარკის 64% ბენზინის ძრავითაა, 12% ჰიბრიდულძრავიანია, თუმცა ძირითად საწვავად ბენზინს მოიხმარს, ავტოპარკის 23%-ს აქვს დიზელის ძრავი და მხოლოდ 1%-ია ელექტრომობილები.

ავტომობილების უდიდესი წილი, 850 000-ზე მეტი თბილისზე მოდის და სწორედ ავტომობილებია ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი, მით უმეტეს, ავტომობილების ხანდაზმულობისა და ელექტრომობილების ნაკლებობის პირობებში. ვაღიარებთ თუ არა, ფაქტია, ბევრი მათგანი გამონაბოლქვის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ტექინსპექტირების ვალდებულებაა, ყველამ კარგად იცის, რომ ის კარგად არ მუშაობს. ყველას გვყავს ახლობლებში ადამიანები, რომელთაც უღიარებიათ რომ ავტომობილის გამართულობის „დასტური“ „ნაცნობობით“ მოიპოვა.
ამას ემატება ინდუსტრიული წარმოება, სამშენებლო საქმიანობა, ქაოსურად აშენებული კორპუსები, რის გამოც ქალაქს განიავების შესაძლებლობა არ აქვს. წლების განმავლობაში უკონტროლობის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება რთულია, სწორედ ამიტომ მერიას ახლა უწევს რეგულაციების გამკაცრება. როგორც ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, გამკაცრებული სანქციები გავრცელდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე (ეს მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას), გარდა ამისა გამკაცრდება სანქციები მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე. „ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა კანონპროექტი და ჯარიმები, რომელიც დღეს 500-დან 6 000 ლარამდეა, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, — განაცხადა თბილისის მერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თბილისში რამდენიმე გარემოსდაცვითი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის ავტოტრანსპორტის რეგულირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მწვანე სივრცეების განახლება, ჰაერის დაბინძურება მაინც ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ეკოლოგიური გამოწვევაა. რთულია ზამთრის პერიოდიც, რადგან გათბობის სეზონი იწყება და გამონაბოლქვიც იმატებს, ქარის ნაკლებობა და დაბალი ტემპერატურა კი, როგორც წესი, ხელს უშლის მტვრის ნაწილაკების გაფანტვას.
ჰაერის დაბინძურება არ არის მხოლოდ ნისლით შემოსილი აღმაშენებლის ძეგლი ქალაქის შემოსასვლელთან, ან თემქაზე ბურუსით მოცული მონუმენტი „საქართველოს მატიანე“... ის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, განსაკუთრებით ვნებს ბავშვებს, ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. გრძელვადიანად ასეთი რეალობის შენარჩუნება კი ზრდის სასუნთქი გზების დაავადებებს, ალერგიების, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების და სხვა დაავადებების განვითარების რისკს.
ადამიანები და მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, პირველი რიგის საკითხია, თუმცა ის მძიმედ აისახება ეკონომიკაზეც. დაბინძურებული ჰაერი პირდაპირ აფერხებს ქალაქის განვითარებას, გაზრდილი ხარჯები ზრდის სამედიცინო ხარჯებს და იწვევს საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.
ჰაერის დაბინძურება მოსახლეობას მძიმე ტვირთად რომ აწევს, ამას UNDP-ის 2024 წლის კვლევაც ადასტურებს. საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების, დამოკიდებულებებისა და ქცევის კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა როგორც ფართო საზოგადოება, ისე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები, მათ შორის ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პირები, გარე სივრცეში მომუშავე მოვაჭრეები და ჯანდაცვის პროფესიონალები.

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 87%-ს აღელვებს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პოტენციური რისკები, 80% კი მიიჩნევს, რომ ჰაერის დაბინძურებისაგან თავდაცვას შეუძლია შეამციროს სერიოზული დაავადებების განვითარების ალბათობა. კვლევის მიხედვით, მხოლოდ 30%-ზე ნაკლებმა დაიცვა თავი ჰაერის დაბინძურებისგან ბოლო 12 თვის განმავლობაში და ბევრს აშინებს, რომ თავის დაცვა სამუშაო ადგილის დაკარგვას ან სოციალური ვალდებულებების გამოტოვებას ნიშნავს.
„ყველაზე დაუცველები, ქუჩის მოვაჭრეები და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პირები, ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ, თუმცა ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ მოქმედება. მოსახლეობა მთავრობასა და დამსაქმებლებს აღიქვამს მთავარ პასუხისმგებელ პირებად ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და პრაქტიკული ადაპტაციის ხელშეწყობაში (მაგ. მოქნილი სამუშაო საათები მაღალი დაბინძურების დღეებში). უმეტესობა ფიქრობს, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძებნისას, ყველაზე სანდო წყარო მეცნიერები, ჯანდაცვის პროფესიონალები და ექიმები არიან”, — ნათქვამია კვლევაში.

ჰაერის დაბინძურება პრობლემა არა მხოლოდ საქართველოსთვის და მისი დედაქალაქისთვის არის აქტუალური, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ბევრ დიდ ქალაქში მის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯია გადადგმული. ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) თანახმად, ჰაერის დაბინძურება კვლავ რჩება ევროპის ყველაზე დიდ საფრთხედ ჯანმრთელობისთვის და ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპას აქვს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ქსელი მსოფლიოში. ყველაზე ნაკლები დაბინძურების მაჩვენებლით გამოირჩევა შვედეთის ორი ქალაქი, უფსალა და უმეო, მოწინავეთა რიგებშია ქალაქი ფარუ პორტუგალიაში, რეიკიავიკი ისლანდიაში და ოულუ ფინეთში. ამ ქალაქების ფონზე კი არის ისეთი ქალაქებიც, სადაც მაჩვენებელი კრიტიკულია. მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი ევროპული მწვანე შეთანხმების ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის წვრილი ნაწილაკებისგან დაბინძურების მაჩვენებლის 55 პროცენტით შემცირებას 2005 წელთან შედარებით. მიღებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების დირექტივები.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაერის ხარისხი? ეს კითხვა წესით არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ თუ მაინც ემპირიული კვლევაა საჭირო, ჯანდაცვის ინდიკატორებისა და შეფასების ინსტიტუტის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მოყვანაა შესაძლებელი. კვლევამ გამოავლინა, რომ ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია და მაღალი არტერიული წნევის, თამბაქოსა და არაჯანსაღი კვების შემდეგ მოდის. ამავე კვლევის მიხედვით, 2021 წელს ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 8.1 მილიონი სიკვდილი გამოიწვია. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი კი გარემოს PM2.5-ის და საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებით არის გამოწვეული.
1763916540
1763650357
1762535200
1764349088