1794413092
ავტორი
ბაკურ გაბუნია
რამდენად ახლოსაა სახლთან ყველაფერი, რაც ყოველდღიურად გჭირდება? შეგიძლია თუ არა ფეხით მიხვიდე აფთიაქში, სუპერმარკეტში, პარკში, სკოლაში ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე? Urban Media-მ, კომპანია „არსისთან“ კონსულტაციით, თბილისის ინტერაქტიული რუკა შექმნა, რომელიც საცხოვრებელ მისამართებს ყოველდღიური სერვისების ხელმისაწვდომობის მიხედვით 100-ქულიანი სისტემით აფასებს.
წარმოიდგინეთ ორი განსხვავებული ყოველდღიურობა. პირველ შემთხვევაში სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ მაღაზიაში, აფთიაქში, პარკში, სპორტდარბაზში ან თეატრში. მეორე შემთხვევაში კი იმავე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე მანქანის დაქოქვა, საცობში დგომა და პარკინგის ძებნა გიწევთ.
ორივე შემთხვევაში შესაძლოა, კომფორტულ ბინაში ცხოვრობდეთ, თუმცა ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის დახარჯული დრო და ენერგია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც თანამედროვე ურბანული დაგეგმარების კონცეფცია — 15-წუთიანი ქალაქი — ეხება.

რუკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი მისამართი და ნახოს, რა სერვისებია ხელმისაწვდომი ამ წერტილიდან ფეხით 15 წუთის სავალ მანძილზე. სისტემა ასევე აჩვენებს კონკრეტულ ობიექტებამდე მისვლის სავარაუდო დროს.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისას სისტემა მხოლოდ ობიექტებს შორის პირდაპირ მანძილს არ ითვლის. ის რეალურ საფეხმავლო ქსელს ეყრდნობა და მაქსიმალურად ითვალისწინებს თბილისის რელიეფსაც. შესაბამისად, რუკა აფასებს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად ახლოს მდებარეობს კონკრეტული სერვისი, არამედ იმასაც, რამდენი დრო სჭირდება მასთან რეალურად ფეხით მისვლას — მათ შორის, აღმართებისა და დაღმართების გათვალისწინებით.
ინტერაქტიული რუკა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის კომფორტის შეფასებით არ შემოიფარგლება. მისი გამოყენება შესაძლებელია იმის დასადგენადაც, თუ რა აკლია კონკრეტულ ტერიტორიას და სად არის ინფრასტრუქტურული დეფიციტი.
ეს მონაცემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული უბნის მცხოვრებლებისთვის, არამედ ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისთვისაც. რუკა ვიზუალურად აჩვენებს, რომელ ტერიტორიებზეა ყოველდღიური სერვისების ნაკლებობა და სად შეიძლება დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარება ყველაზე ეფექტიანი იყოს.